უკვე წლებია, რაც კომპანია PSP, მთავარი საქმიანობის გარდა, სხვადასხვა სოციალური მნიშვნელობის პროექტშია ჩართული. PSP-ს სოციალური აქტივობისა და კორპორაციული ფასეულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წახალისებაა. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად უჭერდა მხარს სპორტის თითქმის ყველა სახეობას საქართველოში და მეტიც − PSP-ს თავად ჰყავს მინიფეხბურთის გუნდი, ახლა უკვე ფუტსალის ლიგაში წარმატებით მოასპარეზე კლუბი.
ქართული OK! წარმოგიდგენთ მინიფეხბურთის სასკოლო ჩემპიონატის პროექტის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ კოორდინატორ ოთარ აბულაძესთან, რომელიც პროექტში PSP-ს მნიშვნელოვან როლზე გვესაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს PSP-ს სააფთიაქო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან, FC PSP-ს მენეჯერ კოტე ჯავახიშვილთან, რომელიც დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით გვესაუბრა PSP-ს საფეხბურთო გუნდსა და კომპანიის სპორტულ აქტივობებზე და გარდა ამისა, გთავაზობთ ინტერვიუს თავად PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნათია ხაბეიშვილთან, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად მოგვითხრო ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დანერგვაში PSP-ს უდიდეს როლზე.
ოთარ აბულაძე – „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ პროექტის კოორდინატორი
ოთარ, მოგვიყევით პროექტზე „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“.
მინიფეხბურთის სასკოლო ჩემპიონატის პროექტი „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ 2019 წელს დაფუძნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ. პროექტი მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება და გულისხმობს სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების თანამედროვე სტანდარტის სისტემის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია PSP დაარსების დღიდან ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია.
რა სახის აქტივობები ხორციელდება პროექტის ფარგლებში?
პროექტის ფარგლებში 2019-2021 წლებში მინიფეხბურთის სასკოლო ლიგის ორი გათამაშება განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით. ამ ხნის განმავლობაში სასკოლო ლიგებში მონაწილეობა 150-მდე სკოლის 1500-მდე ბავშვმა მიიღო. ჩატარებულია 500-ზე მეტი მატჩი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ „სასკოლო ლიგის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც პირველად ქართული მინიფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიო მინიფეხბურთის ფედერაციის (WMF) მიერ ორგანიზებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი უკრაინაში, ქ. კიევში გაიმართა. ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე ქართველმა ახალგაზრდებმა საორგანიზაციო კომიტეტისაგან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს.
მიმდინარე წელს რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი?
მიმდინარე წელს მინიფეხბურთის ლიგა ფართოვდება. დაგეგმილია რუსთავისა და ბათუმის ლიგების დაარსება, ხოლო დედაქალაქის საფეხბურთო ლიგას ემატება სასკოლო ჩემპიონატები ხელბურთსა და პნევმატიკური იარაღიდან სროლაში − როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს შორის. კომპანია PSP ამ წამოწყებაშიც ჩვენი ერთგული მხარდამჭერია.
პროექტის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სპორტში ჩართულობის მოტივაციის ამაღლებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ღონისძიებებისა და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის ერთგული და საიმედო პარტნიორის, კომპანია PSP-ს ჩართულობა. PSP როგორც ფარმაცევტულ ბაზარზე, ასევე, მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით უპირველესი კომპანია და ყველაზე საიმედო პარტნიორია ბიზნესორგანიზაციებს შორის.
კოტე ჯავახიშვილი – PSP-ს სააფთიაქო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, FC PSP მენეჯერი
კოტე, რატომ, როდის და როგორ შეიქმნა PSP-ს გუნდი?
საქართველოში ფეხბურთი N1 სპორტია. 2009 წელს ფეხბურთის სიყვარულმა გაგვაერთიანა და ერთ გუნდად შეგვკრა PSP-ს თანამშრომლები, რის შემდეგაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი კომპანიის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ჯანსაღი ცხოვრების წესი PSP-ს კორპორაციული კულტურის ნაწილია. წლების განმავლობაში PSP-ს სამოყვარულო გუნდი FC PSP გარდაიქმნა, რომლის მენეჯერიც გახლავართ.
რა წარმატებებს მიაღწია FC PSP-მ?
2009 წელს ჩავერთე გუნდის მენეჯმენტში. პირველი წლების განმავლობაში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ გარდა, ვმონაწილეობდით უამრავ ხანმოკლე ტურნირში. განსაკუთრებულად გამოვარჩევ საინტერესო, კარგად ორგანიზებულ და რეიტინგულ „დიპლომატიური სერვისის“ ტურნირს, რომლის ორგზის გამარჯვებულები ვართ. PSP-ს საფეხბურთო გუნდი 2013 წელს „ფარმაცევტული თასის“ გამარჯვებული გახდა. 2014 წლიდან ვმონაწილეობთ საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ და მაღალი რანგის სამოყვარულო კორპორაციულ ტურნირში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში“ − SBM LEAGUE.
როგორ გაგრძელდა PSP-ს გუნდის წარმატებული ნაბიჯების ისტორია?
პირველი პრესტიჟული თასი 2014-2015 წლების ჩემპიონატში მოვიპოვეთ, ფინალში დავამარცხეთ „პროგრეს ბანკის“ უძლიერესი გუნდი. ამ წელსვე ავიღეთ სუპერთასი, დავამარცხეთ „ტატიშვილის“ ძლიერი გუნდი. 2016-2017 წლებში ფინალში დავამარცხეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. 2017-2018 წლებში ფინალში მოვუგეთ იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ თსუ-ს გუნდს და გავხდით ჩემპიონატის ოქროს მედალოსნები. ამავე წელს ავიღეთ სუპერთასი, ფინალში დავამარცხეთ უძლიერესი − საპატრულო დეპარტამენტის გუნდი.
2018-2019 წლების ჩემპიონატში ფინალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდს შევერკინეთ და აქაც პირველი ადგილი მოვიპოვეთ.
ფუტსალის ლიგაზეც გვესაუბრეთ.
2018 წლიდან, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ პარალელურად, პროფესიული ფუტსალის გუნდი ჩამოვაყალიბეთ. 2019-2020 წლების ჩემპიონატში გავხდით ფინალისტები, დავიკავეთ მეორე ადგილი და დამსახურებულად გადავედით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგა „ფუტსალის ლიგა 1-ში“. ამჯერად FC PSP-ს ისტორიაში, ყველა დროის უძლიერესი გუნდი გვყავს, რისი დასტურიც მიღწეული შედეგია − პირველი წრე (7 თამაში) წაგების გარეშე დავასრულეთ. განსაკუთრებით სასიხარულოა ასევე ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე, ხოლო საქართველოს ფუტსალის ნაკრების თავდამსხმელი, ასევე ჩვენი გუნდის ბომბარდირი − ნიკოლოზ კურტანიძეა.
ნათია ხაბეიშვილი – PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნათია, მოგვიყევით იმ ძირითად ღონისძიებებსა და მიმართულებებზე, რომელსაც კომპანია PSP ახორციელებს, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდამჭერი.
კომპანია PSP-ს ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და მხარდაჭერაა. სპორტის თითქმის არც ერთი სახეობა არ დარჩენილა სხვადასხვა დროს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერის გარეშე. ასე მაგალითად, წლების განმავლობაში PSP არის კალათბურთის ეროვნული ნაკრების, საკალათბურთო კლუბების − „დინამოსა“ და „კაქტუსის“ მხარდამჭერი, ასევე, ძიუდოს ფედერაციის სპონსორი; ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ჩოგბურთის, რაგბისა და კრივის ჩემპიონატებს. მუდმივად ვმონაწილეობთ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მათ შორის World Run-ში ჩვენი თანამშრომლების ჩართულობა ყოველთვის ძალიან მაღალია.
მოგვიყევით PSP-ს ფეხბურთის გუნდზე.
აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საკუთარი კომპანიიდან დავიწყეთ. ათეულ წელზე მეტია, ჩვენი თანამშრომლების ბაზაზე მინიფეხბურთის საკუთარი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, რომელმაც ბიზნესლიგიდან დაიწყო და უკვე ფუტსალის ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. არაერთხელ გავხდით მინიფეხბურთის ბიზნესლიგაში საქართველოს ჩემპიონები. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ 2019 წელს ინიციირებული მინიფეხბურთის სასკოლო ჩემპიონატის პროექტი, რომლის მუდმივი მხარდამჭერები ვართ. ქ. თბილისის სკოლებს შორის ჩატარებული ჩემპიონატის ბაზაზე, 2021 წელს მინიფეხბურთის პირველი ახალგაზრდული ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. წელს საფეხბურთო ლიგა დედაქალაქს გასცდება და რუსთავისა და ბათუმის მოსწავლეებს მოიცავს. ასევე, იგეგმება სხვა სპორტული სახეობების დამატებაც. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს, როგორც სპორტის სახეობების მხარდაჭერაში, ასევე საკუთარი ჯანსაღი წარმატების მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდებს. წინ არაერთი საინტერესო პროექტი და გამარჯვება გველოდება ერთად.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი