ესთეტიკის სფეროში საქმიანობა მხოლოდ სილამაზეზე ზრუნვასა და პროცედურების ჩატარებას არ გულისხმობს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ცოდნა და ადამიანზე ზრუნვა. სწორედ ამ პრინციპებით ქმნის საკუთარ პროფესიულ გზას მარიანა კუჭუხიძე. ექიმი-კოსმეტოლოგი, რომლისთვისაც ეს პროფესია ეთიკასა და უწყვეტ განვითარებასთან ასოცირდება. 16 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება დღეს რეალურ საქმედ იქცა: დაუღალავი შრომა, უძილო ღამეები და მუდმივი თვითგანვითარება მას ნამდვილ პროფესიონალად აქცევს. მარიანას მუშაობის ფილოსოფია მხოლოდ ვიზუალური შედეგის მიღწევა არ არის, მისთვის მთავარი პაციენტის უსაფრთხოება, ნდობა და შინაგანი კომფორტია.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და როგორი იყო გზა დღევანდლამდე?
ეს პროფესია ავირჩიე ადამიანებზე ზრუნვის სურვილით. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი, რომ მედიცინა ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი იყო. რა თქმა უნდა, წლებთან ერთად ეს არჩევანი კიდევ უფრო გამიმყარდა, ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
დღევანდელ დღემდე გზა მარტივი არ ყოფილა – უამრავი უძილო ღამე, დაუღალავი შრომა და მუდმივი თვითგანვითარება. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რადგან ეს სფერო არ გაძლევს გაჩერების უფლებას. თუ ფეხი არ აუწყვე და ყოვედღიურად არ განვითარდი, მაშინ საკუთარი საქმის პროფესიონალი ვერ იქნები.

მაქსიმალისტი ხართ? და რა გაძლევთ მოტივაციას, რომ განვითარდეთ?
დიახ, მაქსიმალისტი ვარ. ჩემთვის მხოლოდ კარგი საკმარისი არ არის. ვცდილობ, მივაღწიო მაქსიმალურად სრულყოფილ შედეგს. სწორედ ეს დამოკიდებულება მაძლევს ძალას, რომ ბოლომდე დავიხარჯო თითოეული პაციენტისთვის. ჩემთვის მთავარი მოტივაცია პროფესიის სიყვარული და მადლიერი პაციენტის თვალებია. როდესაც ხედავ, რომ შენი შრომა რეალურად ეხმარება ადამიანს, ეს უდიდესი ძალაა.
რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც პირველად მიდის კოსმეტოლოგთან?
ხშირ შემთხვევაში პაციენტები არ ინტერესდებიან კოსმეტოლოგის განათლებით, კვალიფიკაციით და პროფესიული სტანდარტებით. ესთეტიკური პროცედურა არის სამედიცინო ჩარევა და მოითხოვს შესაბამის ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას.
რომელ პრინციპს არ თმობთ პაციენტთან ურთიერთობისას?
პაციენტთან ურთიერთობაში არასოდეს ვთმობ პასუხისმგებლობის პრინციპს. თითოეული გადაწყვეტილება ემყარება უსაფრთხოებას, ეთიკურობასა და პაციენტის კეთილდღეობას. თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად ვუდგები, მისი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სწორედ ეს განაპირობებს საუკეთესო შედეგს.
რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან დაბალანსება?
რასაკვირველია, არ არის მარტივი პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან დაბალანსება, სწორი საზღვრების დაცვა და დროის გონივრული გადანაწილება. ჩემი მთავარი საყრდენი ოჯახია. ისინი მაძლევენ ძალას, რწმენასა და შთაგონებას, რომ ყოველდღე ერთი ნაბიჯით წინ წავიდე და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შევქმნა.

როგორი ხედვა გაქვთ თქვენი საქმიანობის განვითარებაზე, სად ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
ეს სფერო მუდმივ განვითარებასა და ინოვაციების მიღებას მოითხოვს. საკუთარ თავს მომავალში ვხედავ როგორც პრაქტიკოსს, რომელიც არა მხოლოდ მუშაობს, არამედ გამოცდილებასაც უზიარებს ახალგაზრდა თაობას და ხელს უწყობს პროფესიის განვითარებას.
რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ ამ სფეროში ნაბიჯებს? რა არის საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ამ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, უწყვეტი განათლება და კეთილსინდისიერება. თუმცა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანურობაა. თუ საქმის სიყვარულს და ადამიანების მიმართ გულწრფელ ზრუნვას შეინარჩუნებთ, დანარჩენი შედეგები თავისთავად მოვა.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: პირადი არქივი












