ქართული OK! ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელს, ფსიქოლოგ‑არტთერაპევტ ნათია ფანჯიკიძეს წარმოგიდგენთ. ნათია სიამოვნებით გვესაუბრა „კამარაზე“. როგორც თავად უწოდებს, ის „ყველას სახლია“, სადაც ადამიანები ფსიქოლოგიური, კლინიკური, ცხოვრებისეული პრობლემებით მიდიან და ხსნას პოულობენ. ბოლო პერიოდში ნათია ფანჯიკიძემ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტი წამოიწყო და საქართველო საერთაშორისო არტ-თერაპიულ ქსელ LIVING MUSEUM-ის ოჯახის წევრი გახადა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფრო დაწვრილებით მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნათია, როგორ ხართ? ამ არეულ, ფორსმაჟორულ გარემოში როგორ ინარჩუნებთ სიმშვიდეს და ასეთ ღიმილიან განწყობას?
ამ პანდემიაში მე მცირედითაც კმაყოფილი ვარ. ვმუშაობ და შინ ვარ, როგორც, ალბათ, ყველა სხვა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რადგან მაშინ, როცა ბევრმა ადამიანმა, სამწუხაროდ, სამსახურიც კი დაკარგა, მე ჩემი საქმე მაინც შემრჩა. სამუშაოს ნაწილი ონლაინრეჟიმში გადავიტანეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გვიწევს პაციენტებთან პირისპირ შეხვედრებიც და ასე მუშაობა. ეს დიდი ბედნიერებაა და ამიტომ არაფერზე ვწუწუნებ. სხვა მხრივ, მიჭირს ისევე, როგორც ყველას.
ყველაზე მეტად რა გაკლიათ, რა გენატრებათ?
საღამოობით ფეხით სეირნობა, როცა შინ გამოკეტილი არ ვიყავი 9 საათზე.
გაგვიმხილეთ, როგორ ინარჩუნებთ ასეთ შესანიშნავ ფორმას? ყოველთვის ლამაზად გამოიყურებით, აი, ახლაც…
რა კეთილი ხართ… არ ვაკეთებ არაფერს და მიმაჩნია, რომ მეტყობა კიდეც, რომ არ ვაკეთებ.
გვითხარით, რით განიტვირთებით, რისგან იღებთ სიამოვნებას?
ყვავილების მოვლით, რომელსაც პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა. ეს ჰობი ერგება ამ მდგომარეობასაც. დავრგავ, ვუყურებ, როგორ აყვავდა და რა ლამაზია. ამით ვტკბები და ვცოცხლდები. ეს არის ჩემი განტვირთვაც და მოდუნებაც.
ნათია, ვილაპარაკოთ „კამარაზე“. სულ თავიდან დავიწყოთ, როგორ დაიბადა „კამარას“ დაარსების იდეა და შედეგმა რამდენად უპასუხა თავში დასახულ მიზნებს?
„კამარა“ 2010 წელს დავაფუძნე, ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ. ნიუ-იორკში 2 წელი ვიმუშავე ბელვიუ ჰოსპიტალში, აბსოლუტურად გამორჩეულ სპეციალისტ ანათინა მიშერთან. ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის, საბჭოთა სკოლისგან რადიკალურად განსხვავებული ფსიქოთერაპიის ცენტრი გამეკეთებინა საქართველოში, სადაც განსხვავებული დამოკიდებულება იქნებოდა ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ, ზუსტად ის ატმოსფერო და მოდელი გადმოვთარგმნე და გადმოვიტანე საქართველოში, რაც ჰქონდა შემუშავებული ანათინა მიშერს. „კამარას“ პროექტმა ძალიან გაამართლა − დამოკიდებულებით პათოლოგიებზე, ინტენსიური ფსიქოთერაპიული სქემით მუშაობა, ფაქტობრივად, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა საქართველოში, რადგან სხვა მსგავსი სახის პროგრამით, თერაპიული ცენტრი არ არსებობდა.
მოგვიყევით „კამარას“ მუშაობის სპეციფიკასა და მეთოდებზე.
„კამარა“ ინტეგრირებული მეთოდებით მუშაობს ნებისმიერი სახის პრობლემის ირგვლივ. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური, კლინიკური პრობლემა აწუხებთ ან არაფერი აწუხებთ და უბრალოდ ცხოვრების ჩიხში შევიდნენ, კონკრეტული ცხოვრებისეული პრობლემა აქვთ და მისი მოგვარება უნდათ. ამ თვალსაზრისით, „კამარა“ გახდა ყველას სახლი.
ჩვენს თერაპიის ცენტრში უდიდესი როლი აქვს არტ-თერაპიას − ტვინის ვიზუალურ ცენტრებზე დამყარებულ მკურნალობის ექსპრესიულ მეთოდს, რომელიც მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მე თავად არტ-თერაპევტი ვარ და მას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ სხვა მეთოდებთან ერთად.
გვიამბეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე − LIVING MUSEUM, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
ჩვენს მიმართულებაში არის ძალიან ცნობილი ექიმი, დოქტორი იანოშ მარტონი, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სტანდარტის არტ-თერაპიულ ქსელ LIVING MUSEUM-ის დამფუძნებელი და კონცეფციის ავტორი. „ლივინგ მუზეუმის“ მთავარი ოფისი ნიუ-იორკშია და ფუნქციონირებს მხოლოდ დიდ ევროპულ ქვეყნებში. ერთხელაც, ნიუ-იორკში ყოფნისას, იანოშ მარტონმა მითხრა, რომ მე შემიძლია ვიყო საქართველოში „ლივინგ მუზეუმის“ წარმომადგენელი და მომანიჭა ლეგიტიმაცია, რომ საქართველოშიც გაგვეხსნა იგი. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი, რადგან იანოშ მარტინთან და LIVING MUSEUM-თან ასოცირება ჩვენი პროფესიის უმაღლეს სტანდარტთან გათანაბრებას უდრის. ვფიქრობ, „კამარაში“ რაც უკვე კეთდებოდა არტ-თერაპიის სახით, ძალიან წააგავდა LIVING MUSEUM-ის მოდელს და ალბათ ამიტომაც ამირჩია იანოშმა წარმომადგენლად. LIVING MUSEUM გახლავთ სივრცე, სადაც მედიცინა და ხელოვნება ერთ სივრცეში თანაარსებობს. ეს არის გარიყულთა ხელოვნების ადგილი, სადაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ბოლომდე რეაბილიტაცია ხდება ხელოვნების დახმარებით. როგორც კი ეს ადამიანები მორჩებიან მუშაობას, სივრცე გადაკეთდება მუზეუმად. პანდემიის დროს ნელ-ნელა დავიწყე ამ მუზეუმის კეთება და მძიმე მენტალური კონდიციის მქონე ადამიანებთან მუშაობა. როცა უკეთესი დრო მოვა, აუცილებლად გადავიტანთ ნამუშევრებს შესაბამის შენობაში და გვექნება LIVING MUSEUM თბილისში. ჯერჯერობით, შესაბამისი შენობის არქონის გამო, მხოლოდ თერაპიულ ნაწილს ვახორციელებთ, სამუზეუმო ნაწილი დროებით არ მუშაობს.
ნათია, მინდა შევეხოთ „კამარას“ და „ევროპაბეთის“ ერთობლივ, გახმაურებულ პროექტს, რომელიც საკმაოდ წარმატებით დაიწყო და განხორციელდა.
ამ პროექტს ახლაც ვაგრძელებთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლის ფარგლებშიც „ევროპაბეთის“ დაფინანსებით, „კამარაში“ უფასოდ ვმკურნალობდით და ახლაც ვმკურნალობთ ლუდომანებს − აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს. იმ პაციენტების 99%, ვინც ჩვენ მივიღეთ, იყვნენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი, გადახდისუუნარო ადამიანები. ძალიან დიდ შედეგებს მივაღწიეთ და მე ბედნიერი ვარ, რომ „ევროპაბეთის“ წინადადება მივიღე და ის ერთად განვახორციელეთ. „ევროპაბეთი“, თავისი პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფრომის responsible.ge-ს ეგიდით პროექტს კვლავ აფინანსებს, რომელიც ახლაც გრძელდება, მოდიან თამაშდამოკიდებული პაციენტები და ჩვენ „კამარაში“ ვმკურნალობთ მათ.
რამდენად დიდია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა საქართველოში? ბევრმა პაციენტმა მოგმართათ ამ პროექტის ფარგლებში?
ევროპაში თამაშდამოკიდებული ადამიანების პროცენტი სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 4%-ია, აშშ-ში − 0,9%. ჩვენთან არ ჩატარებულა სტატისტიკური ანალიზი, მაგრამ მგონია, რომ ბევრად მეტია. ევროპაში არსებობს სამორინეების მიერ სოციალური პროექტების დაფინანსების სტანდარტი. ჩვენთან „ევროპაბეთი“ ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც მოხსნა გარე რეკლამები და იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ დაეფინანსებინა მსგავსი მნიშვნელობის სოციალური პროექტი. არც ერთი სხვა სამორინე არ აკეთებს ამას საქართველოში. ისიც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „ევროპაბეთმა“ ეს მხოლოდ კეთილი ნებით და ევროპული პრინციპის დაცვით გააკეთა, რადგან საქართველოში არც კანონი ავალდებულებთ ამას და არც სხვა სახის რეგულაცია. ამიტომ, არ შეიძლება, არ დავინახოთ ამ კომპანიის მხრიდან მსგავსი ინიციატივისა და მოქმედების დადებითი მხარე.
ნათია, რამდენი ხანია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და საინტერესოა, რამდენი პაციენტი მიიღო „კამარამ“ ამ ორმხრივი პროექტის ფარგლებში?
წელიწადზე მეტია, რაც ეს პროექტი გრძელდება და უკვე 200 პაციენტზე მეტი მივიღეთ. დიდი ნაწილი განიკურნა და ზოგი კვლავ აგრძელებს ჩვენთან თერაპიას. „კამარაში“ ახლაც ვიღებთ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში და გადახდისუუნარონი არიან. ჩვენი მთავარი მიზანია, ასეთი ადამიანები მოვაბრუნოთ სიცოცხლისკენ, სუიციდისკენ მიდრეკილებისგან განვკურნოთ და ახალი ცხოვრების დაწყების ბიძგი მივცეთ.
თერაპიის ოპტიმალური პერიოდი ნახევარი წელია, მაგრამ იდეალური, 100%-იანი შედეგის მისაღებად 1,5 წლის ხანგრძლივობის თერაპიაა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე მოხდეს დამოკიდებულების პათოლოგიის განკურნება.
დასასრულისკენ, ვისაუბროთ დღევანდელი საზოგადოების კიდევ ერთ დიდ და ღრმა პრობლემაზე − ქალებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე. რამდენად ხშირად მოგმართავენ ძალადობის მსხვერპლი ქალები?
სამწუხაროდ, ძალიან მწვავედ დგას ეს პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისელ ქალებს შედარებით მეტი გამბედაობა აქვთ, ვიდრე თბილისის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს. რა თქმა უნდა, გვყავს ასეთი პაციენტები და მათი ძირითადი ნაწილი თბილისში მცხოვრებლები არიან. როცა ქალი ნაბიჯს დგამს, რომ მივიდეს ფსიქოთერაპევტთან, მას უკვე გაკეთებული აქვს ნახევარი საქმე და ის გაძლიერებულია იმისათვის, რომ ბრძოლა გააგრძელოს. ეს ძალიან ვრცელი თემაა და, ალბათ, ერთი ინტერვიუც არ გვეყოფა ამაზე სასაუბროდ. თუმცა, ამგვარი პრობლემების მქონე ქალებს მინდა ვუთხრა, რომ დახმარების მიღება ონლაინაც შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მაინც აქვთ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი