ქართული OK! წარმოგიდგენთ ორი თაობის წარმომადგენელს, არაჩვეულებრივ მამა-შვილს, მსახიობ თინი გალდავას და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას, რომლებიც ძალიან საინტერესოდ გვესაუბრნენ თავიანთ მამაშვილობაზე, იმ ჰარმონიასა და ურთიერთსიყვარულზე, რაც მათ ოჯახშია. თინიმ და მამა ალექსანდრემ გაგვიზიარეს თავიანთი აზრი, თუ რაშია თაობებს შორის გაერთიანების, სიყვარულის მთავარი ძალა, როგორ უნდა დაიძლიოს მათ შორის ბოლო დროს მეტად გამოვლენილი წინააღმდეგობები იმისთვის, რომ თაობათა ურთიერთობა უფრო მჭიდრო, ერთიანი და შეკრული გახდეს.
თინი, მამა ალექსანდრე, თქვენს მამაშვილობაზე, თქვენს ურთიერთობაზე მოგვიყევით.
(მამა ალექსანდრე): ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგი მშობელი ვყოფილიყავი, მაგრამ შეცდომებიც მქონდა, რასაკვირველია. ვცდილობდი, ქრისტიანული მცნებებით გამეზარდა შვილები და ტრადიციული ფასეულობები გადამეცა მათთვის, ამასთანავე, ის, რაც ახალია სამყაროში, მიღებულია და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, ადამიანურ მორალის საფუძვლებს, ჰქონოდათ და მიეღოთ. მინდოდა, რომ მეგობრობა მქონოდა შვილებთან და მე მგონია, ვართ კიდეც მეგობრები. ამაზე თავად იტყვის თინი, მაგრამ კიდეც ვჩხუბობ ხოლმე, ჯიჯღინა ვარ. ბავშვობიდან ვასწავლე ზრდილობა, მადლობის თქმა და უფროს-უმცროსის გარჩევა. თანამედროვე ახალგაზრდებს ეს პრობლემა აქვთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უფროსმა იბატონოს უმცროსზე, უბრალოდ, უფროსი უფრო გამოცდილია, დაღვინებული, უფრო გონიერი, რაციონალური. ახალგაზრდა ემოციურია, ამიტომ უფროსს თუ არ უსმენს, კარგი ანდაზა გვაქვს ამაზე, „დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ტურაო“. ეს არ ნიშნავს თანამედროვე აღზრდის წესების გამორიცხვას, რომ არ გამოვიყენოთ ის მიღწევები, რასაც მეცნიერებამ პედაგოგიკაში მიაღწია. დღეს უკვე სხვანაირი დამოკიდებულებებია შვილებთან საჭირო, სახაზავს ხელებში აღარ ვურტყამთ, ბრძანებებით არ ვზრდით, როგორც იყო თუნდაც ასი წლის წინ. დღეს აღზრდის სადავეები, დისციპლინა მოშვებულია. ბავშვი სიამოვნებისკენ მიდრეკილი არსებაა, რაღაც დონეზე, რასაკვირველია, უნდა მიუშვა, მაგრამ მან უნდა იცოდეს მნიშვნელობა სიტყვისა „არა“. ბავშვი არ უნდა გახდეს კერპი. როგორც მისი ჩაგვრა და ცემა-ტყეპაა ცუდი, ასევე უდისციპლინობა და ბავშვის ნებაზე სრულად მიშვებაც არასწორია. არჩევანი ხშირად სასარგებლოსა და სიამოვნებას შორისაა გასაკეთებელი და ბავშვს უნდა ასწავლო, როგორ აარჩიოს სასარგებლო.
(თინი): ჩემი და მამას ურთერთობა, პირველ რიგში, ძალიან დიდი მეგობრობაა. ყოველთვის ყველაზე მეტად მსიამოვნებს მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ამოუწურავია, სულ რაღაც სიახლეს ვიგებ მისგან. ყოველთვის, როცა ერთად ვართ, კარგად ვერთობით, სულ არის იუმორი, მუსიკა… დღესასწაულია ერთმანეთთან ურთერთობა. ჩემს მშობლებთან ურთიერთობის მოდელი გადმოტანილი მაქვს შვილთანაც. გვიჭირს თუ გვილხინს, ჩვენს სახლში მუსიკა სულ ისმის. ჩვენ ვართ ოჯახი დევიზით: „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“, ძალიან ვიცით გაერთიანება სიხარულშიც და სირთულეშიც, ეს ერთიანობა სულ გვქონდა და იმედია, ჩვენს შვილებშიც გაგრძელდება.
რომელია ის თვისებები, პრინციპები, რაც თაობებს აერთიანებს, თაობებს შორის ურთიერთობას ჰარმონიულს და შეკრულს ხდის?
(მამა ალექსანდრე): საერთო ღირებულებების და ფასეულობების მემკვიდრეობითი განცდა, ოჯახშიც და ზოგადად, თაობებშიც. ოჯახშიც ეს განცდა უნდა იყოს, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს ის ღირებული, რაც ოჯახმა შექმნა. იგივეა ქვეყანაშიც, გავუფრთხილდეთ მას, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, „ვეფხისტყაოსანს“, ყინწვისის ანგელოზს, ვარძიას, ღვინოს, სუფრის ტრადიციას, რომელიც თავისთავად უნიკალურია. სუფრასთან ლოცავ ადამიანს. კარლ როჯერსმა, ჯგუფური თერაპიული ფსიქოლოგიის დამაარსებელმა, ეს თავის დროზე აღნიშნა: ქართული სუფრა გენიალურია, მე ამაში ფულს მიხდიან, რომ ადამიანებს ერთმანეთზე კარგი ვალაპარაკოო. სადღეგრძელოს დროს ადამიანი ცდილობს კარგი მხარეები იპოვოს მეორე ადამიანში და ასე ადღეგრძელოს ის. ადამიანი კი აღიარებითი არსებაა. ტრადიციებისა და მემკვიდრეობის სიყვარული მნიშვნელოვანია, რაც თაობებს აერთიანებს. თაობებს შორის სულ არის ბრძოლა, დღეს ცოტა მეტი პრობლემაა, პოსტმოდერნული ეპოქაა და ავტორიტეტების მსხვრევა აქტუალურია. ახალმა თაობამ უნდა დააფასოს ძველი თაობის მონაპოვარი. როცა დღევანდელ ახალგაზრდას ამერიკაში უნდა გაფრენა, იღებს ბილეთს და ჯდება თვითმფრინავში, უნდა ახსოვდეს, რომ ეს შესაძლებლობა წინაპრების ძალისხმევით და გონიერებით მიეცა. იგივეა მხატვრობაში, მუსიკაში, სახელმწიფოს თავისუფლების მიმართ, რომელიც ჩვენმა წინა თაობამ მოუტანა ქვეყანას. ახალი თაობა წინაპრების სისხლზე დგას და ეს ტოტი არ უნდა მოჭრას. ახალგაზრდობამ აუცილებლად უნდა თქვას ახალი სიტყვა და დააფასოს ძველიც, წინა თაობის გამოცდილება და ცოდნა. ჩვენმა თაობამ კი უნდა მიიღოს და გაიაზროს ახალი თაობის ხედვები.
(თინი): ჩემთვის ის, რაც თაობებს ყველაზე მეტად კრავს, არის ნდობა. მე ჩემი მშობლების მიმართ დიდი ნდობა და მათი აზრის მიმღებლობა მაქვს. მათგანაც ნდობის მანდატი მაქვს. ბავშვობაში გავიზარდე დიდ თავისუფლებაში, იმის მიუხედავად, რომ მამაჩემი მოძღვარია. ჩვენს ახლობლებს უკვირდათ, რომ მე, მოძღვრის შვილი, მსახიობი გავხდი. დიდი თავისუფლება და ნების სრული არჩევანი მაჩუქეს ჩემმა მშობლებმა. უმნიშვნელოვანესია უპირობო ნდობა მათი მხრიდან. სულ ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მამაც და დედაც ჩემ გვერდით იქნებიან. შიშით არ გავზრდილვარ, არ მეშინია სამყაროსი, ადამიანების და ყოველდღე მადლიერების შეგრძნება მაქვს. მშობლები ყოველთვის საუკეთესო მაგალითს მაძლევდნენ, პირველ რიგში, დამოუკიდელობის, პიროვნული განვითარების მხრივ. სულ საკუთარ თავზე მუშაობს მამაჩემი. როცა არ უნდა მივიდე მასთან, ან ლექციებს უსმენს, ან ხატავს, ან მუსიკას უსმენს. დედაც ასეა, ბევრს კითხულობს, მუსიკას უსმენს. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გადმომაქვს ეს ყველაფერი. ასე რომ, ნდობაა ის უმთავრესი ფაქტორი, რაც ჩვენს ორ თაობას აერთიანებს.
ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა რა თემაზე გაქვთ ხოლმე?
(თინი): ფუნდამენტურ ღირებულებებში ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს.
(მამა ალექსანდრე): თინი ხშირად მსჯელობს გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, მე მჩვევია ბევრნაირი წყაროს გადამოწმება და მერე ვაჩვენებ, რომ აი, სინამდვილეში ასეა. ხშირად მოვლენებს საკმარისად არ უკვირდებიან ბავშვები, მე კი უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ბევრი მაქვს ნანახი და ინფორმაციაც მეტი მაქვს, ამაზე მივუთითებ ხოლმე.
დღეს ქვეყანაში მიმდინარე რთულმა მოვლენებმა ერთგვარად დააპირისპირა თაობები. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაილახოს ეს დაპირისპირება ისე, რომ ამ მოვლენებმა განხეთქილებამდე კი არ მიიყვანოს თაობები, პირიქით, გააერთიანოს.
(მამა ალექსანდრე): ყველაფერს აერთიანებს საერთო მტერი. როცა ის გამოჩნდება, ყველა ერთიანდება. მაგრამ აქვე არის გარკვეული ზნეობრივი საფუძვლები, რომლის ცოდნაც გაძლევს საშუალებას, სხვანაირად შეხედო სამყაროს. მაგალითად, როცა შენ გძულს, ეს უკვე ცალსახად ცუდია. სიძულვილზე ვერ ააშენებ ვერაფერს. ამიტომ ეს ეხება ყველა თაობას: არა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ სიძულვილი ვნებს ადამიანებს, რაც დღეს ჩამოყალიბებული და ფესვგადგმულია. დღეს ეს სიძულვილის ენა აქტიურია მამათმავლის, ლგბტ წარმომადგენლის, ჰომოფობის, მთავრობის თუ ნებისმიერი პირის მიმართ. სიძულვილი ზნეობრივი კატეგორიაა ადამიანში, რომელიც პიროვნებას ვნებს. არის ცოდვები, რომელიც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, მაგალითად, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სექსუალური ცხოვრება, მაგრამ არის ცოდვები, რომელიც სიამოვნებას კი არ განიჭებს, არამედ ცალსახად განგრევს, მაგალითად, შური და სიძულვილი. არ შეიძლება გძულდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც შენ მოგეწონებოდა. სიძულვილი იწყება იქ, სადაც არის კონკრეტულად ადამიანის და არა საქციელის მიუღებლობა. ცხადია, არასწორი მოვლენების მიუღებლობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, ორჯერ ორი რომ ოთხია, უნდა გქონდეს ნებისმიერი სხვა შედეგის მიუღებლობა, გარდა ამ ერთისა. ადამიანის მიუღებლობაა დაუშვებელი, როგორიც არ უნდა იყოს ის. სწორედ ეს სიძულვილი უნდა დაიძლიოს ორივე თაობაში და, რა თქმა უნდა, ის ტექნოლოგიები, რომელიც სიძულვილის ენას ნერგავს თაობებში.
(თინი): პირველ რიგში, თაობებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ. გავიგოთ, რა გვიჭირს, რა არ მოგვწონს, იყოს ჩვენ შორის ჯანსაღი დისკუსია. ჩვენს თაობაშიც უფრო დავინდოთ ერთმანეთი, საქმით, სიტყვით, გავიაზროთ, რომ ერთი მთლიანობის ნაწილი ვართ. ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არამედ იმაზე, თუ რამდენი გვაქვს საერთო. მე მჯერა, რომ შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ სამშობლოს სიყვარულში ერთნი ვართ, ერთ მხარეს ვდგავართ. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მიხარია, რომ „მამული, ენა, სარწმუნოება“-ს შეემატა არაჩვეულებრივი სიტყვა „ერთობა“. ეს კარგად გასააზრებელია.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი