საქართველოს არაერთი კუთხე შემოიარა, არაერთი სოფელი, თუ ადამიანი გააცნო ფართო აუდიტორიას. ამბობს, რომ მისი გადაცემის -„ერთი დღე სოფელში“ – მისია, ახალი და საინეტერსო ადგილების მონახულება და საზოგადოებისთვის წარდგენაა. სხვანარად ეფერება სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებს, სხვანაირად უყვართ ისიც, „ჩვენი გოგო მოვიდა“ მიეგებებიან და გულში იკრავენ. ამბობს, რომ სიყვარული, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს, უდიდეს ძალას და ენერგიას აძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით აკეთოს საავტორო გადაცემა, რომელიც ათი წელია რეინტიგების სიაში ლიდერობას არ თმობს. OK! ბათუმის ფურცლებიდან კიდევ უფრო ახლოს გაეცანით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ ავტორსა და წამყვანს, ნათია თავდგირიძეს.
აქტიური ბავშვობა…
ბათუმში დავიბადე, თავდაპირველად 22-ე (ახლანდელ მე-8 საჯარო) სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან პოზიტიური, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მშობლები ძალიან მანებივრებდნენ, განსაკუთრებით მამაჩემი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, თავს არასდროს ვაძლევდი მოდუნების საშუალებას, ყოველთვის ბევრს ვშრომობდი საკუთარ თავზე, მუდმივად ორიენტირებული ვიყავი რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი ცოდნა მიმეღო. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტურებსა თუ კონკურსებში, ასევე პოეზიის საღამოებში ვმონაწილეობდი, რადგან ძალიან მიყვარდა პოეზია, ლექსების კითხვა, თავადაც ვწერდი ხოლმე ჩანახატებს. მართალია ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე ისტორია, ალბათ, ამან განაპირობა, რომ ისტორიული ტიპის გადაცემა გავაკეთე.
შეუცვლელი პოზიცია…
კარგად მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, როცა კლასის დამრიგებელმა ნინო გოგოლიშვილმა მკითხა, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ჟურნალისტი, წამყვანი. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი 11 წელი ისე დავასრულე, რომ არასდროს შემიცვლია პოზიცია. მამაჩემი მთხოვდა არ ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე, რადგან ის არ იყო ფინანსურად შემოსავლიანი პროფესია, მიუხედავად მამისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, მაინც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე, თვალებდახუჭული ხშირად წარმოვიდგენდი როგორ მიჭირავს მიკრფონი და როგორ ვყვები საინტერესო ამბებს. თვალები გავახილე… და ყველაფერი ზუსტად ისე გადმოვიტანე რეალობაში…
რა დამატებითი უნარ-ჩვევებია საჭირო ჟურნალისტიკაში ადამიანების ნდობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად?
ყოველთვის ვამბობ, გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ჟურნალისტი ხარ, აუცილებლად ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ, ჯერ კიდევ ბევრი მჭირდება პროფესიული ზრდისთვის, მაგრამ გულწრფელი ნამდვილად ვარ და მიყვარს ჩემი საქმე. შესაბამისად, ჩემს გადაცემას დღითი დღე უფრო ემატება მაყურებელი. როცა ჟურნალისტი ხარ, დაუღალავი და შეუპოვარი უნდა იყო. არ არის მარტივი ამ ტიპის გადაცემის კეთება. ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, ყველა ერთნაირი ხასიათის, შეხედულების არ არის და შენ ამ დროს ყველაფერს უნდა მოერგო, ოღონდ ძალიან პოზიტიურად და ღიმილით. თუ რამე წინააღმდეგობაა, ვცდილობ იმ ადამიანის ადგილზე დავაყენო თავი და იქიდან გამომდნარე გადავიღო. ალბათ, ესეც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩემი მაყურებლის ნდობა და სიყვარული მოვიპოვე.
შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ჟურნალისტი ხართ საქართველოში, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ქართულ სოფლებს, იქაურ ადათ-წესებს და იმ ადამიანებს, რომლებიც სოფელს ამაგრებენ. რა მოუტანა რეგიონს, და რა მოგიტანათ თქვენ ამ გადაცემამ?
ჩემი გადაცემა უკვე 10 წლისაა, ამდენივე წელია არ კარგავს პოპულარობას. რაც მთავარია, არ კარგავს ხალხის სიყვარულს, რაც მე მაძლებინებს და მაკეთებინებს ამ საქმეს დღემდე. რაც შეეხება, იმას თუ რა მოუტანა ამ გადაცემამ ჩვენს რეგიონს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც აჭარის სოფლები გააცნო მთელ საქართველოს. ვინც აჩვენა თუნდაც ტურიზმის დეპარტამენტს, ტურიზმის სფეროშო დასაქმებულ ადამიანებს, რომ ეთნო ტურიზმს ჩვენს კუთხეში დიდი პერსპექტივა ჰქონდა, რომ შეიძლება დარჩე სოფელში და ამით მიიღო როგორც სულიერი, ისე ფინანსური სარგებელი. სოფელში ცხოვრება სირცხვილი არ არის, იქ ყველაზე გულიანი და შრომისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. მათ, უბრალოდ, ჩვენი ყურადღება და დაფასება სჭირდებათ. ისინი ხომ ჩვენი წინაპრების ადათ-წესებს ინარჩუნებენ, არ კეტავენ მამაპაპისეულ სახლებს და გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიამაყოთ მათით. ჩემი გადაცემის შემდეგ, არაერთი ტელევიზია მიდის მათთან, თუმცა, მე სულ სხვანაირად მხვდებიან, არ ვტრაბახობ, მაგრამ სულ სხვანაირად ვყავარ მიღებული ჩემს მაყურებელს, ჩემს ადამიანებს. ნებისმიერი ოჯახის კარი რომ გავაღო, ისინი იტყვიან, რომ ჩვენი გოგო, ჩვენი ნათია მოვიდა და ეს მეამაყება. როცა გადაცემაზე ფიქრი დავიწყე, მინდოდა ყოფილიყო ისეთი, რომ მე, როგორც მაყურებელს მომწონებოდა.
ბათუმში დავიბადე, გავიზარდე, თქვენ წარმოიდგინეთ ხელვაჩაურს იქით გასულიც არ ვიყავი და მაინტერესებდა როგორი იყო სოფელი, როგორ ცხოვრობდნენ იქ. მინდოდა ეს ყველაფერი პოზიტიურად წარმომეჩინა, მეჩვენებინა როგორი ლაღები არიან, რამდენი საქმე აქვთ, მაგრამ მაინც როგორი შინაგანი თავისუფლებით გამოირჩევიან, რამდენს შრომობენ და მაინც აქეთ გვაძლევენ სტიმულს, არ ტოვებენ მათ ულამაზეს სახლსა და ეზოს. სოფელი არის ის ადგილი სადაც ადიხარ, შედიხარ ხის სახლში, (ვგიჟდები ხის სუნზე), შემდეგ გეგებება ბებო, რომელსაც დამჭკნარი ხელები აქვს, ლეჩაქი უკეთია და გეკითხება, ნენი როგორ ხარ, აქ თუ მოხვიდოდი რა მეგონაო და გეხუტება გულწრფელად, იმიტომ რომ, მას შენ უყვარხარ, ეკრანიდან უყვარხარ. მერე გადიხარ და ხედავ, რომ აქეთ ბაბუ ღობეს აკეთებს და ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ეზო-კარის სიძველე, იქით ბავშვები თამაშობენ, ოღონდ თამაშობენ არა ინტერნეტ თამაშებს, არამედ კიდევ რაღაც შემორჩენილ უძველეს ტრადიციულ თამაშებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფანდურზე უკრავს ვიღაც ბიძია, დეიდა, ბაბუა, რომელსაც დაკვრა კი არ უსწავლია, უბრალოდ, ლამის დაბადებიდან იცის. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან ძალიან მაღლა მიწევს ასვლა, ძალიან ცუდ გზებზე სიარული, იქ რომ ავდივარ, სულიერად ვისვენებ. იმიტომ, რომ ამ სილამაზეში შეუძლებელია ადამიანმა არ დაისვენო და არ იფიქრო მხოლოდ კარგზე. ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ ადამიანებს დავეხმარო, წარმოვაჩინო და მაქსიმალური გავაკეთო მათთვის. ჩემთვის სოფელში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ჩვენს ტრადიციებს ინარჩუნებენ, ძალიან ძვირფასები არიან.
ადამიანი, გადაცემა, რომელიც განსაკუთრებულად დარჩა თქვენს მეხსიერებაში, რომლის ცხოვრებაც შეცვალეთ…
ძალიან ბევრი სოფელი გადამიღია, იქ მცხოვრები ყველა საინტერესო ადამიანი მახსოვს, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ვინც ჩამიწერია. თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ბიჭი, რესან ჟოჟაძე, რომელიც სოფელ უჩხითში ცხოვრობს და ხის ხელნაკეთი ნივთების დამზადებით არის დაკავებული. პანდემიის დროს ვეღარ წავიდა თურქეთში სამუშაოდ, ბაბუის დაზგას დაუბრუნდა და ამ საქმიანობით ლუკმა-პურის გამომუშავება დაიწყო. როცა სოფელში ავედი და ვნახე, აღვფრთოვანდი, ძალიან მომინდა ამ თვითნასწავლი ოსტატის წარმოჩენა. გადავიღე, შემდეგ ჩვენი გადაცემის ფეისბუქ გვერდზე დავდე, რომელსაც 66 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და რომლებისგანაც გადაცემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიღო, ბევრი სიუჟეტი მომზადდა. მას უკავშირდებოდნენ არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებიც და მისგან ნივთებს იძენდნენ. ასევე, ამ ადამიანს დავეხმარე მონაწილეობა მიეღო „აწარმოე საქართველოში“, დავაკვალიანე და მან გაიმარჯვა. დღეს არის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი, რომელმაც არ დატოვა სოფელი, დაასაქმა ახალგაზრდები და ცდილობს, რომ უფრო მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს. მეამაყება, რომ ჩემი წვლილიც არის ამ ყველაფერში.
მიხარია, რომ ძალიან ბევრი ანსამბლი, რომლებსაც ფორმებიც კი არ ჰქონდათ, გადაცემის გასვლის შემდეგ, უფრო მეტად წარმოჩინდნენ, გავიდნენ კონკურსებზე, შეუკერეს ფორმები, ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებად და დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ბოლო პერიოდში კი დასამახსოვრებელი მოგზაურობა გამოგვივიდა ესპანეთში, სადაც ორი ძალიან ლამაზი ისტორიული სოფელი გადავიღეთ. ალბარასინი და კონსუეგრა ჩემს მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება. ამ სოფლებში ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ 21 საუკუნეშიც კი, შენობა ნაგებობები თავდაპირველი სახით იყო შენარჩუნებული და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ რამდენიმე დღეში ჩვენ დროში ვიმოგზაურეთ. მიმაჩნია, რომ ევროპული სოფლების გადაღება და მათი ცხოვრების წესის გაცნობა, ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და სამაგალითო იქნება.
მოგვიყევით ოჯახზე…
მყავს მეუღლე სულხან ლორთქიფანიძე და ორი შვილი – ანი და სანი. ანი 13 წლისაა, მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს, საკმაოდ კარგი მოსწავლეა, ძალიან ჭკვიანი გოგოა. ვფიქრობ, თავისუფალი და განათლებული ადამიანი გაიზრდება, რაშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება ალექსანდრეს, სანის, ერთი წლისაა, პოზიტიური და ლაღი ბავშვია. ჩემი შვილები ენერგიას, ძალას მაძლევენ, არ არიან წუწუნა ბავშვები, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შემიწყონ ხელი. ანი ცდილობს სანის გაზრდაში მიიღოს მონაწილეობა. ასევეა დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი მეუღლის მშობლები, ყველა აქტიურად მიჭერს მხარს. შვილებს დიდი ყურადღება სჭირდებათ, ვცდილობ დრო რაციონალურად გავანაწილო, მათთანაც ვიყო, მეგობრებთანაც და ოჯახშიც. რომ არა ჩემი მეუღლე, ალბათ, ამდენი რამის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი, ის არასდროს მზღუდავს და სჯერა ჩემი შესაძლებლობების.
წარატებული ქალის უკან აუცილებელია იდგეს ძლიერი ოჯახი, საყვარელი მამაკაცი?
ჩემი აზრით, პირველ რიგში, ქალი რომ გახდეს წარმატებული, უნდა იყოს ძალიან თავდაჯერებული, ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირებული, არასოდეს იფიქროს, რომ ვერ შეძლებს. თუ ქალს ნამდვილად სურს, იყოს წარმატებული, აუცილებლად მოახერხებს ამას. შეიძლება 24 საათი ვერ გაატაროს ოჯახში, მაგრამ ის დრო, რომელსაც გაატარებს, ნაყოფიერი იქნება. ოჯახური ტანდემი მნიშვნელოვანია, რადგან, როცა დაბრკოლება გაქვს ოჯახში, ძნელია გარეთ პოზიტიური იყო, ალბათ, ამას ვერ მოახერხებ. მე, ეს ყველაფერი მაქვს და, რაც მთავარია, გულწრფელი ვარ, ასეთი ვუყვარვარ ყველას. მიხარია, რომ ასეთი მიმიღო ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა, ჩემმა ადამიანებმა…
მუჰაჯირები…
გადაცემის ფარგლებში ვიყავი თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირებთან, ინეგოლში, სადაც 7-8 სოფელი გადავიღე. ასევე, ახლახან დავბრუნდი სინოპიდან, 10 საათი ვიარეთ მანქანით, იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ჩვენებურები გადაგვეღო. იქ, ქართული კამერა ჯერ არ ჩასულა და ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს… სინოპი, სამსუნის შემდეგ არის, ზღვისპირა ქალაქია, სადაც მაჭახელადან, ქობულეთიდან, ბორჩხიდან, შუახევიდან გადასახლებული ქართველები ცხოვრობენ. სწორედ ამ ადაიანებთან ერთად გადავიღე გადაცემა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ნახვა ექნება. ვფიქრობ, ჩვენი ახალი სეზონი მოლოდინს გადააჭარბებს.
სნუპ დოგი – კადრები, რომელსაც ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მნახველი ჰყავს…
ერთ დღეს ვიღვიძებ და ვხედავ, როგორ აფეთქდა „ფეისბუქი“ ვიდეო კადრებით, სადაც ანსამბლ „შუახევის“ ბაბუები და ქალბატონი თამარი ცეკვავს, რომელიც თურმე სნუპ დოგმა გააზიარა თავის ინსტაგრამ გვერდზე და თავისი მუსიკა დაადო. ჩემი გადაცემიდან ამოღებულ ფრაგმენტს 14 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც მართლაც საამაყოა. სნუპ დოგს ჯერ არც ერთი ქართული ამბავი არ გაუზიარებია, მხოლოდ ეს გააზიარა. 14 მილიონი ნახვა არ არის ცოტა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი ვარ, ვის პროდუქტსაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს. ამ დღის შემდეგ მთელი ამბავი ატყდა, ყოველ დღე სხვადასხვა ტელევიზია სტურობდა ჩემს საყვარელ ადამიანებს შუახევში. ერთადერთი, რაზეც ძალიან დამწყდა გული, ჟურნალისტებმა, ჩემმა კოლეგებმა, არ გამოიჩინეს კოლეგიალობა, მხოლოდ „დროებამ“ აღნიშნა, რომ გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ იყო პირველი, ვინც ეს საყვარელი მოცვეკვავეები გააცნო საქართველოს, მათ ძალიან თბილი სიუჯეტი მოამზადეს ჩვენს შესახებ სოფელ ფურტიოში, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი თარგამაძესა და სესილი ბოჭოიძეს…
ერთი დღით გიდი რომ იყოთ, აჭარაში რას აჩვენებდით დამთვალიერებლებს…
გიდი უკვე ვარ, შარშან ავიღე სერტიფიკატი და ვაპირებ ჩემი ინდივიდუალური საავტორო ტურები გავაკეთო. თუმცა, არ მინდა, რომ ეს იყოს შაბლონური ტური. მე რომ გიდი ვიყო, აუცილებლად წავიყვანდი სტუმრებს დოლოგანში, ძალიან მომწონს ეს სოფელი, ჩემი მეუღლის სოფელია ქედაში, სადაც ძალიან გვინდა გვქონდეს სახლი, ალბათ, ჩვენს სიბერესაც სიამოვნებით გავატარებდით იქ. ჩემი მარშრუტის მხლებლებს აუცილებლად ვაჩვენებდი აღნიშნულ სოფელში მდებარე ლაზური ტიპის სახლს, სადაც დღემდე ცხოვრობენ ადამიანები. აჭარის წყლის შესართავთან ბადის ქსოვას ვაჩვენებდი, ასევე, ვაჩვენებდი მეძიბნის ჩანჩქერს ქედაში და წავიყვანდი ნაკონაღვარის მთაზე, სადაც მერისიდან და ქედის სხვა სოფლებიდან, მოიალაღეები რძის პროდუქტების მოსამზადებლად დადიან. ვაჩვენებდი მოიალაღეების ცხოვრებას, იმას, როგორია მემთეური ქალბატონების ყოფა. მე რომ გიდი ვიყო, ტურისტებს აუცილებლად წავიყვანდი ჭვანის ხეობაში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხეობა აჭარის საგანძურია. ასევე, წავიყვანდი ოთოლთას ციხეზე, ჩემი გადაცემის თითქმის ყველა პრომო ამ ადგილიდან მაქვს გადაღებული, იმდენად კარგად მოსჩანს პეიზაჟები. გადავინაცვლებდი ხულოში და აუცილებლად ვაჩვენებდი თაგოს, ულამაზესი სოფელია. ხულოში, ასევე ვაჩვენებდი სოფელ ბეღლეთს, სადაც იყო ულამაზესი და უძველესი მეჩეთი, გავაცნობდი იქაურთა ტრადიციულ ხელსაქმეს. ღორჯომშიც წავიყვანდი, რადგან იქ სულ სხვა აჭარაა. მინდა, რომ ჩვენი კუთხის სტუმარმა ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი ერთნაირად შეიგრძნოს და, ამავდროულად, დაინახოს განსხვავება. ტურისტებს აუცილებლად დავათვალიერებინებდი ყველა იმ ადგილებს სადაც დღემდე შემორჩენილია ძველი კერძი, ფოლკლორი, ხელსაქმე, ცხოვრების წესი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა გავაკეთებ ჩემს საავტორო ტურს, ვისურვებდი, არა მხოლოდ უცხოელები იყვენ ჩემი მეგზურები, არამედ ქართველებსაც გავაცნო ეს ულამაზესი კუთხე.
კერძი, რომელიც აჭარაში აუცილებლად უნდა გასინჯო…
ქედაში აუცილებლად უნდა გასინჯო ყათმერი, ყაისაფა კი ხულოში, შუახევში სინორი, იმიტომ რომ, შუახევის სინორი რაღაცა სულ სხვანაირი გემოთი გამოირჩევა. ხელვაჩაურში აჭარული ბაქლავა, რაც შეეხება ქობულეთს, მაჯუნი, რომელიც მწარესა და ტკბილის სინთეზია.
ქალაქი, რომელიც გიყვართ და უყვარხართ, ქალაქი, რომელშიც თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ…
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დღემდე ევროპის ბევრ ლამაზ, ცნობილ ქალაქებს ვსტუმრობდი და რამდენიმე კვირა ბევრისთვის საოცნებო ქალაქში, ლონდონში ვცხოვრობდი, ჩემთვის ბათუმი მაინც ნომერ პირველი ქალაქია. მიყვარს მზეც, წვიმაც, ზღვაც, მთაც… ეს ის ქალაქია, სადაც ფეხით შემიძლია ნებისმიერი ქუჩა, სკვერი, ადგილი შემოვიარო, არ ვიჩქარო, რადგან ვიცი, რომ ყველგან, ყველა ქუჩის ბოლოს ჩემი ახლობელი, მეგობარი, ნათესავი და უბრალოდ, საყვარელი ადამიანი შემხვდება. ეს ის ადგილია, სადაც ავიდგი ფეხი, სადაც განვვითარდი, ვსწავლობდი, ვსწავლობ, ვმუშაობ. მე, არა მხოლოდ სოფლებში, ბათუმშიც ძალიან ბევრი მაყურებელი მყავს და ვამაყობ ამით. მიხარია, ბულვარში რომ გავივლი და მოხუცები გამომეცნაურებიან, მეუბნებიან, შვილო გიყურებთო, ასევე ბავშვები, რომ მცნობენ და მიღიმიან ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ამ ქალაქზე ძვირფასი და ლამაზი არც ერთი ქალაქი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება სხვა ქვეყანაში წავიდე ცოტა ხნით, იქაც გამოვცადო საკუთარი ძალები, მიმაჩნია, რომ ბათუმი ყოველთვის დარჩება იმ ქალაქად, სადაც ცხოვრება ყველაზე მეტად მინდა და მიხარია. უფრო მეტი შესაძლებლობა და პერსპექტივა რომ იყოს ამ ქალაქში, თუნდაც მუშაობის, განვითარების და შენი საყვარელი საქმის კეთების, მიმაჩნია, რომ ბევრი ახალგაზრდა დაიმკვიდრებს აქ ადგილს და აღარ წავა სხვაგან. ეს ქალაქი არ უნდა კარგავდეს ნიჭიერ და ახალგაზრდა ადამიანებს, არ უნდა ხდებოდეს ინტელექტის ამ დოზით გადინება.
ჩაცმის სტილი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს…
გადაცემიდან გამომდინარე, მაქსიმალურად კომფორტულად ვიცვამ, სპორტულად. არასდროს ვცდილობ ისე ჩავიცვა, რომ მაყურებლის ყურადღება მივიქციო, რადგან მიმაჩნია, გადაცემაში ყურადღება მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანებს უნდა დაეთმოს. ზოგადად კი, ჩემი ჩაცმის სტილი საკმაოდ თანამედროვეა, ძალიან მიყვარს სპორტულ-კლასიკური სტილის ტარება, გააჩნია სად მივდივარ. ძალიან მიყვარს ფერები და სულ მეხუმრებიან, როგორ შეგიძლია ხუთი ფერი ერთად ჩაიცვა და მოგიხდესო. ვფიქრობ, რომ ჩაცმას სჭირდება მოხდენა, ხასიათიდანაც უნდა მოდიოდეს. ჩემს გარდერობში არ მოიძებნება შავი ფერი, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად ხასხასა, ლაღი, ლამაზი და ფერადი ფერებით შევიმოსო. განსაკუთრებით მიყვარს ჩანთები, ასევე ცილინდრები და ქუდები. მწვანე ფერი მიყვარს ძალიან, რომელიც ჩემთვის სიცოცხლესთან, გაღვიძებასთან, გაზაფხულის დადგომასთან და კარგ ამინდთან ასოცირდება. ყოველ წელს სხვადასხვა ფერი მაქვს ამოჩემებული, შეიძლება მომავალ წელს სულ სხვა ფერი მომწონდეს. ასევე, ძალიან მიყვარს წითელი, რომელიც ყოველთვის მოდურია და ვფიქრობ, ძალიან მიხდება.
როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს…
ნათია თავდგირიძე არის ლაღი, პოზიტიური, მიზანდასახული და ძალიან შრომისმოყვარე გოგო, რომელიც ყოველთვის არის ორიენტირებული განვითარდეს, გააკეთოს მაქსიმალურად კარგი საქმეები, რომლებიც, პირველ რიგში, სხვისთვის იქნება სასიკეთო. გადაცემაც „ერთი დღე სოფელში“ იმიტომ მაქვს ამდენი წელია, რომ ამით ვეხმარები ადამიანებს. ეს არის ერთადერთი პროექტი მთელ საქართველოში, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო და რომელიც ასე სიღრმისეულად წარმოაჩენს სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფიერებას. ეს არის სიკეთე და მე ვემსახურები მას, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა ამის კეთების საშუალება. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები სამართლიანი, შრომისმოყვარე და, რაც მთავარია, განათლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული. ვაპირებ დოქტორანტურაზე ჩავაბარო, ავირჩიო ტურიზმის მიმართულება, ჩემი ნამუშევარი ერთ წიგნში მოვაქციო და გამოვცე. მინდა ისეთი წიგნი გამოვცე, ბავშვებისთვის და შუახნის ადამინებისთვისაც ერთნაირად საინტერესო და გასაგები რომ იყოს. ასევე, მქონდეს ჩემი სახლი სოფელში, სადაც დავპატიჟებ სტუმრებს, ვიქნები გიდი და როგორც აღვნიშნე, არა მარტო უცხოელებს, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ვუმასპინძლო და გავაცნო სულ სხვანაირი აჭარა. ყველამ ჩვენი საქმე სიყვარულით უნდა ვაკეთოთ და მაშინ, სიყვარულიც გვექნება, რეიტინგებიც და ადამიანების ნდობაც.
ტექსტი: ნანა აბულაძე