„ახლა ეს იყო ოცნებაახდენილი ბავშვების ქალაქი. ასეთი ქალაქი კი მშვენიერია. ცხოვრობდა კაცი. იგებდა ბავშვების ოცნებებს. დიდი დრო გავიდა. მოხუცდა კაცი. და ერთ ღამეს, კაცი მივიდა სარკესთან. დიდხანს უცქერდა თვალებში თავის ორეულს. ბოლოს ჩურჩულით თქვა: მეც მეკუთვნის ერთი ოცნება. გაიღიმა. და აუსრულდა, რაც ინატრა…“ ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულითა და კეთილი ადამიანებით უნდა იყოს სავსე. სამყარო, რომელსაც მწერალი გურამ პეტრიაშვილი ჩუქნის ჩვენს შვილებს, სწორედ ასეთია. უფრო ვრცლად კი, „პატარა ქალაქის ზღაპრების“ ავტორი თავად გვიამბობს.
ბავშვობა…
ძალიან სათუთი და ფაქიზი რამაა. არის მწერალი, რომელსაც ჩემი აზრით ასე უნდა ეწეროს: „ნებისმიერმა, ვინც შემოვა მის კლასში, ხელახლა უნდა გაიაროს თავისი ბავშვობის სკოლა, რაც ვერ გაიარა თავის დროზე კარგად“-ო. ამ სკოლას ჰქვია რეზო ინანიშვილი. მე მთლად გამიმართლა, რადგან მასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა.
ყველაფერი ასე დაიწყო: ერთხელ ჩემ წინ ვხედავ − მიდის რეზო. ცხადია, გამოვუდექი. მთლად არ დავეწიე, ერთი 50 მეტრი დავიტოვე დისტანცია და ასე მივყვებოდი, რომ არ შევემჩნიე. გზადაგზა ჩერდებოდა და რაღაცებს იწერდა. ქვეყანაზე არაფერი ხდებოდა ისეთი, რეზო ინანიშვილს რომ არ დაენახა.
ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდათ − მათემატიკური ფაკულტეტიდან პოლიტიკამდე იყო მსახიობობა, რეჟისორობა, ფეხბურთის სიყვარული… როდის მიხვდით, რომ უნდა გეწერათ?
არა, ეს უცებ, თავისით კი არ მოვიდა. გარკვეული გამოცდილების შემდეგ იგრძნობ, რომ მზად ხარ წერისთვის. რეზო ინანიშვილთან დაახლოებაც, ალბათ, ამისთვის მზადება იყო − სხვანაირად უნდა დამენახა სამყარო. მე მაშინვე ვგრძნობდი, რომ რეზოსთან საერთო ენას ვიპოვიდი და მიმიღებდა.
საერთოდ, ის, რაც უნდა ისწავლო, როგორღაც შემოდის შენში და იოლად მიდის გულამდე. იმიტომ, რომ რაც შენია, იმას მარტივად შეიცნობ და შეიგრძნობ.
გურამ პეტრიაშვილის სამყარო…
სულ სხვა სამყარო იყო ჩემ გვერდით, ამას ხელშესახებად ვხედავდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ნოდარ დუმბაძე, იოსებ ნონეშვილი, რეზო ინანიშვილი − ყველა ასეთი გახლდათ. უდიდეს რეჟისორ რობერტ სტურუას სიმამრი − მიხეილ კვესელავა, სასწაული ადამიანი იყო. ის თავის თავში აერთიანებდა დიდებულ ადამიანს, პედაგოგს, შემოქმედს, მეცნიერს და რა ვიცი, ყველაფერ საუკეთესოს. ბატონ მიშას ლექცია ჰქონდა, „შარლ ბოდლერის ბოროტების ყვავილები“ ერქვა. საოცრება იყო. პირველად მის ლექციას რომ მოვუსმინე, რამდენიმე წუთში ლექტორი თითქოს გაქრა და ჩვენ წინაშე იდგა შარლ ბოდლერი. ის ღამე გავათენე ლექსების წერაში. მეორე დღეს ეს ლექსები ვაჩვენე მიხეილ კვესელავას და მან მითხრა: „გურამ, იცოდე, რომ შენ ხარ პოეტი, თანაც კარგი პოეტი“. რომ არ გავფრინდი, აი, ისაა საკვირველი. იმავე დღეს ვაპირებდი წასვლას ჩემი ფაკულტეტიდან − მათემატიკიდან, მაგრამ ჩვენ ობლები ვიყავით, უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა კი, იოლი არ იყო. დედას ეშინოდა, ვაითუ სხვაგან ვერ ჩაირიცხოო და ამიტომ მისი ხათრით დავრჩი.
ერთი სიტყვით, გამიმართლა. ცხოვრებაში ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ხშირად მითქვამს, აი, მაქვს საშუალება ამ კაცს გავყვე-მეთქი და არასდროს დამიხევია უკან. ასე, ნელ-ნელა, საოცარი და სამაგალითო ადამიანების ადევნებამ, გააზრებამ, დამეგობრებამ და მათმა სამყარომ შექმნა ჩემი ცხოვრება. ასე, ჭკვიანმა და კარგმა ადამიანებმა ნელ-ნელა გამომძერწეს, რაღაცას ვაკეთებ მეც და ვიღაცას, ალბათ, ვეხმარები კიდეც.
„სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს, სახლის კარი ღია არის მუდამ“ − იოსებ ნონეშვილი გავიხსენოთ…
პოეტი იოსებ ნონეშვილი ძალიან მიყვარდა. მისგან ყველაზე ძვირფასი თუ რამ ვისწავლე, როგორი უნდა იყოს ადამიანისგან სიკეთის გაზიარება და სხვა ადამიანებზე ზრუნვა. ის იყო საოცარი ადამიანი. მახსოვს, უზარმაზარი კაბინეტი ჰქონდა. ვიღაცა რომ დააკაკუნებდა, წამოხტებოდა, თვითონ შეეგებებოდა სტუმარს, შემოუძღვებოდა, დასვამდა მაგიდასთან და ხელს დაადებდა მთავრობის ტელეფონს − სად დავრეკოო… რაც გინდა ყოფილიყო გადასაწყვეტი პრობლემა, იოსებ ნონეშვილი ყოველთვის მზად იყო ყველაფერში დაგხმარებოდა. მას აბსოლუტურად ვერ წარმოედგინა, ვინმე რომ ჩაკეტილი ყოფილიყო თავის ნაჭუჭში. ყველა ყველასთვის ღია უნდა ყოფილიყო. ყველა ყველას დასახმარებლად.
თქვენი ზღაპრები სავსეა სიკეთით: დედამიწას სიყვარულთან ერთად სიკეთეც ატრიალებს?
რასაკვირველია, სიკეთე და სიყვარულია მთავარი ამ ცხოვრებაში. ბოროტება და სიძულვილი არსს მოკლებულია და აუცილებლად აქვს დასასრული. ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთო და დაინახო ყველგან, სადაც შეგიძლია.
წერის პროცესი როგორია?
წერის პროცესი ძალიან სასიამოვნო და კარგია. აი, რაღაცას აკეთებ, თავს დასტრიალებ, გამოგივა და გიხარია, რომ ისეთი გამოვიდა, როგორი ჩანაფიქრიც გქონდა. აი, თონეში რომ მეპურე გემრიელ პურს გამოაცხობს ან მხატვარი რომ კარგ ნახატს დახატავს, ასეა წერაც. უცებ რაღაცას ისეთს ჩაავლებ, გაგიხარდება თვითონაც. მახსოვს, ერთ ზღაპარს რომ ვწერდი: პატარა ქალაქის პატარა სადგურში ბიჭუნას ყოველღამე ყვავილები მიჰქონდა. დიდებული ამბავი იყო − ლამაზი თაიგულები, რომელსაც ძალიან იაფად ყიდდა. მაგრამ საიდან მოჰქონდა ეს ყვავილები? ასე მოვიფიქრე − სიზმრებში კრეფდა… ჰოდა, გამიხარდა. უბრალოდ უნდა თქვა შენი სათქმელი, რომ ეს უბრალოდ ნათქვამი სხვისი სათქმელიც გახდეს. უბრალოებაშია დიდებულება.
შთაგონებისთვის ყველაზე მეტად რა გეხმარებათ?
თუკი მივიჩნევთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ის ღირებულია, მაშინ გეტყვით რა მეხმარება და ოღონდ არ გაოცდეთ. რა მეხმარება? − მამიდაჩემი ოლღა და ძალუაჩემი − ელო ძალო. ელო ძალოსთან ვიზრდებოდი − მასზე ლამაზი არაფერი დაბადებულა დედამიწაზე. აი, სანდრო ბოტიჩელის ნახატებს ჰგავდა. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რეალურად არსებობდა კი ასეთი ადამიანი?..
ესე იგი, ჩვენ ყველანი მაინც ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ?
აბა რა…
და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?
მის გვერდით ყოველთვის უნდა იყვნენ კეთილი ადამიანები. ძალიან ხშირად ეშლებათ და ახალი კაბა, ახალი ტანსაცმელი ჰგონიათ ყველაფერი. ბავშვი ლაღი უნდა იყოს. სიყვარული უნდა, რათა სიკეთემ დაისადგუროს მასში.
რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს?
უკრაინაში მეგობარი მყავდა, თემო სვირელი. მას ჰყავდა ქალიშვილი − 11 წლის დალი. ის უკვე სტუდენტი იქნება. მახსოვს, ერთხელ დალიმ მითხრა: „მე თქვენი ზღაპარი რომ წავიკითხე, გითხრათ მთავარი რა მომივიდა თავში“-ო? მითხარი-მეთქი. „ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანები“-ო. გაგახარა ღმერთმა, მაშინ მეც წავიკითხავ ხელახლა ჩემს ზღაპრებს-მეთქი.
ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია?
საერთოდ, ზღაპარი მანამ ჰქვია მას, ვიდრე კეთილი ბოლო აქვს. არ შეიძლება ბოლო იყოს უიმედო. ზღაპარმა სიკეთე უნდა დატოვოს დედამიწაზე… აი, ჩარლი ჩაპლინის არ იყოს, რამდენი სიცილი დატოვა ამ ქვეყანაზე.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი