როცა სუხიშვილების ცეკვა მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სცენაზე ისტორიას წერს, უნდა გვესმოდეს, რომ მის მიღმა დგას არა მხოლოდ ტრადიცია და გენიალური ქორეოგრაფია, არამედ რისკიც – ტრავმის, შეჩერებული კარიერისა და გაუთვალისწინებელი პაუზის. სწორედ ამ რისკების დასაზღვევად სადაზღვევო კომპანია „არდი“ და „ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალური ბალეტი“ – სუხიშვილები თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ. წლების წინ მათმა თანამშრომლობამ საქართველოში ტალანტის დაზღვევის პირველი პრეცედენტი შექმნა, ახლა კი მათი პარტნიორობა განახლებული ერთმილიონიანი ლარის ჯამური ლიმიტით ახალ ეტაპზე გადადის. დაზღვევა სრულად ფარავს დასის ყველა წევრს – მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დაზღვევა გაუთვალისწინებელი ტრავმების შემთხვევაში, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტისას, ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების კომპენსირებას უზრუნველყოფს. ამასთან, სადაზღვევო კომპანია „არდი“ აპირებს ინოვაციის გაფართოებასაც – კომპანია გეგმავს ტალანტი სხვა სფეროებშიც დააზღვიოს, რათა უნიკალური ნიჭი საქართველოში ფინანსური უსაფრთხოების რეალურ გარანტად იქცეს.

მიხეილ ჯაფარიძე: სუხიშვილები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, გვიხარია, რომ „არდის“ წვლილი შეაქვს, მათ თავიანთი საქმე მშვიდად აკეთონ. თუ სუხიშვილების გუნდის რომელიმე წევრი გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, კომპანია მას ორი წლის განმავლობაში აუნაზღაურებს ხელფასს. იმედი მაქვს, მათ ეს არ დასჭირდებათ, თუმცა ჩვენ ყოველთვის მათი მხარდაჭერები ვიქნებით.
ეს არის მორიგი სადაზღვევო თანამშრომლობა ორ ორგანიზაციას შორის, რამაც სადაზღვევო ბაზარზე და კულტურის სფეროში ახალი ხედვა დანერგა. გვინდოდა შეგვექმნა პრაქტიკული, რეალური ზრუნვის ინსტრუმენტი იმ გამორჩეული პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ზებუნებრივ ნიჭს – ანუ ტალანტს უკავშირდება. სუხიშვილების დასის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, რომლითაც სარგებლობა მის ნებისმიერ წევრს შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან ტრავმის გამო პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ თუ მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებს პროფესიული ტალანტი დაზღვეული აქვთ, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ისარგებლოს სუხიშვილების გენიამ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. ასე რომ, ამჯერად დაზღვეული ცეკვის ჯერია.
ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ინოვაციურია, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, როგორ შეიძლება სხვა ინდუსტრიებთან მიმართებით ეს იდეა განვავითაროთ. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ სუხიშვილებთან თანამშრომლობით ეს ინოვაცია დაიწყო და მომავალში კარგი გაგრძელება ექნება. მადლობა სუხიშვილებს, რომ „არდის“ აქვს შესაძლებლობა, მათ ტალანტზე ზრუნავდეს.

ნინო სუხიშვილი: ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს სადაზღვევო კომპანია „არდისთან“ და სიამოვნებით ვაგრძელებთ მას. ჩვენი დასის თითოეული წევრი კმაყოფილია დაზღვევით, რადგან ეს რეალური მხარდაჭერაა, რომელიც პროფესიულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცეკვა, როგორც პროფესია, ხშირად მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და ტრავმის რისკი ყოველთვის არსებობს. ასეთი დაზღვევა იცავს მოცეკვავის კარიერას და უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.
მოხარული ვარ, რომ სუხიშვილების ურთიერთობა „არდისთან“ ახალ ეტაპზე გადადის. ეს პროექტი აჩვენებს, რომ კომპანია არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ნიჭსა და ტალანტსაც აზღვევს. მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ყველა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელისთვის, სადაც პროფესიული უსაფრთხოება თითქმის არასოდეს არის გარანტირებული. ტალანტის დაზღვევა სუხიშვილებს საშუალებას აძლევს, თავდაჯერებულად განაგრძონ თავიანთი საქმე და შეინარჩუნონ პროფესიული სიმშვიდე.
კონსტანტინე ყურაშვილი (სუხიშვილების მოცეკვავე): ინტენსიური გრაფიკი, მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობები და დატვირთული წარმოდგენები, რა თქმა უნდა, ტრავმის რისკს ზრდის, ხოლო ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოცეკვავეს კარიერის დროებით ან სამუდამოდ შეჩერებას უქადის. ასეთ სიტუაციებში ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია – ის მოცეკვავეს საშუალებას აძლევს, თავდაჯერებულად განაგრძოს საქმიანობა, რადგან ეცოდინება, რომ მისი ჯანმრთელობა და ტალანტი არის დაცული.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი












