მინდა ტურები გავაკეთო გაგრაში და გაგრიდან ბათუმში, მჯერა, ძალიან მალე ასეც მოხდება – გვითხრა „OK! ბათუმის“ სტუმარმა, ტურისტული სააგენტო Apple Tour-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მაია ლაბაძემ. მიაჩნია, რომ მხოლოდ სიყვარული და სიკეთე არის ის მთავარი გასაღები, რომელიც გახსნის ყველა ჩაკეტილ გზას და იძულებით დაშორებულ ქართველებს ერთმანეთთან დაგვაბრუნებს. ფიქრობს, რომ მუდმივ ძიებაშია ცხოვრების ჟინი, მუდმივ მოძრაობაში, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს მეტად გაცნობს და ხვდები – თუ გწამს, თუ იბრძვი და თუ არავისი გშურს, აუცილებლად მიაღწევ იმას, რასაც მიზნად დაისახავ.
ბავშვობა…
დავიბადე ბათუმში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ოჯახი გაგრაში გადავიდა საცხოვრებლად. ძალიან ბედნიერი, ტკბილი ბავშვობა მქონდა. ერთი ბებია აფხაზი მყავდა, ხოლო მეორე მეგრელი. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ქართველობით. იქ ვინც ვცხოვრობდით, ყველა ერთნი ვიყავით, ერთმანეთთან დიდი სითბო და სიყვარული გვაკავშირებდა. შემდეგ იყო ძალიან ტკივილიანი ამბავი, ომი დაიწყო… ომის შემდეგ აკრძალული იყო ქართულად საუბარი, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში წამოვსულიყავი, რადგან მინდოდა ჩემი შვილი ქართული სულისკვეთებით გაზრდილიყო, არ დაევიწყებინა მშობლიური ენა. მინდოდა ნამდვილ ქართველად გამეზარდა, ეს იყო ჩემი საქართველოში წამოსვლის მიზანი. ზაფხულის პერიოდში აფხაზეთში გიდად ვმუშაობდი, ძირითად მარშრუტებზე დამყავდა ადამიანები, ეს იყო ბიჭვინთის, ახალი ათონის, რიწის ტბის ტურები. ჩემთვის ეს იყო ჰობი, რომელიც შემდგომ ბიზნესად გადავაქციე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება.
ნოსტალგია …
ნოსტალგია სულ მაქვს აფხაზეთის. მიჩვეული ვიყავი იქაურ ყოველდღიურობას, საქმიანობას. მყავდა უამრავი მეგობარი, ნათესავი, მოსწავლე, რომელთა დატოვებამაც მომიწია. შვილისთვის, მისი მომავლისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი და არცერთი წუთით არ ვნანობ, პირიქით, მეამაყება რომ ზუსტად ისეთ ქართველად გაიზარდა, როგორადაც წარმომედგინა.
ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ….
ბენზეს დასახლებაში, კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა ისევ ინგლისურის პედაგოგად. ზაფხულობით ისევ ვუბრუნდებოდი ჩემს ჰობის და გიდად ვმუშაობდი. მინდოდა აქაური ტურისტული მარშრუტები კარგად შემესწავლა. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა საკუთარი ტურისტული სააგენტო და მემსახურა ტურიზმის სფეროში. ასე გახდა ჰობი ბიზნესის წყაროდ. ჩამოვაყალიბე ტურისტული სააგენტო „ეფლ ტური“. 2018 წელს დავაარსე აღნიშნული სააგენტო და მას შემდეგ ტურებს ვხელმძღვანელობ როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში.
რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?
საინტერესო პაკეტს ვთავაზობთ მომხმარებელს, რომელშიც გაწერილია მრავალფეროვანი პროგრამა. შეიძლება ითქვას, ინდივიდუალურ ტურს ვაკეთებ, მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ვარ მორგებული. ვცდილობ მათ ახალი, კრეატიული ტური შევთავაზო და არა სტანდარტული. ავტობუსით ვმგზავრობთ, რაც ვფიქრობ, მეტად თავგადასავლურია. ყველა ტურისტულ კომპანიას აქვს თავისი ნიშა, მეც ჩემი ნიშა მაქვს და ვცდილობ ტურის მონაწილეებისთვის დაუვიწყარი გავხადო ესა თუ ის მოგზაურობა, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი, კიდევ ერთხელ იმოგზაურონ. მოგზაურობისგან მიღებული ადრენალინი შეუცვლელია. ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას. არასოდეს დანებდეთ, აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და თქვენია.
შვილის ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში…
ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემი შვილია, დღეს ვინც ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა, რადგან თავს არასოდეს ვაძლევ მოდუნების, შეჩერების უფლებას. შვილი გაძლევს ძალას, რომ მუდმივად იყო ფორმაში. მერაბიკო ხშირად მიმეორებდა, რომ წარმოვუდგენივარ როგორც ბიზნესლედი, ცნობადი სახე და მეც ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მისი სურვილები ამესრულებინა. ბავშვი ყოველთვის ამაყობს თავისი მშობლებით, მათთვის ავტორიტეტი ხარ, ამიტომ სამაგალითო უნდა იყო.
ძიების პროცესი…
მუდმივად მივისწრაფვი განვითარებისკენ, ახლის ძიებისკენ, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ყოველთვის ერთი მიმართულებით მიდიხარ, შეიძლება რესურსი ამოგეწუროს, დაიღალო და გაჩერდე. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადო, სხვადასხვა სფეროში გამოსცადო საკუთარი თავი, მიიღო დამატებითი ცოდნა, რომელიც უფრო ძლიერ ადამიანად ჩამოგაყალიბებს. ამიტომაცაა, რომ ბიზნესში მუდმივად სხვადასხვა მიმართულებას ვეძებ. სულ გამოცდას ვუწყობ საკუთარ თავს და საბედნიეროდ, ვიმარჯვებ კიდეც.
როგორც გიდი, როგორც ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, რის მონახულებას ურჩევთ ადამიანებს?
ძირითადად ისტორიული ადგილების მონახულებას, მაგალითად, გელათის, გონიოს ციხის. თურქეთში კაპადოკიის, წმინდა ნინოს ეკლესიის, სუმელას მონასტრის, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
როგორ ახერხებთ იყოთ წარმატებული ბიზნესში, ასევე გამოიყურებოდეთ არაჩვეულებრივად?
აფხაზეთში ყველა ქალი ასე გამოიყურება, ისინი ძალიან მოვლილები არიან და იციან საკუთარი თავის ფასი. დედაჩემიც ასეთია, გენეტიკის ბრალია. ბავშვობიდან მქონდა ჩემი სტილი, სულ ვკერავდი ჩემთვის ტანისამოსს, მინდოდა განსხვავებულად მცმოდა. ყოველთვის მიყვარდა მოდა. თუ შრომობ თავდაუზოგავად, თუ არავისი გშურს, სიკეთითა და სიყვარულით აკეთებ საქმეს – წარმატება გარდაუვალია.
ის, რაც ყველაზე მეტად მსურს…
როცა ბათუმში ვარ, სულ აფხაზეთი მენატრება, ზღვა აღმიძრავს აფხაზეთის ნოსტალგიას. მაგალითად, გაგრის სანაპირო ძალიან ჰგავს გონიოს სანაპიროს, ხოლო ბათუმი – სოხუმს. მსურს გაერთიანდეს საქართველო, ცალკ-ცალკე თუ ვიქნებით, დავკარგავთ ერთმანეთის სიყვარულს. მინდა უახლოეს დროში ტურები გავაკეთო გაგრაში და გაგრიდან ბათუმში. მჯერა, ასეც მოხდება.
რას ნიშნავს კმაყოფილი მომხმარებელი თქვენთვის?
ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ ვიმუშავე და ამ ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო. როცა ვხედავ მათ ბედნიერ ემოციას, მეც იმავე ემოციით ვივსები და ვიმუხტები. მათი რეაქციები მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი ენერგია ჩავდო ჩემს საქმეში და მეტად მრავალფეროვანი ტური შევთავაზო მათ, ვინც ჩემს სააგენტოზე გააკეთებს არჩევანს.
რა არის თქვენთვის ბედნიერება?
როცა ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელია, კარგადაა. მშობლები რომ ჯანმრთელი მყავს, ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, იქ იმდენად მშვიდი და ჰარმონიული გარემოა.
ჩემი სათქმელი…
გჯეროდეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების. სწორედ ის განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, როცა რეალიზებული ხარ შენს პროფესიაში. შენ უნდა აკეთო შენი საქმე, არავისი არ უნდა შეგშურდეს, არ უნდა აღიქვა სხვები კონკურენტად და მათთან მუდმივმა გაჯიბრებამ მთავარი ღირებულებები არ უნდა დაგავიწყოს. ყველა ადამიანს ვუსურვებ წარმატებას თავის სფეროში. ყველას თავისი გზა აქვს და მჯერა, ეს გზა სიკეთითა და სიყვარულით იქნება სავსე.
სიყვარული…
სიყვარული უკეთესობისკენ გვიბიძგებს ადამიანებს. მე დედაშვილური სიყვარული მიბიძგებს, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყო.
ყველა ქალს ვუსურვებ, ჰყოლოდეთ სიყვარულის ობიექტი და იყვნენ ბედნიერები.
ტურიზმი…
კავშირები, მეგობრობა, მხარდაჭერა – ესაა ტურიზმი.