„თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“, − წერდა მეოცე საუკუნის ავსტრიელი პოეტი და „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი კარლ ჰუგო ჰუპერტი…
მართლაც რომ დიდია საქართველოს როლი ევროპულ კულტურაში. თუმცა, პატარა ქვეყნისთვის მიზნამდე სავალი გზა ეკლით არის სავსე… მაგრამ გვირაბის ბოლოს შუქი ყოველთვის მოჩანს, უბრალოდ ხანდახან გვირაბი ძალიან გრძელდება და ვინ იცის, როდის გავალთ სამშვიდობოს, როცა დავინახავთ, რომ საქართველოს − ამ პატარა, მაგრამ საოცარ ქვეყანას, ისე დააფასებენ, როგორც თუნდაც ისრაელს − ერს დიდი კულტურითა და პატარა ტერიტორიით. დიახ, ჩვენ ვართ საქართველო − ქართული მიწა-წყლის ღირსეული შვილები და ყველამ უნდა გაიაზროს ამ პატარა ქვეყნის როლი და ადგილი მსოფლიო რუკაზე… მოკლედ, არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს. ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ნატალი საბანაძესთან, რომელიც ევროკავშირში საქართველოს მისიას 8 წელი ხელმძღვანელობდა, დღეს კი აშშ-ის „მაუნთ ჰოლიუკ კოლეჯში“ კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და არის გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ევროკავშირში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდით. რა იყო თქვენი თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზი?
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის მაისში დავინიშნე და 8 წელი ვემსახურე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზანს. ამ მიზნის მჯეროდა და ამიტომაც დავთანხმდი, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმადგინა მაია ფანჯიკიძემ. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ჰააგაში, სადაც მე ეუთოს უმაღლეს კომისართან ვმუშაობდი მაღალ თანამდებობაზე. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია არც ქართულ დიპლომატიასთან, არც პოლიტიკასთან. როცა ვთანხმდებოდი, ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა, ვიცოდი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ქართულ პოლიტიკასთან კავშირი გარკვეულ მორალურ კომპრომისებსაც მოითხოვდა. თუმცა ჩემთვის შინაგანი „წითელი ხაზები“ არსებობდა და ვიცოდი, რომ მათ ვერ გადავლახავდი. მახსოვს, ერთ-ერთ ამბასადორიალზე, ანუ ელჩების კონფერენციაზე, მაია ფანჯიკიძემ გვითხრა, გახსოვდეთ, დღეიდან ისე არ იქნება, როგორც ადრე, თქვენ საქართველოს ემსახურებით და არა რომელიმე პარტიასო. ჩემთვის ეს სიტყვები მნიშვნელოვანი იყო. მას მერე ბევრი მინისტრი გამოვიცვალე, ბევრი პრემიერიც, მაგრამ მიზანი, საქართველოს ევროპული მომავლის, რჩებოდა უცვლელი. მეც ვრჩებოდი ჩემს თანამდებობაზე, მიუხედავად ბევრი სირთულისა. წასვლა გადავწყვიტე მაშინ, როცა დავინახე, რომ პარტიული ინტერესი წამოვიდა წინა პლანზე და როცა ჩვენი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, აღარ ემთხვეოდა ერთმანეთს.
იმ წლების განმავლობაში, როცა ბრძანდებოდით აღნიშნულ თანამდებობაზე, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ − ვგულისხმობ ე.წ. შიდა სამზარეულოს, რაც ფართო მასებისთვის, როგორც წესი, უცნობი რჩება.
საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა უკეთესობისკენ, ჩემი იქ ყოფნის 8 წლის განმავლობაში. თავიდან არსებობდა გარკვეული უნდობლობა ახალი ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით პარლამენტში. მაშინაც იყო კინკლაობა და წერილების წერა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს და იმ დიდი განსხვავებით, რომ მაშინდელ „ოცნებას“ ამოძრავებდა სურვილი, ის ეღიარებინათ როგორც პროდასავლური ძალა და როგორც გამტარებელი საქართველოს დასავლური პოლიტიკის. მახსოვს, როცა დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მისი და ბევრი იმდროინდელი დეპუტატის ძალისხმევით, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, განწყობები შემობრუნდა. თანდათან საქართველომ ბევრი მეგობარი და ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა. მათი თანადგომა და დახმარება გადამწყვეტი იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში. საქართველომ მაშინ უკრაინაზე ადრე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ამისთვის ყველას დიდი ძალისხმევა იყო მიმართული, მათ შორის ჩვენი მისიისა ბრიუსელში.
თქვენს რამდენიმე ინტერვიუს მოვუსმინე და როგორც წესი, ძალიან მოზომილად, დიპლომატიურად უპასუხებთ ოპოზიციური ტელევიზიების „მწვავე კრიტიკით გაჯერებულ“ შეკითხვებს. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო თუ არა უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ? თქვენ როგორ აფასებთ ამას, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ევროკავშირის წევრი?
რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების სამართლიანობასა თუ უსამართლობას: მე ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი გადაწყვეტილება, რომ აზრები იყო გაყოფილი, რადგან საქართველო ბევრი ტექნიკური პარამეტრით უფრო წინ არის, ვიდრე მაგალითად, მოლდოვა ან თუნდაც უკრაინა, მაგრამ გადამწყვეტი პოლიტიკური პარამეტრები აღმოჩნდა და აქ სამართლიანობაზე დავა ძნელია. პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და რომლის მთავარი დამახასიათებელია ძალაუფლების მონოპოლიზაცია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის უმთავრეს ღირებულებებს და ამის ფონზე, ტექნიკური პარამეტრები მეორეხარისხოვანია. უსამართლობაზე საუბარი არის მცდელობა, არ აიღო პასუხისმგებლობა ჩავარდნაზე და ეს სხვას გადააბრალო: ოპოზიციას, თავად ევროკავშირს, მის ელჩს თუ მის პარლამენტს. ასეთი ქმედებები სულ უფრო და უფრო გვაშორებს იმ მიზანს, რომელიც არის ევროპული, დემოკრატიული და ღირსეული საქართველო, და ჩნდება შეკითხვა − რატომ და როდის შეიცვალა ეს მიზანი?
