ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთი ყველაზე ნორმალიზებული ფორმა
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების კვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები. ზრუნვის შრომის არათანაბარი და უსამართლო გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთ ყველაზე ნორმალიზებული ფორმაა. საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები კვლავ განიცდიან ძალადობას, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, საქართველოში ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
ჟურნალ OK!-ის მარტის ნომერი ქალებს ეძღვნება, ამიტომ როგორც ქალი, თავს ვალდებულად ვთვლი, გვერდი არ ავუარო თემას და ჟურნალის პრიალა ფურცლებიდანაც მოგიყვეთ კვლევის კატასტროფულად მძიმე შედეგებზე. კვლევისა, რომელშიც ცალსახად ჩანს, რამდენად დაჩაგრული და უთანასწოროა დღეს საქართველოში ქალის ცხოვრება.
ვრცლად კვლევის შედეგებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ვაშაკიძე გვესაუბრა.
თამარ, რას ნიშნავს დროის გამოყენების კვლევა და რა მნიშვნელობის მატარებელია?
დროის გამოყენების კვლევა არის სრულიად უნიკალური კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დღემდე 85-ზე მეტ ქვეყანაში 200-მდე ასეთი კვლევაა ჩატარებული. დროის გამოყენების კვლევა ერთადერთი კვლევაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავადგინოთ, თუ რა საქმიანობაზე რა დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. მაგალითად, თუ რა დროს უთმობენ ქალები და კაცები სწავლას, ანაზღაურებად შრომას, სოციალიზაციას, დასვენებას, თავის მოვლას, ბავშვების მოვლას, სპორტულ აქტივობასა და სხვა. დროის გამოყენების კვლევა შესაძლებლობას გვაძლევს დავითვალოთ, რა დროს ხარჯავენ ქალები და კაცები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე და გავაანალიზოთ დროის გამოყენების გენდერული სხვაობები.
მთელ მსოფლიოში ქალები, კაცებთან შედარებით, საშუალოდ სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე. შედეგად ქალები გამოიმუშავებენ უფრო ნაკლებს, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი შრომის ბაზარზე, განათლებაზე, რესურსებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე და არიან უფრო ღარიბები.
საქართველოში დროის გამოყენების კვლევა პირველად ჩატარდა 2020-2021 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის სულ ახლახან, 2022 წლის ბოლოს გახდა ხელმისაწვდომი.
რას ნიშნავს აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა?
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა გულისხმობს ყველა ისეთი ტიპის საქმიანობას, რომლისთვისაც ინდივიდი ანაზღაურებას არ იღებს და რომელიც მიმართულია ადამიანებზე ზრუნვისკენ, საშინაო, იგივე საოჯახო შრომის ჩათვლით. აუნაზღაურებელი შრომის მაგალითებია საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ავადმყოფ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ა. შ.
როგორია კვლევის შედეგები?
კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში. ამ კუთხით საქართველოს მაჩვენებელი გაცილებით აღემატება საშუალო გლობალურ მაჩვენებელს – როგორც უკვე ვთქვით, გლობალურად, ქალები საშუალოდ სამჯერ მეტ დროს ატარებენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში.
ამ ციფრების მოსმენისას უჩნდებათ ხოლმე კითხვა – იქნებ ოჯახში ფუნქციები ასე აქვთ წყვილებს გადანაწილებული – კაცი გარეთ შრომობს, ქალი – შინ. კვლევამ გვაჩვენა, რომ ქალებისთვის ზრუნვის შრომის ტვირთი არ მსუბუქდება დასაქმების სტატუსთან ერთად. სრული გრაფიკით დასაქმებული ქალები მაინც 3-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ ზრუნვის შრომაზე, ვიდრე დასაქმებული კაცები.
ცალკე საკითხია ბავშვებზე ზრუნვა და ის დრო, რომელსაც საქართველოში მამები თავიანთი შვილების აღზრდას უთმობენ. კვლევის თანახმად, საქართველოში დედები ბავშვებზე ზრუნვას 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამები. სხვა საკითხებთან ერთად, კვლევის შედეგების სიღრმისეულმა ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა გვემსჯელა იმ ფენომენზე, რომელსაც ე. წ. ქალობის ან დედობის სასჯელს უწოდებენ. კვლევის თანახმად, საქართველოში დაბადებულ ქალებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან, ავტომატურად 33.3%-ით ნაკლები შანსი აქვთ იყვნენ სამუშაო ძალის შემადგენლობაში, ვიდრე კაცებს. სამუშაო ძალაში მოხვედრის 58%-ით ნაკლები შანსი აქვთ ქალებს, რომლებიც მზრუნველის/მომვლელის ფუნქციას ასრულებენ თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, ანუ, მაგალითად, ჰყავთ მოხუცებული მამა ან ოჯახის წევრი შშმ პირი. სიტუაცია გაცილებით უარესდება, როცა ქალი დაქორწინებას გადაწყვეტს. კვლევის შედეგების თანახმად, ქორწინება და მცირეწლოვანი ბავშვების ყოლა საშუალოდ 9,3 საათით ამცირებს ქალების მიერ ყოველკვირეულად დასაქმების ადგილზე გატარებულ დროს. მეორე მხრივ, ქორწინება და ბავშვების ყოლა საერთოდ არ აისახება კაცების მიერ სამსახურში გატარებულ დროზე.
რაშია კვლევის შედეგად მიღებული ამ შედეგის მთავარი პრობლემა?
ქალებსა და კაცებს შორის ზრუნვის შრომის უთანასწორო გადანაწილება წარმოადგენს გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს და ამავდროულად შედეგსაც. ზრუნვის შრომის დისპროპორციული ტვირთი ქალებზე, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ნაკლებად არიან ჩართულები საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში და რის გამოც ქალები კაცებზე გაცილებით უფრო მოწყვლადები და უფრო ღარიბები არიან. მაგალითად, საქართველოში შრომის ბაზრის მონაწილეობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სამუშაო ძალაში დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლები ქალია ჩართული, კაცებთან შედარებით. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება გვეგონოს, რომ საქართველოში 20 პროცენტით ნაკლები ქალი მუშაობს და რომ ქალები ნაკლებს შრომობენ, ვიდრე კაცები. დროის გამოყენების კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, ქალები ბევრად მეტს შრომობენ, ვიდრე კაცები, მაგრამ მათ ამ შრომაში ფულს არავინ უხდის; უფრო მეტიც, როგორც წესი, მათ მადლობასაც არავინ უხდის ამ შრომისათვის.
ქალების შრომის ბაზრის მიღმა დარჩენა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუ საქართველოში 20 პროცენტით მეტი ადამიანი იქნება ჩართული სამუშაო ძალაში. წარმოვიდგინოთ, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, როგორი იქნება ეკონომიკური სარგებელი როგორც ოჯახებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. გენდერული თანასწორობის მიღწევა ამ კუთხით არა მხოლოდ ადამიანების უფლებების პერსპექტივიდან არის მნიშვნელოვანი, არამედ ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისითაც.
როგორ ფიქრობთ, ეს კვლევა რომ კვლავ ჩატარდეს 10-15 წლის შემდეგ, რა შედეგი იქნება?
რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი იქნება. უკეთესობისკენ ცვლილებას ნელ-ნელა უკვე ვხედავთ ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც, მაგალითად, მამა ახალშობილთან ერთად უკვე აღარ არის წარმოუდგენელი ამბავი.
მიუხედავად ამისა, პრობლემა იმდენად მასშტაბურია (5-ჯერ მეტი), რომ ჩვენს საზოგადოებას 10-15 წელიწადზე გაცილებით მეტი დრო დაჭირდება თვისებრივი ცვლილების მისაღწევად.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ საკითხის გადაწყვეტაში?
პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული მიდგომები შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დაიყოს: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აუნაზღაურებელი შრომის უთანასწორო გადანაწილება კაცებსა და ქალებს შორის პრობლემად ვაღიაროთ და დავიწყოთ საზოგადოებრივი დისკურსი ამ საკითხზე, როგორც მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალების მიერ გაწეული ზრუნვის შრომა, რომელიც აქამდე სრულიად უჩინარი იყო, უფრო ხილული და დაფასებული გახდეს. თავისთავად, დროის გამოყენების კვლევის ჩატარება და ეს ინტერვიუც პრობლემის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აუნაზღაურებელი შრომის რედისტრიბუცია, ანუ შრომის უფრო თანაბრად გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის. საქართველოში კაცების უმეტესობისთვის ნორმად რჩება, რომ საოჯახო და ბავშვებზე შრომის საქმე თავიდან ბოლომდე ქალების პასუხისმგებლობაა. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამ მხრივ როგორც კაცებთან, ისე ქალებთან მუშაობაა საჭირო.
სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში ძალიან დიდია. ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც წაახალისებს ზრუნვის შრომის უფრო თანაბარ გადანაწილებას ქალებსა და კაცებს შორის. სახელმწიფომ ასევე ხელი უნდა შეუწყობს საბავშვო ბაღებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მხარდაჭერის მომსახურებების გაუმჯობესებას, მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის პრაქტიკის დანერგვას, მშობლებისთვის დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას და სხვა.
როგორ ფიქრობთ, თავად ქალები ვთვლით თუ არა, რომ ჩვენ მიერ გაწეული საოჯახო შრომა და ბავშვებზე ზრუნვა არის უთანასწორო?
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზრუნვის შრომის არათანაბარი და უსამართლო გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთ ყველაზე ნორმალიზებული ფორმაა. ჩვენ, ქალები, იმ საზოგადოების პროდუქტები ვართ, რომელშიც გავიზარდეთ, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ქალების უმეტესობა, კაცების მსგავსად, თვლის, რომ საოჯახო საქმეებზე ზრუნვა, ბავშვების მოვლა დიახაც რომ ქალების და არა კაცების მოვალეობაა და ამას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს. თუმცა ის, რომ მოსახლეობა ამას ნორმალურად მიიჩნევს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. იყო დრო, როდესაც ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება და უფრო ადრე, მონობაც კი საზოგადოებების მიერ სრულიად მისაღებ მოვლენად მიიჩნეოდა. დღეს კი ვთანხმდებით, რომ ოჯახში ძალადობაც და სექსუალური შევიწროებაც თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელი პრაქტიკებია.
კვლევის შედეგი რომ მხოლოდ შედეგად არ დარჩეს, შემდგომი ნაბიჯების რა კონკრეტული გეგმა არსებობს?
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მრავალი წელია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიზნების მისაღწევად. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩავატაროთ საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანიები, რომლებიც აუნაზღაურებელი შრომის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.
ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან ისეთი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, რომელიც მოემსახურება აუნაზღაურებელი შრომის გადანაწილებას როგორც ოჯახის წევრებს, ისე ოჯახსა და სახელმწიფოს შორის.
იმედი გვაქვს, კვლევის შედეგებს საკუთარ მუშაობაში გამოიყენებენ სხვა აქტორებიც – სახელმწიფო, განვითარების პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნების მიღწევაში ყველა ორგანიზაციას და ყველა მოქალაქეს საკუთარი და განსაკუთრებული როლი აქვს.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი