საუკეთესო ქართული ღვინო? − არ არსებობს საუკეთესო ღვინო! არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული დამოკიდებულება! „საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“, უპირველეს ყოვლისა, უძველესი ქართული ტრადიციისა და უახლესი გამოცდილების თანხვედრის საუკეთესო მაგალითია.
უკვე მრავალი წელია, კომპანია „მილდიანი“ თანამედროვე სტანდარტის მქონე, უმაღლესი ხარისხის ქართულ ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს და წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. სავაჭრო ნიშან „მილდიანის“ ქვეშ ერთიანდება მილდიანის საგვარეულო ღვინის დასახელებები და სხვა ალკოჰოლური სასმელები: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ქართული ბრენდი, ქართული ჭაჭა და ქართული ლიქიორული ღვინო. „საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც დღემდე იზრდება და ვითარდება. ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! Techno Book გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ერთ-ერთ ძმასთან − ლევან მილდიანთან.
ბატონო ლევან, გვიამბეთ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ. რამდენი ხანია, რაც Mildiani Family Winery ბაზარზე ოპერირებს?
Mildiani Family Winery-იმ 1991 წლიდან დაიწყო ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კომპანიის მხრიდან გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც წარმოების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას ეხება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ბაზარზე ოპერირება 1989 წლიდან დავიწყეთ.
ჩვენს წარმოებასა და კომპანიას ყოველდღიურად თითო აგურს ვუმატებდით, რამაც დღევანდელ შედეგამდე მოგვიყვანა, რითაც ძალიან ამაყები ვართ.
რომელი პრიორიტეტები გქონდათ დასახული თავდაპირველად?
ჩვენი თავდაპირველი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო ხარისხი, რათა საკუთარ თავთან არ ვყოფილიყავით წინააღმდეგობაში. ამ იდეამ და მიზანმა შემდგომში რასაკვირველია თავისი შედეგი გამოიღო.
ამის შემდგომი მიზანი კი ჩვენი წარმოების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა იყო და 1993 წლიდან დავიწყეთ მცირე მასშტაბით წარმოება. პროდუქციაც საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის გვქონდა, რადგან იმ ეტაპისთვის არ გაგვაჩნდა საკუთარი ვენახები. ამიტომ მოვიძიეთ ღვინო-მასალები, რასაც შემდგომში კერამიკულ ბოთლებში ვასხამდით. საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა ჩვენს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვიზუალმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ყოველივე ეს რეალიზაციასაც საგრძნობლად დაეტყო.
როგორია განვითარების შემდგომი ეტაპი?
როგორც მოგახსენეთ, ჩვენთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, რისთვისაც პროდუქციას ვქმნიდით არსებული საბჭოთა ღვინის ქარხნების მარნებიდან არჩეული ღვინით. ამის შემდეგ, იმისათვის, რომ ჩვენი მიზანი გაგვემართლებინა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ შეგვეძინა ვენახი, რათა საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა საკუთარი ღვინო.
შევიძინეთ ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი, რაც იმ დროისთვის დიდი სტიმული და სიახლე იყო, რათა ახალი შემართებით შევდგომოდით ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს. ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი ყურძნისა და ვენახის მართვა, რაც ჩვენთვის მისაღები და სასურველი ღვინის მიღებით დასრულდა. ფაქტობრივად, ეს იყო საამქროს მასშტაბის წარმოება, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში საკმაოდ სოლიდური მასშტაბის ფართით ჩავანაცვლეთ. მას შემდეგ დავიწყეთ ყოველდღიური ზრდა, რათა კიდევ უფრო მისაღები ყოფილიყო ჩვენი წარმოება მომხმარებლისთვის. შევიძინეთ თანამედროვე დანადგარები, მათი დამონტაჟება და პრაქტიკაში გამოცდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, უპირველესად, ჩვენთვის არის ჩვენი წარმოება მისაღები და ყოველთვის ვცდილობდით ვყოფილიყავით სტაბილურები ნებისმიერ ეტაპზე.
სად მდებარეობს Mildiani Family Winery-ის საწარმო?
საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში − წინანდალში მდებარეობს. სწორედ აქ წარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა მილდიანის“ 2002 წლის მოსავლის საფერავი პირველი ქართული ღვინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Vinalies Internationales ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია „მილდიანი“ მეღვინეობის სხვადასხვა ზონაში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.
სად არის წარმოდგენილი Mildiani Family Winery-ის ნაწარმი? სად შეგვიძლია შეძენა?
Mildiani Family Winery-ის პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში და სავაჭრო ობიექტებში. გარდა ამისა, ჩვენი ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია სხვადასხვა რესტორანსა და სასტუმროში.
როგორი წესითა და მეთოდით აწარმოებთ ღვინოს?
ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვევრით წარმოების საკითხი საკმაოდ გააქტიურდა. მოგეხსენებათ, ღვინო მრავალი განსხვავებული ვაზის ჯიშისგან მზადდება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით. შეუძლებელია ერთნაირი თვისებებისა და გემოს ღვინის პოვნა მაშინ, როცა ამდენი სახეობის ვაზი მოიპოვება. „ღვინის სამშობლო“ – ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე. მეცნიერთა მონაცემებით და მათი კვლევის ხარჯზე ნათლად იკვეთება, რომ ქართველების ვაზთან და ღვინოსთან დამოკიდებულება ძალიან ადრეული ეპოქებიდან ჩანს. ღვინის დაყენების ამ უძველეს კულტურას, რომელიც 8000 წლით თარიღდება, დღემდე ვიყენებთ. ფაქტმა, რომ ჩვენ ვართ მსოფლიო მეღვინეობის აკვანი, დიდი როლი ითამაშა და ცნობადობის კუთხით უდიდესი ბიძგი მოგვცა ქართველ მეწარმეებს. ფაქტობრივად, ეს არის მარკეტინგულად წინგადადგმული ნაბიჯი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფლობთ ქვევრის ღვინის საკმაოდ დიდ ასორტიმენტს. 2011 წლიდან მარაგებში გვაქვს გარკვეული რაოდენობა ხელით შექმნილი ღვინის დასახელებებისა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია, ამავდროულად უზომოდ შრომატევადია და დიდ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს.
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხიან და თანამედროვე სტანდარტის მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.