ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ აღინიშნებოდა ახალი წელი ძველად, საქართველოში, რომელ რეგიონში რა ტრადიცია იყო გავრცელებული და რომელმა მათგანმა მოაღწია დღემდე.
„თბილისის მუზეუმების გაერთანების“ გენერალურ დირექტორს, ხელოვნებათმცოდნე ნინი სანადირაძეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ვეწვიეთ. ჩვენმა ძალიან საინტერესო რესპონდენტმა ქვეყნის ეთნოკულტურის ისტორიის ჯადოსნური გუდა გახსნა და ახალ წელთან ქართველების შეხვედრის უძველესი ქართული ტრადიციები ამოალაგა. გთავაზობთ ნინისთან ინტერვიუს.
ნინი, გთხოვთ, მოგვიყევით, რა ტრადიციებით აღინიშნებოდა ახალი წლის დღესასწაული საქართველოში რეგიონების მიხედვით?
რეგიონებში, სადაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ყველაზე კარგად არის შემონახული, არსებობს დღესასწაულების აღნიშვნის როგორც ოჯახური, ასევე თემური ტრადიციები. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი საახალწლო ტრადიციაა „ბედისკვერა“ ანუ „ბასილას კვერი“. ეს არის რიტუალური პური, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საახალწლო დღესასწაულზე.
ახალი წლის აღნიშვნის წესებში მეკვლეობა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია იყო. მეკვლე წარმართული კულტურის ნაწილია. მეკვლეობისთვის ყოველთვის ირჩევდნენ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული იყო თავისი რეპუტაციით, სხვადასხვა უნარით, მთაში, მაგ. მკურნალი, წინასწარმეტყველი, ეს ადამიანი გამორჩეული უნდა ყოფილიყო გმირობით, გარეგნობით, ცხოვრების წესით. მოკლედ, მეკვლე აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ნიშნით შერჩეული ადამიანი. მეკვლის პირველი ნაბიჯი სახლში, პირველი სიტყვა და დალოცვა წლის წარმატებას განსაზღვრავდა. სწორედ ამიტომ მის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა და ხშირად ერთი და იგივე ადამიანი წლების განმავლობაში ასრულებდა ამ საპატიო მოვალეობას.
როგორ განსხვავდება ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია განსხვავებულია საქართველოს კუთხეების მიხედვით. ეს განსხვავებები არა მხოლოდ რიტუალებში, არამედ დროშიც ვლინდებოდა – ზოგიერთ რეგიონში ახალი წელი გაზაფხულზე აღინიშნებოდა, ზოგან კი შემოდგომაზე. თითოეულ კუთხეს თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები და რიტუალები ჰქონდა, რომლებიც ხშირად ადგილობრივ გეოგრაფიულ და კულტურულ თავისებურებებს ასახავდა.
სამეგრელო
სამეგრელოში ახალი წლის შეხვედრას „კალანდას“ უწოდებდნენ. განსაკუთრებით საინტერესო იყო „ოჭკადირიშის“ ანუ სამლოცველო პურების ცხობის ტრადიცია. ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი იყო „ოხვამერი“ – საახალწლო ლოცვა-რიტუალი, რომელსაც ოჯახის უფროსი მამაკაცი ასრულებდა. ის ანთებული სანთლით და ღვინით მარანში ან საგანგებოდ გამზადებულ სუფრასთან ლოცავდა ოჯახს, ითხოვდა წინაპართა მფარველობას, ოჯახის კეთილდღეობას, კარგ მოსავალს და საქონლის გამრავლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „ბედის პურის“ ტრადიციას. ეს იყო სპეციალური რიტუალური პური, რომელშიც დიასახლისი აცხობდა სხვადასხვა სიმბოლოს – მონეტას (სიმდიდრის ნიშანი), მარცვალს (მოსავლიანობის სიმბოლო), ხის ნაჭერს (ახალი საქმის დაწყების ნიშანი). ახალი წლის ღამეს პურს ჭრიდნენ და ვის ნაჭერშიც რომელი სიმბოლო აღმოჩნდებოდა, იმის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ მომავალ წელს მის ბედ-იღბალს.
რაჭა
რაჭაში ჯერ კიდევ შემორჩენილია აბრაამის პურის ცხობის ტრადიცია. რაჭული ტრადიციის მიხედვით, ალიონზე ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა, სახლს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით სამჯერ შემოუვლიდა, დაილოცებოდა, შემოვიდოდა, სანთლებს დაანთებდა და დაჭრიდა აბრაამის პურს სამ ნაწილად. ერთი ნაწილი ურიგდებოდა ოჯახის ყველა წევრს, მეორე სიმბოლურად გადაიდებოდა მიცვალებულებისთვის. ერთხანს ინახებოდა, შემდეგ იფქვებოდა და ჰაერში იბნეოდა. პურის მესამე ნაწილი კი ყველა იმ სულიერ არსებას ეკუთვნოდა, ვინც ოჯახში ბინადრობდა: ცხოველებს, ფრინველებს. ეს რიტუალი სიმბოლურად აერთიანებდა წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ადამიანებსა და ბუნებას.
გურია
გურიაში მეკვლეობის საინტერესო ტრადიცია იყო – ჭინკობა. რა თქმა უნდა, წინასწარ საგულდაგულოდ შერჩეული და შეპირებული მეკვლე მოვიდოდა ოჯახთან ალიონზე, თან მოიყოლებდა ჭინკის ფოტს – შეშის ნაჭერს. შევიდოდა სახლში, მიულოცავდა ოჯახს ახალ წელს, ტკბილეულს მიმოფანტავდა და შეშის ნაჭერს ბუხართან, კერიასთან ახლოს დადებდა, დასალოც ტექსტს იტყოდა, რის შემდეგაც შეშის ნაჭერს გახურებულ ცეცხლში შეაგდებდა. ეს იყო ერთგვარი რიტუალი, რომელიც გულისხმობდა ოჯახის გაწმენდას ყოველგვარი უარყოფითი ენერგიისგან, ბოროტისგან, დარდისა და მოსალოდნელი საფრთხისგან. ეს შეშა აუცილებლად ტყეში მოპოვებული უნდა ყოფილიყო, რომელიც არცერთი სახლის ჭერქვეშ არ იქნებოდა შეტანილი. ის იყო კონკრეტულად იმ ოჯახისთვის განკუთვნილი საახალწლო სიმბოლო. გურული მეკვლე განსაკუთრებული სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდა და მის დალოცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
სვანეთი
სრულიად გამორჩეულია სვანური ახალი წელი. იქ დღესასწაული ერთნაირად აღინიშნება, როგორც მიღმიერი, ისე სააქაო სამყაროსთვის. იქ წასული ადამიანი, გარდაცვლილი, თვალს მიფარებულია. მათთვის ცალკე იშლება სუფრა და ეს ტრადიცია დღემდე არსებობს. სვანური საახალწლო სუფრა განსაკუთრებული რიტუალით იშლებოდა და მასზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სვანური კერძები – კუბდარი, ტასკბილი და სვანური მარილით შეკაზმული ხორცეული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა „ლიმზირის“ რიტუალს – სალოცავ კერასთან ოჯახის უფროსი მამაკაცის მიერ აღვლენილ ლოცვას.
იმერეთი
იმერეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საახალწლო სუფრის გაწყობას. აქ აუცილებელი იყო ღორის თავის მომზადება, რომელსაც პირში წითელი ვაშლი ედო. ეს დოვლათისა და ბარაქის სიმბოლო იყო. ასევე მზადდებოდა საახალწლო გოზინაყი, რომლითაც სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ.
ნაძვის ხე როდიდან გახდა საახალწლო სიმბოლო? რა ხდებოდა ნაძვის ხემდე?
საახალწლო ნაძვის ხის ისტორია საუკუნეების განმავლობაში განვითარდა და მრავალ კულტურულ და რელიგიურ ფენომენს უკავშირდება. ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული სიმბოლოს, გამოყენება XVI საუკუნის გერმანიიდან იღებს სათავეს. ლეგენდის მიხედვით, პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი პირველი იყო, ვინც ნაძვის ხე სანთლებით მორთო, რათა ვარსკვლავებით მოჭედილი ზამთრის ცა ოჯახისთვის გაეზიარებინა. ნაძვის ხე აქედან თანდათანობით გახდა ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი, რაც ქრისტეს ნათელსა და მარადიულ სიცოცხლეს აღნიშნავდა.
ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი საჯარო ნაძვის ხე 1510 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში დადგეს. მორთვის ტრადიცია თავდაპირველად ვაშლებს, კაკალსა და ტკბილეულს მოიცავდა, ხოლო მოგვიანებით მინის სათამაშოები და ელექტროგირლანდები დაემატა.
საქართველოში ნაძვის ხის ტრადიცია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპული ზეგავლენით შემოვიდა, მანამდე ახალ წელს „ჩიჩილაკით“ აღნიშნავდნენ, რომელიც სიცოცხლის ხის სიმბოლო იყო. თანამედროვე საქართველოში ნაძვის ხე საახალწლო სიხარულისა და გაერთიანების უნივერსალურ სიმბოლოდ იქცა. დღეს ნაძვის ხე არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ კულტურულ და ოჯახურ დღესასწაულს ასახავს, რაც იმედს, ბედნიერებას და ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.
ნაძვის ხეებამდე დასავლეთ საქართველოში ჩიჩილაკი გვქონდა მთავარ საახალწლო მოსართავად. ჩიჩილაკის შექმნა და მორთვა იყო მთელი რიტუალი – ის მზადდებოდა სიმღერით, ლოცვით, განსაკუთრებული განწყობით და დადებითი ფიქრებით. ჩიჩილაკის თეთრი ბურბუშელები სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერს განასახიერებდა, ხოლო მისი აბურძგნილი ფორმა სიცოცხლის ხის სიმბოლო იყო.
შავიზღვისპირა რეგიონებში განსაკუთრებით საინტერესო იყო მორთულობის ტრადიცია – აქ ხშირად ნიჟარებს იყენებდნენ ჩიჩილაკის ან სხვა ნებისმიერი სარიტუალო ხის მოსართავად. ზღვის პირას მცხოვრებლები განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ ყველაზე ლამაზ ბუნებრივ მონაპოვარს, რომელსაც შემდეგ საახალწლო ხეზე კიდებდნენ.
როგორი იყო აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციები?
საახალწლო მორთულობის მხრივ, აქ ჩიჩილაკის ნაცვლად ვაზის ლამაზი ტოტები და ტირიფის რტოები გამოიყენებოდა, რომლებსაც სხვადასხვა ბუნებრივი მასალით რთავდნენ. ეს არჩევანი განპირობებული იყო ადგილობრივი ლანდშაფტით – აღმოსავლეთში თხილის ხე, რომლისგანაც ჩიჩილაკი მზადდებოდა, იშვიათად გვხვდებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოში საახალწლო დღესასწაულს ხშირად ახლდა საერთო სახალხო ზეიმი, სადაც მთელი თემი იკრიბებოდა და ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას.
ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახლში ვიმყოფებით და მოდი, დასასრულისკენ მასზე გკითხავთ. როგორც ცოტა ხნის წინ გავიგე, ილია ყოფილა ის ადამიანი, ვინც დანერგა საჯაროდ საზოგადოებისთვის ახალი წლის მილოცვის ტრადიცია. ასეა?
ილია ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პიონერი. ის იყო არა მხოლოდ საახალწლო, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულის შემოღების ინიციატორი. მაგალითად, ფომინობის დღესასწაულის. ეს იყო აღდგომის წინა შაბათი, როცა ქალთა ხელნაკეთი ნივთები გამოიფინებოდა და რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ, მამაკაცები შინ რჩებოდნენ. ასეთივე იყო მისი მისალოცი ტექსტები. ეს არ იყო მხოლოდ ერისთვის მილოცვა, ილიას მილოცვები იყო წლის პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეჯამება, სიმართლის მახვილად გამოტანა, წლის ანალიზი, მიღწევებში ადამიანების როლი და პოზიტიური სურვილები, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდებოდა. ასეთია, მაგალითად, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილიას 1889 წლის წერილი – „საახალწლოდ“, „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. 1883 წელს დროებაში წარმოდგენილი მისეული საახალწლო მილოცვა და სხვა მრავალი, რომელსაც წლები კითხულობდა საქართველო გაზეთის ფურცლებიდან. დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას ამ წერილებში გადმოცემული ილიასეული ხედვა, მომავლის იმედი, დამოუკიდებლობადაკარგული ერისთვის რომ იყო საჭირო და რომელიც ახალ წელს უნდა მოეტანა ქვეყნისთვის.
ამ სახლში იყო ასეთი ტრადიცია: ახალი წლის დღეებში ამზადებდნენ ძალიან ბევრ გოზინაყს და ანაწილებდნენ ბევრ თეფშზე. ეს თეფშები ახალი წლის კვირაში ეგზავნებოდა ილიასგან მოსაკითხად მის ახლობელ და საყვარელ ადამიანებს. ამით გამოხატავდა ის მათ მიმართ ყურადღებას და პატივისცემას. კარგია, რომ საახალწლო საჩუქრების ტრადიცია დღევანდელ ახალგაზრდობაშიც გრძელდება და ეს მათთვის არა მხოლოდ ნივთების გაცვლის, არამედ ემოციების, განწყობის და ყურადღების გაზიარების სიმბოლოა.
ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები და მისი აღნიშვნა საუკუეებს ითვლის საქართველოში, ამის დასტურია ქართული სამართლის ძეგლი – ე.წ. ხელმწიფის კარის გარიდება, რომელიც XIV საუკუნეში უნდა იყოს შედგენილი. მისი აღმოჩენა ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება, ეს გახლავთ წინასწარ გაწერილი ეტიკეტი, საიდანაც დეტალურად ვიგებთ, როგორ აღნიშნავდნენ და ემზადებოდნენ ახალი წლისთვის საქართველოში. საინტერესოა, რომ საახალწოდ საგანგებოდ შემოსილი მეფე ჩადიოდა საღვინეში, ალბათ მარანში, სადაც საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ველური ტახის მოხარშული თავი. სუფრის ეს ელემენტი, მოხარშული ღორის თავი დღემდე შეგხვდებათ საქართველოს კუთხეებში საახალწლო სუფრაზე.
რაც შეეხება ნაძვის ხეს, რომელიც პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა საქართველოში, მისი გავრცელება ისევ გაზეთ „ივერიას“ შეგვიძლია მივაწეროთ. ქართული პრესა ჰყვებოდა ამბავს, როგორ მორთეს საახალწლო ნაძვის ხე („იოლკა“) ფოჩიანი კანფეტებითა და ფერადი ბაფთებით ამა თუ იმ საახალწლო ზეიმზე. ნაძვის ხეს ძირითადად მასწავლებლები აწყობდნენ სკოლებში თავიანთი მოსწავლეებისთვის. ნინო ნაკაშიძეს მოთხრობაც კი აქვს დაწერილი გაზეთ „ივერიაში“, რომელიც სწორედ ნაძვის ხის მორთვის ევროპულ ტრადიციას უკავშირდება.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე