ჟურნალი OK! აგვისტოს თვის დამატებას − Travel Book-ს წარმოგიდგენთ, რომლის მოწვეული რედაქტორიც Travelfy-ის დამფუძნებელი, გიორგი მელიქიშვილია. რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე, როგორ დააფუძნა კომპანია და სხვა საინტერესო თემებზე, გიორგი თავად გვიამბობს.
გიორგი, თქვენ ხართ OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვიამბეთ, გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის ეს გამოწვევა?
სიმართლე გითხრათ, ეს არის პირველი გამოცდილება ამ კუთხით და ფორმატით.
ძალიან საინტერესოა ჟურნალზე მუშაობა, იმ სწორი ინფორმაციის დალაგება და შერჩევა, თუ რა შეიძლება იყოს მკითხველისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური. რა დეტალები შეგვიძლია გავუზიაროთ მათ იმისათვის, რომ იყოს ინფორმაციული და საჭირო.
მოგზაურობა კი ნამდვილად ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენგანს ძალიან უყვარს და გარდა ამისა, აუცილებელიცაა, რათა მოვიკრიბოთ ძალები და ახალ სეზონს შევხვდეთ უფრო ენერგიულები და დასვენებულები.
ვეცდები, ჟურნალში ყველაფერი იყოს მოკლედ, ლაკონიურად და რაც მთავარია, გასაგებად. ვისაუბრებთ იმ აქტუალურ და მოთხოვნად თემებზე, რომლებიც ყველას აინტერესებს, ხოლო გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს დაგროვილი, მოვარგოთ მკითხველს და პროდუქტიულად გავუზიაროთ.
რომელი თემები შეარჩიეთ Travel Book-ის მკითხველისთვის?
Travel Book-ის მკითხველისთვის შევარჩიე ყველაზე აქტუალური და საინტერესო თემები, რომელიც ნებისმიერი კატეგორიისა და ინტერესის მქონე მოგზაურს მოერგება და დაეხმარება დაუვიწყარი, ლამაზი მოგზაურობის დაგეგმვაში.
ამ ნომერში განხილული იქნება ყველაზე აქტუალური და ყველაზე სეზონური ის მიმართულებები, რომლებიც უკვე კარს მოგვადგა და შესაბამისად საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. ასევე, სამომავლოდ, დაგვეხმარება ამ მიმართულებების სწორად დაგეგმვაში.
ნომერში ასევე იქნება რჩევები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც აუცილებლად იგრძნობთ ეფექტს თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში.
გვიამბეთ Travelfy-ის შესახებ. რამდენი ხანია რაც დააფუძნეთ და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
ტურისტული კომპანია Travelfy დაარსდა ზუსტად მაშინ, როდესაც დაიწყო პანდემია. პერიოდი, რომელმაც ყველა ჩვენგანი, განსაკუთრებით კი ტურიზმის წარმომადგენლები სრულ გაურკვევლობაში დატოვა. გაუქმდა ფრენები, დაიკეტა სასტუმროები და ყველა ის სერვისი, რაც მოგზაურობას უკავშირდებოდა, თუმცა Travelfy-იმ მოახერხა ის, რომ არ გაჩერებულიყო და მშვიდად შეხვედროდა მოვლენების განვითარებას.
ლოკდაუნის დასრულებისთანავე აღადგინა კომპანიამ ფუნქციონირება და დაიწყო იმ მცირე პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება, რომელიც საქართველოში დასვენებას უკავშირდებოდა. ამან კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება მისცა დაეწყოთ მცირე დოზით საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვადასხვა პაკეტის შეთავაზება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ Travelfy-ის დაემატა მიმართულებები ქვეყნის გარეთ, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკმაოდ დიდმა გამოცდილებამ ტურისტულ სფეროში. ამის განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლეოდა პარტნიორობა ლოკალურ წამყვან კომპანიებთან მთელი მსოფლიოს მიმართულებით 100-ზე მეტ ქვეყანაში.
პირველივე სეზონზე იმ მიმართულებებზე, რომლებზეც Travelfy მუშაობდა, გავხდით ლიდერები გაყიდვების კუთხით და ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მუშაობას. მუდმივად ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლები გავანებივროთ სიახლეებით და შევთავაზოთ მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებული პაკეტები.
აქედან გამომდინარე, დავიმსახურეთ მომხმარებლის ნდობა, რამაც შეგვძინა ძალიან დიდი მოტივაცია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოვემსახუროთ და გავულამაზოთ შვებულების პერიოდი.
კომპანია ძალიან აქტიურად არის ჩართული მარკეტინგულ კამპანიაში ტელემედიასთან, შოუებთან, ბლოგერებთან, ინფლუენსერებთან და მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ აქტუალურები, რათა ჩვენი ინფორმაცია მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტ ადამიანს უმოკლეს დროში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, Travelfy ჩამოყალიბდა ბაზარზე ლიდერ კომპანიად, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ენდობა. გვაქვს გაყიდვები სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან მადლიერები ვართ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებად იქცნენ და სამეგობრო წრეს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას Travelfy-ისთან დაკავშირებით.
თავად სად იმოგზაურეთ პირველად და რომელმა ქვეყანამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მსოფლიო მასშტაბით ასზე მეტ ლოკაციაზე, საიდანაც უამრავი ადგილის გამორჩევა შემიძლია, ჩემზე დიდი ზეგავლენა რომ მოახდინა და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. თუმცა გამოვყოფდი ორ ყველაზე საინტერესოს ჩემთვის. მიუხედავად იმისა რომ ეგზოტიკა, სანაპიროები ძალიან მიყვარს, მაინც იტალიამ და ამერიკამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.
იტალიის დაახლოებით 20 სხვადასხვა ქალაქში ვარ ნამყოფი და ამერიკის 6-7 შტატში, რომლებიც ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, ეს ყველაფერი ჩემს სურვილებსა და მოთხოვნილებებს ყველაზე კარგად მოერგო და დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დამტოვა. აშშ-ის რიტმმა, განვითარებამ, დინამიკამ, ხალხმა − ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
რაც შეეხება იტალიას, ადამიანებით დაწყებული, კულტურით გაგრძელებული და კულინარიით დამთავრებული, ყველაფერი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.
არქიტექტურა, ისტორია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალაქები, საერთოდ სხვა ფენომენია და იტალია ჩემთვის მუდამ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, საინტერესო და ამოუწურავ ფენომენად.
რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ჯერ ახლა იწყებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონახულებას და მოგზაურობას?
უპირველესად, ვურჩევდი, რომ არ შეეჭიდონ ძალიან რთულ და დიდ მიმართულებებს. ისეთებს, რომლის ერთი ამოსუნთქვით ნახვა და გააზრება გაჭირდება.
ვურჩევდი, დაიწყონ ევროპის ქალაქებით. პატარ-პატარა ტოპ-მიმართულებებით, ისეთებით, რომელიც ყველამ იცის და ინფორმაციის მოძიებაც მარტივია. შესაბამისად, დასაგეგმადაც შედარებით იოლი იქნება.
ისეთი ადგილების ნახვას ვურჩევდი, რომლის მონახულების დროსაც, საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებისას ისინი დააგროვებენ აუცილებელ გამოცდილებას სამომავლო მოგზაურობებისთვის. ხოლო შემდეგ, უკვე ნელ-ნელა ვურჩევდი გაართულონ და დააშორონ მიმართულებები. უფრო შორ, უფრო რთულ და საინტერესო მიმართულებებით წავიდნენ, რა დროსაც მათ უკვე ექნებათ საბაზისო ცოდნა სწორი მოგზაურობის და შეძლებენ ამა თუ იმ ლოკაციის სწორად აღქმას, დათვალიერებას − ისე, რომ მაქსიმალურად მეტი ემოცია და შთაბეჭდილება წამოიღონ ამა თუ იმ ადგილიდან.
რა სახის უპირატესობებითა და პრიორიტეტებით სარგებლობს მოგზაურობის დაგეგმვა Travelfy-ისთან ერთად?
მომხმარებელს, როდესაც Travelfy-იში გეგმავს ტურს, უპირველესად უკვე აქვს ათობით, ასობით და ათასობით ადამიანის გამოცდილება, წინასწარ გამზადებული, რომელიც შეგვიძლია მას გავუზიაროთ სრულიად უსასყიდლოდ.
მეორე − გვყავს ლოკალური პარტნიორები, რომელთა მეშვეობით ყველაზე სასურველ და ხარისხიან პროდუქტს ვიღებთ, რომელთაც ჩვენი მომხმარებელი მისაღებ ფასებში შეიძენს.
მესამე არის ის, რომ როდესაც ისინი ტურს გეგმავენ, მათზე მიმაგრებული ოპერატორები ამ ტურებს არ გეგმავენ ფოტოებზე და მონაყოლზე დაყრდნობით. მათ ან მათსავე კოლეგებს ეს ყველაფერი ნანახი აქვთ და შესაბამისად თავიანთ ნანახს, გამოცდილსა და გააზრებულს უგეგმავენ და უზიარებენ. რაც ყველაზე მთავარია, ხარისხი ჩვენთან მაღალია, ტურისტი ისმენს ყველაფერს, რაც შეიძლება მიიღოს, და ეს არ არის გადამეტებული − ყველაფერი გააზრებულად და გამოზომილადაა შეთავაზებული.
ასევე, უნდა დავამატოთ, რომ არის ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებიც ძალიან ბევრია სხვადასხვა მიმართულებაზე და ამ პროდუქტებს ერთვის შესაბამისი ფასებიც, რომლებიც რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რომელიც ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქტს ეძებს.
გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.
სამომავლო გეგმების შესახებ ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენი უპირველესი მიზანია გაციფრულება და გაზრდა, ბევრი თანამშრომლის დამატება. როდესაც კომპანიას აქვს ზრდის ამბიცია, უპირველესად საკუთარი თანამშრომლების რაოდენობა უნდა გაზარდოს, ხოლო გუნდი, რომელზეც დგას, უნდა განავითაროს.
შესაბამისად, პრიორიტეტულია გუნდის ზრდა, გაციფრულება და დიდი ტემპით წინსვლა, რომლის შედეგად საქართველოს ბაზრის გარდა, დავიმატებთ სხვა − მეზობელი ან უფრო შორეული ქვეყნების ბაზარს და ამ ყველაფრის მეშვეობით ვვარაუდობთ, რომ კომპანია მყარად იდგება მოწოდების სიმაღლეზე მსოფლიო ბაზარზე.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი