გასული საუკუნის 90-იანების საქართველო, ჩაბნელებული თბილისი და 6 წლის გოგონას ანთებული გული… სანთლით განათებულ ოთახში, ფორტეპიანოსთან პატარა ლიკა ზის და უკრავს. ამ დროს, ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ გავა წლები და ბევრისთვის საოცნებო ქალაქში, ნიუ-იორკში, განათებულ საკონცერტო დარბაზებში დაუკრავს და თავის მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ის ერთი პატარა ქვეყნიდანაა, რომელმაც მას ყველაზე დიდი რამ მისცა − მუსიკის სიყვარული და მიზანი. მიზნებსა და ოცნებებს დიდი შრომის შედეგად ისრულებს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ძალიან ნიჭიერ, უშუალო და საინტერესო პიანისტს − Liana Pailodze Harron-ს, რომელიც უკვე წლებია ცხოვრობს ნიუ-იორკში. მისი კარიერაც სწორედ ამ ქალაქის ტემპის ფონზე ვითარდება.
უპირველესად, მინდა ჟურნალ OK!-ის მკითხველმა კარგად გაგიცნოთ.
უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. მიხარია, რომ OK!-ის ქართული ვერსია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მე ვარ ლიანა ფაილოძე Harron. 21 წლის წინ გავემგზავრე მაიამიში სასწავლებლად. დავამთავრე მაიამის უნივერსიტეტი, საფორტეპიანოს განხრით, მაქვს დოქტორის წოდება. შევისწავლე არა მხოლოდ კლასიკური მუსიკა, არამედ სხვა ჟანრებიც. 2013 წლიდან კი საცხოვრებლად გადავედი ნიუ-იორკში, რადგან ჩემი კარიერისთვის და მეტი განვითარებისთვის უკეთესი გახლდათ. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ ნიუ-იორკში ბევრი ქართველია და მინდოდა ქართველ მსმენელსაც გავეცანი.
შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორიცაა Texas A&M University-Chorpus Christi, TX Oklahoma University, OK Slippery Rock University, PA Berry Collage და ა.შ.
ამჟამად რამდენად დატვირთულია თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება? როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ძალიან, ძალიან, ძალიან დატვირთულია. ნიუ-იორკს ისეთი ენერგია აქვს, შეუძლებელია ტემპი დააგდო. მაქვს დაგეგმილი კონცერტები არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მაიამიში, ტეხასში, ალაბამაში, ლას-ვეგასში და სხვ. ასევე, პარალელურად ვასწავლი მანჰეტენზე მუსიკალურ სკოლაში და ამ ყველაფერთან ერთად, ვარ დედა. ეს უკანასკნელი უმთავრესი პროფესიაა ჩემთვის. ვცდილობ ბალანსი დავიჭირო კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის, რაშიც მეხმარება ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, გაწერა. სხვანაირად არ გამოვა. სწორედ ამიტომ ვახერხებ ვიყო შემდგარი ჩემს პროფესიაში და ასევე, ყურადღება არ მოვაკლო ჩემს შვილს. რა თქმა უნდა, ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაცაა. როდესაც დედა გავხდი, ეს უფრო დამეხმარა კარიერის თვალსაზრისითაც, რადგან მეტად თავდაჯერებული და მონდომებული გავხდი. ქალს შეუძლია ორივეს შეთავსება − როგორც კარიერის, ისე დედობის, მთავარია დაღლილობას არ მიაქციო ყურადღება, ტემპი არ უნდა დააგდო, თორემ თუ გაჩერდი, მართლა იგრძნობ დაღლას.
როგორია ლიკა, როგორც დედა? და როგორია ლიანა, როგორც პიანისტი?
ვარ მეგობრული და გამგები დედა, თუმცა მკაცრიც. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა იცოდეს ქართული ენა და გაიზარდოს საქართველოშიც. ახლა, როცა ინტერვიუს ვწერთ, ჩემი შვილი თამაშობს, აქ, მანგლისში, ტყეში, ბავშვებთან ერთად… ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში.
რაც შეეხება მუსიკოსს, მინდა აღვნიშნო, რომ ვარ მუსიკოსი, რომელიც საქმიანობს ყველა ჟანრში. მინდა ამ თავისუფლების შეგრძნება და არ მსურს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჟანრთან ვასოცირდებოდე.
როგორ არჩევთ რეპერტუარს? და რის თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით?
თუ რეპერტუარს ვარჩევ კონცერტისთვის, მაშინ მნიშვნელოვანია მსმენელი − ვცდილობ გავითვალისწინო მათი გემოვნება და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვასრულებ ერთ ქართულ კომპოზიციას მაინც. ასევე, მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა საქართველოზე, რათა ვიღაცამ არ თქვას, საქართველო რუსეთიაო…
როცა ალბომზე ვმუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ ის არ ჰგავდეს წინას. მაგალითად, „კოვიდის“ დროს გამოვუშვი ალბომი Light-Year, სადაც შესულია კინომუსიკა. ამ ალბომით მოვყევი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მაშინ ვიყავი. ვცდილობ ჩემი შინაგანი მდგომარეობა გადმოვცე საკუთარი ალბომით.
რომელ ქართულ ნაწარმოებს ასრულებთ ყველაზე ხშირად?
ყველაზე მეტად მიყვარს მერი დავითაშვილის ნაწარმოების შესრულება, რადგან მახსენებს ბავშვობას. ვიცნობდი მას და ბებიასავით მიყვარდა. რა თქმა უნდა, რევაზ ლაღიძისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების გარეშე წარმოუდგენელია ჩემი რეპერტუარი.
გვესაუბრეთ Vesna Duo-ზე. „გრემიზე“ უნდა მოხდეს თუ არა თქვენი დებიუტი? იგეგმება თუ არა მისი პრემიერა საქართველოშიც?
პანდემიის პერიოდში დავუკავშირდი ძალიან ნიჭიერ სერბ მუსიკოსს, პერკუსიონისტ ქსენია კომლიენოვიჩს და შევთავაზეთ ერთობლივად შეგვექმნა რაიმე საინტერესო და ცოტა გიჟურიც. ასე გადავწყვიტეთ სტრავინსკის ბალეტის „კურთხეული გაზაფხული“ გადაკეთება. ასე დაიწყო ყველაფერი, ხოლო შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩვენით და ახლა უკვე ჩვენი დუეტი გახდა ბრენდი. სწორედ ჩვენი ალბომის დებიუტი შედგება Grammy-ზე. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოჰყვება ბევრი კონცერტი და ფესტივალი, უფრო მეტად გაიხსნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კარი ჩვენთვის. ჩემი და ქსენიას უმთავრესი მიზანი კი არის ის, რომ საკუთარი ქვეყნები გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ამჟამად ვმუშაობთ ახალ ალბომზე, სადაც შესული იქნება ქართულ-სერბული კომპოზიციები. მე უნდა გავუკეთო არანჟირება ქართულ ნაწარმოებებს.
Aerosmith-ის ამბები მოგვიყევით: ვინ დაგიკავშირდათ, როგორი იყო მუშაობის პროცესი სტივ ტაილერთან?
სტივ ტაილერი ემზადებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საღამოსთვის, სადაც მისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ. როდესაც გავიცანი, აქცენტის გამო მკითხა, საიდან ვიყავი. როცა ვუპასუხე, რომ ვარ Georgia-დან, გაეცინა, რადგან შტატ Georgia-ში ცოტა სასაცილო აქცენტი აქვთ. მე ავუხსენი, რომელი Georgia-დან ვიყავი, შემდეგ ჩემი პროფესიის შესახებ შეიტყო და მკითხა: „ორ სიმღერას ვუკრავ. შეგიძლია ერთ-ერთი შენ დაუკრა?“
შემიძლია კი არა, სიხარულისგან ლამის ავხტი, მაგრამ ძალიან მშვიდად ვუპასუხე: „რა თქმა უნდა, შემიძლია, მისტერ ტაილერ“.
მაშინვე Google-ში მოვიძიე მუსიკის აკორდები, რომ დამეკრა. ასე წარმატებით ჩაიარა ამ რეპეტიციამ და შემდეგ უკვე დაგეგმილმა დაჯილდოებამაც. ძალიან უშუალო ადამიანია, უყვარს მხოლოდ თეთრ პიანინოზე დაკვრა და მიკროფონზე თავისი ყელსახვევების მიბმა. მეც, რა თქმა უნდა, მოვემზადე ამ საღამოსთვის. ხვეული თმა მაქვს, მაგრამ დავისწორე. კულისებში სანამ გავიდოდით, მოვიდა და მითხრა, ახლა თმა უნდა გაგისწოროო, ამის მაგივრად კი თმა ამიჩეჩა, ამირია და მითხრა, აი, ახლა როკ ენ როლი ხარო.
გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა…
თბილისში გავიზარდე, დავამთავრე მუსიკალური ათწლედი, სადაც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო მარინა გელაშვილი. მან შემაყვარა ჩემი მომავალი პროფესია, თუმცა დედა მეუბნება, რომ ჩემი სიყვარული მუსიკის მიმართ 4 წლიდან იწყება. როგორც ბევრი ქართული ოჯახისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენს სახლშიც მუდამ მუსიკა ჟღერდა. ახლაც ტკბილად მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ჩაბნელებულ თბილისში, სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი და ვუკრავდი ფორტეპიანოზე.
თქვენი მამა ჯაზ-დრამერია. რა როლი შეასრულა მან თქვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში?
მე მყავს მართლაც უმაგრესი მამა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ცხოვრება იყო მაშინ, მას მაინც რჩებოდა დრო მუსიკისთვის და მასმენინებდა The Beatles-ს, CHUCK BERRY-ს, ტინა ტერნერს და, რა თქმა უნდა, ქართულ მუსიკასაც. მამას ძალიან უყვარს ყველა ჟანრი. მინდა აღვნიშნო, რომ მას არასოდეს უთქვამს, ეს დაუკარი ან ეს არ დაუკრაო, სრული თავისუფლება მქონდა, მე თვითონ ვარჩევდი, რა უნდა დამეკრა და რა არა. ასევე, არ ჩარეულა ჩემი პროფესიის არჩევანში. მას მიაჩნია, რომ თავისუფალი უნდა იყო საკუთარ არჩევანში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?
რაც შეიძლება მეტი კონცერტი გავმართო და ჩემი ქვეყანა გავაცნო ყველას საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, რომ საქართველოშიც ჩავატარო კონცერტი. ვნახოთ, რა იქნება.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენც. დიდი მადლობა!
ტექსტი: სოფიო მალანია