მოგეხსენებათ, რომ დღეს პლანეტის ბუნებრივი რესურსები დეგრადირებას განიცდის, კატასტროფულად იზრდება ჰაერისა და წყლის დაბინძურება, მცირდება ტყის ფართობები და იზრდება ნარჩენების რაოდენობა. თავის მხრივ, გარემოს დაბინძურება ეკოსისტემის რღვევას იწვევს. ეს კი განაპირობებს ასეულობით მცენარეთა და ცხოველთა სახეობის განადგურებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო 300 წლის განმავლობაში დედამიწაზე განადგურდა ძუძუმწოვართა და ფრინველთა უფრო მეტი სახეობა, ვიდრე წინა 10 000 წლის მანძილზე. მაშინ, როდესაც ჩვენი, ადამიანების ამოცანა უნდა იყოს ბუნების დაცვა, ადამიანები აგრძელებენ ცხოველებზე სასტიკ მოპყრობას.
ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგამ 1977 წლის 23 სექტემებერს, ლონდონში „ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია“ წარადგინა. 1978 წლის 15 ოქტომბერს კი ის პარიზში, იუნესკოს შტაბში მიიღეს. დოკუმენტი 10 მუხლისგან შედგება, სადაც გარკვევით წერია, რომ ადამიანმა უნდა აღკვეთოს ყველანაირი სახის აგრესია ცხოველების მიმართ.
მიუხედავად ამ დეკლარაციის არსებობისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც გრძელდება ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მრავალი ცხოველი ეწირება მოდას, მათ შორისაა ენოტი, მელა, კოიოტი და სხვა ბეწვიანი ცხოველი. ასევე, იღუპებიან ე. წ. ეგზოტიკური კანის მქონე ქვეწარმავლები, როგორიცაა ალიგატორი, ნიანგი, გველი და ხვლიკი. მაგალითად, ავსტრალიის მკვიდრი მარილიანი წყლის ნიანგების უმრავლესობა, რომლებიც თავიანთ ძირძველ მიწაზე სულ მცირე 100 მილიონი წელია არსებობენ, ცხოვრობენ გალიებსა და ორმოებში, რადგან აღნიშნული ცხოველით Hermes და Louis Vuitton მარაგდება. მათი კანისგან დამზადებული ჩანთები ასობით ათას დოლარად იყიდება. ასევე, მოდისთვის შეწირულთა სიაში შედის სირაქლემა, კენგურუ. მათი ტყავი ყველაზე ხშირად ჩანთებისა და ჩექმებისთვის გამოიყენება.
რეალურად კი ამ სისასტიკის შეჩერება მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეეგვიძლია. უპირველესად უარი უნდა ვთქვათ მათ ტარებაზე, რადგან ამ ცხოველების ტყავის ინოვაციური ალტერნატივა არსებობს. ასევე, შესაძლებელი გახდა ცხოველის ტყავის ვეგანური ტყავით ჩანაცვლება. ეს არის სინთეზური ან მცენარეული მასალა, რომელიც დამზადებულია ნამდვილი ტყავის ვიზუალის იმიტაციით.
საბედნიეროდ, დღეს ცვლილებების დრო დადგა, მოდა უფრო მეტად ეთიკური ხდება და იზრდება იმ ცნობილი ბრენდების რიცხვი, რომლებიც ბუნებრივი ბეწვის მოხმარებაზე სამუდამოდ უარს აცხადებენ. შეიძლება ითქვას, მაღალ მოდას ახალი კონცეფცია აქვს: ტკივილი სილამაზე არ არის. სწორედ ცხოველების ბეწვსა და ეგზოტიკური ტყავის გამოყენებაზე უარის თქმაა მოდის მომავალი, რაც მოდას უფრო ჰუმანურს, ეკოლოგიურად პასუხისმგებელსა და უსაფრთხოს გახდის.
Calvin Klein – მოდის გიგანტი იყო პიონერი, რომელმაც 1994 წელს ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა. 2020 წელს კი ბრენდმა ეგზოტიკური ტყავის გამოყენებაც აკრძალა.
Stella McCartney – 2001 წლიდან დაემშვიდობა ბეწვსა და ტყავს. აღსანიშნავია, რომ მაკარტნი ვეგეტარიანელია, მისი კომპანიის პათოსი – იყოს პასუხისმგებელი, შეესაბამება მის ღირებულებებს.
„ნამდვილი ბეწვი არ არის აქტუალური, არ არის სექსუალური, არ არის მოდური და არც მაგარია“… – განაცხადა დიზაინერმა.
Prada – იტალიურმა მოდის სახლმა „პრადამ“, რომელიც მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Prada, Miu Miu, Church’s და Car Shoe, გამოაცხადა, რომ აღარ გამოიყენებს ცხოველის ბეწვს თავის დიზაინსა და პროდუქტებში. როგორც დიზაინერმა მიუჩია პრადამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მათი Fur Free Aliance-თან თანამშრომლობის შედეგია.
ვივიენ ვესტვუდმა 2007 წელს PETA-სთან დისკუსიაში, ბეწვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ კომპანიამ შეწყვიტა ეგზოტიკური ტყავის გამოყენებაც.
აღსანიშნავია, რომ ვივიენ ვესტვუდი იყო ერთ-ერთი იმ რვა ბრიტანელი დიზაინერიდან, რომელმაც მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს და მოუწოდა მას, ქვეყნის მასშტაბით აეკრძალა ბეწვის გაყიდვები.
ვიქტორია ბექჰემი – ინგლისური მოდის სახლი დაარსების დღიდან ბეწვისგან თავისუფალია. მას ასევე, 2019 წლიდან არ გამოუყენებია ეგზოტიკური ტყავი თავის კოლექციებში, მათ შორის ალიგატორების, ნიანგების, სირაქლემისა და გველების.
Chanel – ფრანგული მოდის სახლი იყო ერთ-ერთი პირველი ძვირად ღირებული ბრენდი, რომელმაც უარი თქვა ეგზოტიკური ტყავის, ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავის გამოყენებაზე. ბრენდმა ასევე მიიღო ბეწვის აკრძალვის გადაწყვეტილებაც.
Giorgio Armani – ტანისამოსის ბუნებრივი ბეწვით დამზადებაზე უარი თქვა.
Donatella Versace, Michael Kors, Gucci, Burberry ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც უარი თქვეს ეგზოტიკური ტყავის, ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავის გამოყენებაზე.
მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს გვახსოვდეს, რომ უარის თქმა ბეწვსა და ტყავზე გულისხმობს ცხოველთა დაცვის მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ, ნიშნავს მათი უაზრო ხოცვის თავიდან აცილებას.