ქვეყნის მდებარეობა განაპირობებს მის მრავალფეროვან გეოლოგიურ მხარესაც. ვინაიდან ბუნების გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია, რჩება ერთადერთი გზა − მისი დეტალური გამოკვლევა, თითოეული საფრთხის გააზრება და თავიდან აცილება. თბილისის გეოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, OK! გაესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, 2015, 2016 და 2018 წლებში პასკალის პრემიის ლაურეატ ლაშა სუხიშვილს.
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში ყოველდღიური საქმიანობა გულისხმობს როგორც ძალიან საინტერესო და ჩამთრევ აქტივობებს, ისე უინტერესო საკითხებსაც. მაგალითად, კვლევის პროცესი ძალიან საინტერესოა, მუდმივად ხდება განხილვა გამოსაყენებელ ტექნოლოგიებზე − გამოდგება სატელიტური დაკვირვების მონაცემების ანალიზი? დრონით დაზვერვა რას მოგვცემს? ექსპედიციისას, რა გავზომოთ? რისი ნიმუშები წამოვიღოთ? არის იმედგაცრუებებიც, როცა შერჩეული ტექნოლოგია ინფორმაციას ვერ გვაძლევს და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. თუმცა, საქმიანობა მოიცავს ისეთ უინტერესო აქტივობებსაც, როგორიც მაგალითად, პროექტების ოფიციალური მხარეა − ბიუჯეტი, ფურცლები… ვინაიდან საქართველოში თანამედროვე ლაბორატორიები არ გვაქვს, გეოლოგიურ ნიმუშებს ევროპასა და აშშ-ში ვგზავნით. თითქოს მარტივია − რა უნდა მაგალითად, ამერიკიდან ნივთის გამოგზავნას? მაგრამ საქართველოდან გეოლოგიური ნიმუშების ისე გაგზავნას, რომ იურიდიულად და ფინანსურად გამართული იყოს, თითქმის წლები სჭირდება. საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაგროვილი გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარებაა. ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, თუმცა იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად ღირს რესურსების ხარჯვად. ამ მიმართულებით, ყველაზე დიდი სტიმული, ალბათ, ისაა, როდესაც იგებ − სტუდენტი იმ მიმართულებით დასაქმდა, რომელსაც ასწავლიდი.
გვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობაა ახლა საქართველოში გეოლოგიური თვალსაზრისით.
საქართველო გეოლოგიური გარემოს თვალსაზრისით, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი ტერიტორიაა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქ მიმდინარე მოვლენებზე თითქმის უპირველესი გავლენა არაბეთის ფილაქნის მოძრაობას აქვს. სხვა ფაქტორების პარალელურად, ძირითადად, ეს განაპირობებს იმას, რომ ამ პატარა ქვეყანაში და ზოგადად, პატარა რეგიონ კავკასიაში ულამაზესი და ძალიან მრავალფეროვანი რელიეფი და ლანდშაფტი გვაქვს. თუმცა, მიმზიდველობის მიღმა არის ის საფრთხეები, რომელთან გამკლავებაც ქვეყანას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. გეოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონი იმდენად ახალგაზრდაა, რომ ახლაც კი მიმდინარებს მთებისა და ხეობების ძალიან სწრაფი ჩამოყალიბება. ფაქტობრივად, ზეზუსტი ხელსაწყოებით, მთათა წარმოშობის თითქმის ყოველდღიურ პროცესებს ვაკვირდებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისეც, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ყველასთვის ცხადად ვლინდება ამ პროცესების ნეგატიური მხარე.
ქალაქის ყველაზე დიდ პრობლემას ამჟამად რა წარმოადგენს?
როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის კომპლექსურ და დინამიკურ გეოლოგიურ პირობებზე, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ჩვენზე როგორ აისახება და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოა ამ პირობებში არსებობა; ან რამდენად უსაფრთხოა ის გარემო და ნაგებობა, სადაც ვსაქმიანობთ და ვცხოვრობთ. ამ შემთხვევაში, საქმე ძალიან რთულადაა, რადგან ჩვენნაირი გეოლოგიის მქონე ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ხარისხიანი განვითარება ძალიან ძვირი ჯდება. თბილისში ბუნებრივად გვაქვს წყალდიდობების, წყალმოვარდნების, მეწყრების, ღვარცოფების, ეროზიების, მიწისქვეშა წყლების, გამოფიტული ქანების, მათი დეფორმაციების, მიწისძვრებისა და სხვა უამრავი პრობლემა, რასაც სამწუხაროდ, ადამიანის ჩარევით გართულებული მდგომარეობა ემატება. თბილისს, ალბათ, მხოლოდ ცუნამი და მყინვარული პროცესებით გამოწვეული საფრთხეები არ ემუქრება. ხშირად მოგვისმენია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ნაგებობები საკმაოდ მკაცრი ხარისხის კონტროლით შენდებოდა. ეს თუ მართლა ასეა, დღეს უკვე მინიმუმ ნახევარი საუკუნე გავიდა, ამიტომ შენობებს ამორტიზაციისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. მეორე მხრივ, გვაქვს ახალი ნაგებობები, რომლებიც სულ რამდენიმე წლისაა, ან ჯერაც მშენებლობის პროცესშია და შესაბამისად, ამორტიზაციის პრობლემა არ ეხებათ. მაგრამ ამ შემთხვევაში, გვაქვს სხვა გამოწვევები − სტანდარტები, რომლითაც ახალი შენობები შენდება, ძალიან ხშირად ისევ საბჭოთა პერიოდისაა; ბუნებრივი გარემოს პარამეტრები, რომლითაც ნაგებობა პროექტდება, ძალიან ძველია. მაგალითად, 2009 წელს მიღებული და დღეს მოქმედი სეისმომედეგობის კანონი ითვალისწინებს სეისმური საშიშროების რუკას, რომელიც კანონის მიღებისას უკვე ვადაგასული იყო. ჩვენს სფეროში ტექნოლოგიები და ცოდნა ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ხშირად იცვლება მონაცემებიც, ამიტომ უსაფრთხოებისთვის მუდმივი განახლებებია საჭირო. პროცესები იმდენად დინამიკურია, რომ საჭიროა როგორც ყოველწამიერი, რეალურ დროში მონიტორინგის სისტემები, ისე მონაცემთა ბაზები, სადაც 150-წლიანი დაკვირვებაც კი არაა საკმარისი და პალეოკვლევებია ჩასატარებელი სულ მცირედით რეალობასთან მიახლოებული სურათის მისაღებად. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მონაცემებიცაა, კვლევებიც, ცხადად იდენტიფიცირებული საფრთხეებია, მაგრამ მაინც იწყება ახალი მშენებლობები. შესაბამისად, გამოდის, რომ უსაფრთხო მშენებლობას სჭირდება როგორც დრო, ისე მეტი ფინანსური რესურსი, რაც ადამიანებისთვის არც ისე მიმზიდველია, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში გვეზრდება ისეთი ნაგებობების ფონდი, რომელიც ხვალ ყველას ერთად ძალიან ძვირი დაგვიჯდება.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თბილისის მდგომარეობა გეოლოგიური თვალსაზრისით გაუმჯობესდეს?
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მრავალ დარგს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, საჭიროა სახელმწიფოს ნება, რომ შეიქმნას თანამედროვე სტანდარტი, შეიცვალოს მიდგომა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, მოხმარდეს თანხა განათლებას, იმისთვის, რომ მომზადდეს ის კადრები, რომლებმაც ეს სისტემები უნდა ამუშაოს, და ა.შ. თუმცა, ალბათ ყველაზე მარტივი და მოკლევადიან პერსპექტივაში მიღწევადი, ჩვენი, ყველას დამოკიდებულების შეცვლაა − ეს ეხება ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს, თუ სად ვიყიდოთ მიწა, სად ავაშენოთ სახლი, სად შევიძინოთ ბინა. როცა მყიდველი ძალიან ბევრ კითხვას დასვამს და არასწორი პასუხის შემთხვევაში გადაწყვეტილებას შეცვლის, მაშინ გამყიდველიც იძულებული იქნება, დახვეწოს თავისი პროდუქტი ისე, რომ სახელმწიფოს რეგულაციებს არ დაელოდოს. მაგალითად, იცნობთ ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ მზადაა 15-წლიანი, საკმაოდ ძვირი კრედიტი იხადოს ბინაში, რომელიც მეწყერზე აშენებულ კორპუსში მდებარეობს? მაგრამ ამავე დროს, იცნობთ ვინმეს, ვინც დეტალურად გამოიძია, როგორ და რა გარემოში აშენდა (ხომ არ იყო გრუნტის წყალი? რა სახის ბეტონი გამოიყენეს გრუნტის წყლის გამო? რა მაგნიტუდის მიწისძვრაზეა გათვლილი შენობა? შენობა ხომ არ დგას მეწყერზე? ან გარშემო ხომ არაა მეწყრული ფერდი?..) ის კორპუსი, სადაც ბინა იყიდა?
სამომავლო გეგმები.
ამ სფეროში მუშაობა მუდმივ განვითარებას მოითხოვს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა გარემო გლობალურია და ჩვენი კოლეგები უცხოეთში ბევრად სწრაფად ვითარდებიან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ნელი ტემპით, მაგრამ თანამედროვე ცოდნის მიღება და დროდადრო ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. ბოლო პერიოდში, არც ისე იშვიათად ხდება, როცა საქართველოდან კვლევაზე დაკვეთა დასავლურ კომპანიაზე მიდის და ისინი უკან, ჩვენ გვიკვეთავენ მათი მაღალი სტანდარტით კვლევის ჩატარებას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ჩანს, სწორ გზაზე ვდგავართ, ხოლო მეორე მხრივ, მათთან მუშაობა გვეხმარება იმ მაღალი სტანდარტის მიღწევაში, რომელთა დანერგვა, როგორც ჩანს, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვისაც გარდაუვალი იქნება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: მაკა მეგრელიძე