“მადლობელი იყავით იმის, რაც გაქვთ და უფრო მეტი გექნებათ. თუ თქვენ კონცენტრირდებით იმაზე, რაც არ გაქვთ, საკმარისი არასდროს გექნებათ.”
ოპრა უინფრი არის ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და ფილანტროპი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გადალახო ცხოვრებისეული დაბრკოლებები და გახდე პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
ოპრა უინფრი 1954 წელს მისისიპიში დაიბადა, მას ბებია ზრდიდა, რომლის დახმარებითაც მან წერა-კითხვა ადრეულ ასაკშივე ისწავლა. ოჯახს ეკონომიკურად იმდენად უჭირდა, რომ ოპრას სკოლაში წასვლა ხშირად კარტოფილის მეშოკისგან შეკერილი კაბებით უწევდა. 9 წლის ასაკში ოპრას ცხოვრებაში ტრაგიკული ინცინდენტი მოხდა და ის საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა, როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. 14 წლის ოპრა მამასთან ერთად ტენესში გადავიდა საცხოვრებლად, რამდენიმე თვეში მას ვაჟი შეეძინა, რომელიც დაბადებიდან ორი კვირაშივე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპრა ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ადრეული ასაკიდანვე აფრთხილებდნენ, რომ დამლაგებლად მოუწევდა მუშაობა, ყოველთვის იცოდა, რომ საკუთარ მიზანს მიაღწევდა და პოპულარული გახდებოდა. როგორც ტელეწამყვანი იხსენებს, როდესაც სკოლაში სთხოვეს დაეწერა სად წარმოიდგენდა 20 წელიწადში საკუთარ თავს, მან პასუხი მხოლოდ ერთი სიტყვით გასცა – ”ცნობილი”… ეს იყო თინეიჯერი გოგონას მოტივაციის მამოძრავებელი ძალა, სიმდიდრე და ფული კი მისთვის პირველ რიგში ყურადღების მიპყრობის საშუალება.
“დღევანდელ საზოგადოებაში არავინ გისმენს, თუ წარმატებული არ ხარ და გავლენა და ფული არ გაქვს.”
ოპრას კარიერა 1976 წელს ბალტიმორის სატელევიზიო სადგურიდან დაიწყო, სადაც ის გადაცემა People Are Talking-ის წამყვანი იყო. წარმატებული ნაბიჯების შემდგომ ოპრამ ბედი ჩიკავოს ტელევიზიაში სცადა, რომელიც მისი წარმატებული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა. ოპრას უკვე საკუთარი გადაცემა – A.M Chicago ჰქონდა, თუმცა კონკურენტუნარიან ბიზნესში ადგილის დამკვიდრება არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. აღნიშნულ პერიოდში ქალაქში წამყვანი ფილ დონაჰიუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ყველასგან მოულოდნელად უინფრიმ კონკურენტ კოლეგას მონაცემებით გადაუსწრო და საკუთარი გადაცემა სარეიტინგო სიის ბოლო ადგილიდან პირველზე აიყვანა.
შოუ იმდენად სენსაციური იყო და მაყურებელში იმხელა პოპულარობით სარგებლობდა, რომ A.M Chicago მალე The Oprah Winfrey Show-თი ჩანაცვლდა. საზოგადოებას გადაცემის თემატიკაზე მეტად ტელეწამყვანის შემართება, სტუმრებისადმი დადებითი დამიკიდებულება და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტი იზიდავდა. შოუს მოგებამ 125 მილიონი დოლარი შეადგინა, რომლიდანაც ოპრას 30 მილიონი ერგო. საყოველთაოდ აღიარებული გადაცემა, რომელიც პუბლიკამ პირველად 1986 წელს იხილა, ეთერში 25 წლის განმავლობაში გადიოდა და 2011 წელს დასრულდა.
“ტელევიზიაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ახალი ამბების გაშუქება 19 წლიდან, ნეშვილში მუშაობისას დავიწყე, ეს იყო პერიოდი, როდესაც უბრალოდ მიხაროდა, რომ სამსახური მქონდა და მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ საზოგადოება ტელევიზორში მხედავდა. სუპერმარკეტებში ხშირად მხვდებობდნენ უცხო ადამიანები, რომლებიც მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეკრანიდან მიცნობდნენ. 30 წლის ასაკში ჩიკაგოში ჩამოსვლისას გავაანალიზე, რომ აღარ მინდოდა უბრალოდ წამყვანი ვყოფილიყავი, რომელიც ეკრანზე ჩანდა, აღარ მინდოდა ტელევიზიას გამოვეყენებინე. მინდოდა აღმომეჩინა გზა, რათა თავად გამომეყენებინა ტელევიზია და გარდამექმნა ის ერთგვარ პლატფორმად. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.“
ოპრა უინფრი ფოკუსირებული იყო სენსაციურ თემებსა, ხშირად საუბრობდა სხვადასხვა ადამიანების პრობლემებზე და ცდილობდა მათი ცხოვრება კონკრეტული მაგალითებით უკეთესობისკენ შეეცვალა. დიდი რეიტინგისა და გავლენის პარალელურად, ის გამუდმებით ცდილობდა ადამიანებთან უშუალო კონტაქტი დაემყარებინა და მათი ნდომა არ დაეკარგა. ოპრას გადაცემას ყველაზე მაღალი რეიტინგი მაშინ ჰქონდა, როდესაც მაყურებელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული თემატიკის მქონე გადაცემებს სთავაზობდა. ერთხელ, როდესაც სტუმარმა შოუს მსვლელობისას აღმოაჩინა, რომ საკუთარი მეუღლე ღალატობდა, ოფრამ პირობა დადო, რომ გადაცემის ფორმას შეცვლიდა, ტაბლოიდური თემებისგან თავისუფალი გახდებოდა და შინაარსი მისი ღირებულებების შესაბამისი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გადაცემის რეიტინგი დაეცა, ოპრამ მაყურებლის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება მალევე მოიპოვა.
„თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა თქვენი რწმენის საფუძველზეა განპირობებული, თქვენ გახდებით ისეთი, როგორიც თავად გწამთ, რომ იქნებით. თუ საკმარისად არ აფასებთ საკუთარ საქმიანობას, მაშინ არც მსოფლიო დაგაფასებთ.”
„აგიხდებათ არა ის, რაც გსურთ, არამედ ის, რისიც გწამთ. რაც უფრო ხშირად აღნიშნავთ წვრილმანებს ცხოვრებაში, მით უფრო მეტ რამეს მოგცემთ ცხოვრება აღსანიშნად.”
ქალი, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული ცხოვრება და არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, დღეს უამრავი ადამიანის ინსპირაციის წყაროა, არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ოპრა ხშირად აღნიშნავდა, რომ მისთვის კრიტიკოსების აღიარებაზე მნიშვნელოვანი მისი მაყურებელი და კმაყოფილი აუდიტორია იყო. საკუთარი გადაცემის მეშვეობით ის ხშირად საუბრობდა რასობრივ დისკრიმინაციაზე, ოჯახურ ძალადობაზე, ჰომოფობიასა და ადამიანების უსაფუძვლო ჩაგვრაზე, ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ერთგული მაყურებლის წარმატების საწინდარი პოზიტიური აზროვნება და მისი ძალა იყო.
“თუ მე შევძელი, შენც შეძლებ.”
„სიცოცხლის არსი სრულყოფილ ადამიანად განვითარებაში მდგომარეობს, რომელიც მიზანმიმართულად უნდა ყოფილიყავით. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გგონიათ რომ არ შეგიძლიათ. კრახს თუ განიცდით, კიდევ ერთხელ სცადეთ, რადგან მომდევნო ჯერზე უკეთესად გამოგივათ. თქვენ ცხოვრებაში მიიღებთ იმას, რისი მოთხოვნის გამბედაობაც გექნებათ.”
კარიერის მანძილზე ოპრამ ცნობილ ადამიანებთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერა, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაიკლ ჯექსონია. “პოპის მეფედ” აღიარებული ამერიკელი მომღერლის ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი შოუა ამერიკის სატელევიზიო ისტორიაში.
წარმატებული სატელევიზიო კარიერის პარალელურად ოპრამ გადაწყვიტა ბედი კინოინდუსტრიაშიც ეცადა, როგორც აღმოჩნდა ტელეწამყვანს სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩნდა, მან 1986 წელს ფილმ The Color Purple-ში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ოპრამ 1998 წელს დააარსა სატელევიზიო კომპანია Oxygen Media, 2000 წელს ჟურნალი O, The Oprah Magazine, 2011 წელს კი საკუთარი სატელევიზიო არხი Oprah Winfrey Network (OWN).
მსოფლიოს პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი არის მედლის მფლობელი პრეზიდენტის თავისუფლების დარგში, რომელიც ბარაკ ობამამ 2013 წელს საზოგადოების წინაშე საპატიოდ გადასცა. ოპრა უინფრიმ უამრავი პრობლემისა და წინაააღმდეგობის მიუხედავად, ტრავმული და შეურაცხმყოფელი გამოცდილების ფონზე შექმნა საკუთარი იმპერია და გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქალი, რომელმაც დააარსა არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია.
1998 წელს ოპრამ დაარსა საზოგადოებრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია Oprah’s Angel Network, რომელიც ქალებისა და ბავშვების პოტენციალის ზრდას, განათლების მიღების გზების გაუმჯობესებას და მსოფლიოს გარშემო არსებული ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ისახავს მიზნად. ის მხარს უჭერს არაერთ საქველმოქმედო პროექტს და აფინანსებს აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულ არაერთ არაკომერციულ ორგანიზაციას.