გამუდმებით ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე − გაგვაცანით ის მთავარი ფასეულობები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა მოუტანს საქართველოს?
ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ. რითაა ღირებული ევროკავშირი და რატომ ამოვიჩემეთ ზოგიერთებმა ასე? შევხედოთ ისტორიას: ევროკავშირი შეიქმნა ძალიან მტკივნეული, ტრაგიკული გამოცდილების შეფასებისა და გააზრების ფონზე. ეს იყო ორი მსოფლიო ომი, რომლებმაც გაანადგურა ევროპა, ერთმანეთს დაუპირისპირა და გადაამტერა ევროპული ქვეყნები და მათ ძველი დიდება დააკარგვინა. საინტერესო ის არის, რომ ამ მტრობისა და განადგურების ფონზე იბადება იდეა, რომელიც დაუძინებელ მტრებს გარდაქმნის მოკავშირეებად, უახლოეს მეგობრებად, პარტნიორებად, და ამით მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი გახდება. ეს არის იდეა, რომელიც ევროპის მასშტაბით ახერხებს ძალასა და „ჯუნგლის კანონებზე“ დამყარებული, ტრადიციული საერთაშორისო ურთიერთობების მოთვინიერებას. ევროკავშირის „მამები“ მიხვდნენ, რომ ევროპული ქვეყნები ამ „ჯუნგლის კანონების“ დარად ვერ შეინარჩუნებდნენ ვერც თავისუფლებას, ვერც ღირსებას, და ამიტომ არჩიეს გაერთიანება და ძველი შუღლის გადალახვა. შესაბამისად, ევროპული პოლიტიკური კულტურა ემყარება მოლაპარაკებებს, ურთიერთპატივისცემას, კომპრომისსა და კონსენსუსს. აქ არავინ არის მოგებული და არავინაა წაგებული, ყველა ერთნაირად ინაწილებს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე ბენეფიტს. პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი კავშირის წევრობა არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი და მე ვიტყოდი, ღირსებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. ის არის გზა, რომელიც შიდა პოლიტიკური „ჯუნგლებიდან“ გამოგვიყვანს და აგვაშენებინებს ქვეყანას, სადაც არჩევნების სამართლიანობაზე არავის შეკითხვა არ დაებადება; სადაც ყველას აზრი თავის ადგილს იპოვის და ყველას უფლებები, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური, დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ. ამაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. საკითხავი ის კი არ არის, ჩვენ რატომ გვინდა ასეთი კავშირის წევრობა, არამედ ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისთვის, საკითხავი არის ის, სხვებმა რატომ არ მიბაძეს ევროკავშირს და რატომ რჩება ის უნიკალურ მოვლენად თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად პოლარიზაციის შემცირება რჩება, რომელზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ყოველივე ეს იმის ფონზე, როცა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან გამუდმებით ხდება ქვეყნის რყევა?
საქართველოში პოლიტიკის წარმოების კულტურა არ შეესაბამება ევროპულს, რომელიც მე აღვწერე. ჩვენ არ გვაქვს ოპონენტებთან მოლაპარაკების ტრადიცია, დათმობა სირცხვილია, კომპრომისი დასჯადია და ასე შემდეგ. ამის გამოა სწორედ ის პოლარიზაცია, რომელზეც მიგვითითებენ და რეალურად, მე არ ვიცი, ამის დაძლევა როგორ მოხერხდება პოლიტიკური კულტურის ცვლილების გარეშე. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. პოლიტიკური ოპონენტი არ შეიძლება იყოს მტერი, რომელიც უნდა გაანადგურო. პოლიტიკური პაექრობა არაა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც მუდამ შენ უნდა იყო გამარჯვებული; ძალაუფლება არაა განუყოფელი, საჭიროა მისი გადანაწილება. თუ ამას ყველა მოთამაშე გაიაზრებს, მივიღებთ დეპოლარიზაციას. ჩემი აზრით, ეს არც ისე რთულია, სურვილის არსებობის შემთხვევაში.
რა გზა გვაქვს გასავლელი ევროპამდე?
გასავლელი გზა არის რეფორმა და პოლიტიკური თამაშის წესების ცვლილება. ეს თუ მოხდა და ქვეყანა დაემსგავსა გამართულ, ევროპულ დემოკრატიას, შემდეგ კლუბის წევრობა უკვე ფორმალობაა.
ევროპა, როგორც კულტურული ფასეულობები − რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული ევროპაში?
ჩემთვის ყველაზე ფასეულია პიროვნების, ანუ თითოეული ინდივიდის დაცვა, აღიარება, დაფასება. ევროპა არის პიროვნული თავისუფლებისა და ემანსიპაციის განსახიერება, რასაც მოჰყვება ხალხის თავისუფლება და ემანსიპაცია. ეს არ არის უმრავლესობის ბატონობა უმცირესობაზე, პირიქით − ევროპული ფასეულობაა უმცირესობაში მყოფის დაცვა და გაფრთხილება. ესეც თავისთავად, პიროვნების, როგორც ღირებულების, იდეასთანაა კავშირში.
ტექსტი: მარიამ გაბედავა