თბილისი უძველესი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების პატარა მუზეუმია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ. მათ შორის ხელოვანი სვიმონ კლდიაშვილია, რომელმაც ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობა შენობა-ნაგებობების სახით დაუტოვა. სვიმონ კლდიაშვილი პირველი პროფესიონალი ქართველი არქიტექტორია. იგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. სწორედ კლდიაშვილი გახლავთ საუცხოო და დიადი შენობის ხუროთმოძღვარი, რომელიც
„ვაკიდან ამაყად დაჰყურებს ქალაქს, რომელიც მტერს თვალს უყენებს და მოყვარეს გულს უხარებს; შენობა, სადაც დღეს ქართული უნივერსიტეტი იმყოფება“,-იაკობ მანსვეტაშვილი.
სვიმონ კლდიაშვილი რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე კლდიაშვილის (დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილის) ოჯახში დაიბადა. აკადემიკოსების თქმით, იგი იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტიპის სპეციალური აკადემიური განათლება პირველმა მიიღო. სვიმონ კლდიაშვილის დედა დიდი დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი იყო, მას ძალიან უყვარდა თეატრი, სცენა, ლიტერატურა და ყველა გამოჩენილ დიდ ქართველთან ჰქონდა შეხება, რომელიც იმ დროს მოღვაწეობდა, მათ შორის, აკაკი წერეთელთანაც. მამამისი გრიგოლი ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკი იყო, ხოლო ძმა არანაკლებ ნიჭიერი ქართველი ქიმიკოსი საბა კლდიაშვილი გახლდათ.
სვიმონ კლდიაშვილი ეკლექტიკის ხანის ტიპური წარმომადგენელია. მის შენობაში ვხვდებით როგორც რენესანსულ–ბაროკოს სტილის ფასადებს, ასევე საკმაოდ ხშირად – მოდერნსაც. კლდიაშვილი გამოირჩეოდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობითაც. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აზომა 20–მდე ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა. 1910 ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმშიც.
ქართული არქიტექტურის ისტორიაში სვიმონ კლდიაშვილის სახელს არაერთი შენობის დაპროექტება უკავშირდება. იგი თავდაპირველად 1896 – 1899 წლებში ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა სოხუმში. 1899 წელს ასევე შეადგინა ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი შენობა, რომელიც ნიკო ცხვედაძემ 21 002 მანეთად და 15 კაპიკად შეიძინა. ნიკო ცხვედაძეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ ადგილას აეშენებინა შენობა, რომელშიც, ადრე თუ გვიან, პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნებოდა, რის შესაძლებლობასაც მეფის რუსეთის ადმინისტრაცია არ იძლეოდა. 1899 წელს სვიმონ კლდიაშვილს უკვე მზად ჰქონდა ესკიზური პროექტი, ხოლო 1900 წელს დიდი გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების თანდასწრებით ცოდნის ტაძარს საძირკველი ჩაეყარა.
მხოლოდ ამით არ მთავრდება სვიმონ კლდიაშვილის მოღვაწეობა, იგი არის გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული სამხატვრო აკადემიის შენობის პროექტის ავტორი, ასევე მას ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის სახლის პროექტი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. კლდიაშვილს 60-მდე შენობა აქვს დაპროექტებული, თუმცა მათგან დღეს მხოლოდ ოცამდე სახლია შემორჩენილი. ერთ-ერთი სახლი, რომელიც კლდიაშვილის დაპროექტებული შენობებიდან შემორჩა, არის ისტორიული ბინა რომის ქუჩაზე. სახლი 1902 წელს აშენდა სვიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით და მფლობელი ნიკოლა ქართველიშვილი გახლდათ. ნიკოლა ქართველიშვილი იყო დიდი ქართველი მეცენატის, ბიზნესმენ გიორგი ქართველიშვილის ვაჟი, რომელიც თბილისის ოპერაში მუშაობდა. ამჟამად ბინის მფლობელი ეკა ჩიჩუაა, სწორედ მან და მისმა მეუღლემ, ცნობილმა კინოოპერატორმა, ფედონ პაპამიქაელმა აღუდგინეს ბინას პირვანდელი სახე. იგი არის ქართული არქიტექტურის შედევრი, რომლის შესახებაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი და გავლენიანი არქიტექტურული გამოცემა – Ad Italia, Elle Decor US, Vogue Brazil, Residence Magazine აღფრთოვანებული წერდა.