დღევანდელი ჩემი რესპონდენტი ძალიან საინტერესო ადამიანია. როგორც თავად იხსენებს, ყოველდღიურ სამუშაო რუტინასთან ერთად სჭირდებოდა ისეთი აქტივობის დამატება, რომელიც საშუალებას მისცემდა გამოეხატა საკუთარი თავი. Teio Ceramics-ის თითოეულ ნივთს თვითონ ქმნის. როგორც თეონა ამბობს, თიხა ყალბი ვერ იქნება, ის ზუსტად გრძნობს შენს ემოციებს. თუ როგორ გარდაქმნა ბავშვობის ოცნება წარმატებულ ბიზნესად, ამის შესახებ OK! თეონა გორგიაშვილს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა Teio Ceramics-ის შექმნის იდეა?
მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი თითოეული თეფშის, ჭიქის მოხატულობასა და მოყვანილობას. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დედას ვთხოვე ჩემთვის თეთრი კერამიკის თეფშები ეყიდა. ასე დავიწყე ხატვა ჭურჭელზე. ილიას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშენებლო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა ისეთი აქტივობა, რომელიც საშუალებას მომცემდა გამომეხატა საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო. მოვძებნე თიხით ძერწვის კურსები და სხვადასხვა ნამუშევრების შექმნას შევუდექი. ახლაც მახსოვს პირველი ჩემი დასრულებული ნამუშევრით მიღებული სიამოვნება, სიამაყე − ის ყველაფერს იტევდა, ყველა ჩემს ემოციას და ინსპირაციას. ინდოეთში მოგზაურობა იყო ჩემთვის გარდამტეხი, რამაც შთამაგონა შემექმნა ბრენდი Teio Ceramics, რომელიც იქნებოდა საკუთარი შინაგანი ბუნებისა და ფერადი სამყაროს გამოხატულება. ასე იქცა ბავშვობის ოცნება რეალობად.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?
ჩემი ნამუშევრები არის როგორც გამოყენებითი, ისე დეკორატიული ხასიათის. მაქვს სხვადასხვა ხაზი და მიმდინარეობა. წამყვანი ადგილი კი იაპონური სტილის სარიტუალო ჩაის ნაკრებებს უჭირავს, რომლითაც ბრენდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საზღვრებს გარეთ. ასევე, საინტერესოა იოგას ხაზიც. 5 წელია იოგას ვვარჯიშობ და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ვძერწავ სხვადასხვა იოგა-ასანებს სკულპტურულ ჭრილში. მასალებს დიდი დაკვირვებით ვარჩევ და ნედლეულის მომწოდებლისგან ყოველთვის მოვითხოვ ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ძენის სამედიტაციო/სარელაქსაციო ბაღი, რომელიც სასარგებლოა ჩვენი მენტალური ბალანსისთვის. მასზე მოთხოვნა მაღალია.
რისგან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?
მოგზაურობიდან, მიყვარს აზიური კულტურა, მისი ესთეტიკა, ბუნება. ამ ქვეყნებში მოგზაურობა მუდამ სხვადასხვა კარს მიხსნის და ეს ჩემს ნამუშევრებშიც იგრძნობა. ასევე, უდიდესი ინსპირაციაა ჩემთვის ბუნება, მცენარეები, ყვავილები… საათობით ვსეირნობ ბუნებაში, ვაკვირდები კვირტებს, ტოტებს, ყვავილის თითოეულ ფურცელს… ყველა დეტალი ხელოვნების საოცარი ნიმუშია, ვცდილობ შევისწავლო და შემდეგ ჩემს ნამუშევრებში რაც შეიძლება ბუნებრივად და ორგანულად გადმოვიტანო.
ალბათ მუდმივად ცდილობთ განვითარებას. ცოდნას როგორ იღრმავებთ?
დიახ, მუდმივად. 2019 წელს ვიყავი ვიეტნამში, კერამიკის სოფელ ბატ-ტრანგში, სადაც გავეცანი მათ ტრადიციულ თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. 2020 წელს ვიყავი მაროკოში, სადაც შევისწავლე თიხის დამუშავებისა და გამოწვის სპეციფიკა, ხოლო მარაქეშში, ცნობილ ოსტატთან გავიარე მაროკოული ტექნიკით ხატვის მასტერკლასები.
მონაწილეობა მივიღე Crafting Europe-ის პროექტში, iAtelier-ის კონკურსში, რომელიც გამოცხადდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ. ტრადიციული რეწვისა და ციფრული ტექნოლოგიის სინთეზით უნდა შეგვექმნა ნამუშევრები. Fablab Iliauni-ს ბაზაზე შევქმენი ორი ინოვაციური პროდუქტი − ბიქილა (ძველი რაჭული, ცომზე ორნამენტული საბეჭდავის გათანამედროვებული ვერსია) და მინი-ლხინი (ქართული ტრადიციული სუფრის მინივერსია − მაგიდა, რომელზეც შესაძლებელია ქვევრიდან ღვინის ჩამოსხმა და ადგილზე, ცხელ თათარაში ჩურჩხელის ამოვლება). ორივე პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში და ჩემმა ინოვაციურმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
მომხმარებელს შეუძლია სასურველი დიზაინისა და ექსკლუზიური ნამუშევრების შეკვეთა, რომელიც იქნება პერსონალიზებული და მხოლოდ ერთი. მზა პროდუქციის შეძენა კი შესაძლებელია როგორც ადგილზე, სახელოსნოში, ისე სოციალურ ქსელში − Teio Ceramics-ის გვერდზე. გარდა ამისა, უდიდეს ონლაინ შოპინგპლატფორმა Etsy.com-ზე.
წარმატებები, თეონა. სამომავლო გეგმებიც გაგვაცანით.
მუდამ ექსპერიმენტებში ვარ და ვცდილობ მომხმარებელს ინოვაციური და განსხვავებული პროდუქცია შევთავაზო. სამომავლოდ ვაპირებ გაფართოებას, პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და ასევე, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელოსნოში სხვადასხვა სამოყვარულო/პროფესიული კურსის დამატებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Email: [email protected]
https://www.facebook.com/Teio-Ceramics-848424132023305/
ტექსტი: სოფიო მალანია