საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის, Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად.
MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ის 1861 წელს დაარსდა და 2024 წლის მონაცემებით QS World University Ranking-ში პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ასევე, წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით ლიდერია მთელ მსოფლიოში.
Martin Trust Center for MIT Entrepreneurship არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანტრეპრენერული ნიჭის განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის. იგი დამწყები ანტრეპრენერებისთვის რესურსების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიზნით დაარსებული ცენტრია, რომელიც სხვადასხვა პროგრამის, ვორქშოფისა და მენტორობის შესაძლებლობას იძლევა.
ამ არაჩვეულებრივ სიახლესა და უფრო მეტ დეტალთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს რექტორთან, ბატონ გია კავთელიშვილთან.
რატომ შეიქმნა ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელი (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network)?
„სამეწარმეო განათლების განვითარების სფეროში არათანამიმდევრული და არათანაბარი სწავლების მეთოდები არსებობდა, დღევანდელი მსოფლიოს ტემპი კი ითხოვს ისეთ მცოდნე ანტრეპრენერთა თაობის აღზრდას, რომელთაც ექნებათ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავების უნარი. ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიზანია, MIT-ის სტარტაპების შექმნისა და განვითარების გამოცდილების ინტეგრირება და გაზიარება საერთაშორისო მასშტაბით.
გვესაუბრეთ SEU-ს როლსა და ჩართულობაზე ამ პრესტიჟულ ქსელში.
„ქსელის მასშტაბი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს საშუალებას აძლევს, ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, თანამშრომლობა გამოცდილების გაცვლასაც შეუწყობს ხელს.
ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა თავად აკადემიური გუნდის განვითარებაა. კონკრეტულად კი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად გავგზავნით 5 ლექტორს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, MIT-ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან MIT-ის გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის“ და „15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს, და ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს შეასწავლიან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებიც ყოველწლიურად სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში, სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილობას მიიღებენ 3-კვირიან პროგრამაში – StartMIT, რომელიც გულისხმობს მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას. დაესწრებიან ბილ ოლეტის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველი დირექტორის, MIT-ის პროფესორისა და ცნობილი ბესტსელერის – „გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ ლექციებს.
ეს პარტნიორობა ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს ანტრეპრენერობის მიმართულებით MIT-ის კამპუსში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში, დაამყარონ გლობალური კავშირები და შექმნან ღირებული ქსელი სტუდენტებსა და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად. საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება მათ მიერ სტარტაპების დაარსებასა და გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში საკუთარი წვლილის შეტანაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გარდა MIT-ის კამპუსში ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც გაემგზავრებიან, რომლებიც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის განვითარებაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-თან კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, როგორც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, წვდომა ექნება MIT-ის Orbit პლატფორმაზე. Orbit-ის ციფრული პლატფორმა სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. პლატფორმა GenAI ასისტენტს იყენებს, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილების გაუმჯობესებას SEU-ს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.
ფოტო: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU