26 ოქტომბერს ავტომოყვარულთა სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, მსოფლიომ ბრიტანული ავტოგიგანტის, Jaguar Land Rover-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Range Rover-ის მოდერნიზებული ვერსია იხილა.
ავტომობილი მართლაც შთამბეჭდავია. შემქმნელებმა შეინარჩუნეს ძირითადი კლასიკური მახასიათებლები, ამიტომ ერთი შეხედვითვე მიხვდებით, რომ ნამდვილად Range Rover-ს უყურებთ. თუმცა, განახლებული მოდელის დიზაინი უფრო დახვეწილი და მინიმალისტურია.
სპეციალურად განახლებული Range Rover-ისთვის დიზაინერებმა ახალი ფერებიც შექმნეს. ბრიტანული ავტოგიგანტის ფერთა გამაში საქართველოს ზღვისპირა ქალაქის, ბათუმის ფერებიც მოხვდა. Range Rover-ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს Batumi Gold უწოდეს.
როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც მე მოვისმინე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბათუმს შემოდგომაზე ესტუმრა და Batumi Gold-ის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. გარდა მზის ჩასვლისა, მასზე შთაბეჭდილება ყვითელი ფოთლებით სავსე ბათუმმაც მოახდინა. შემოდგომა და ბათუმი არასდროს ასოცირდებოდა ერთმანეთთან. ახლა, მზის ჩასვლასთან ერთად, ბათუმის ხსენებისას ეს საინტერესო ამბავიც გაგვახსენდება. ამ ისტორიას და იმას, რომ ავტომობილის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს, მთელი მსოფლიო გაიგებს და საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცევა,“ – აცხადებს მრბოლელი და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე
Land Rover საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბათუმის მომხიბვლელობა არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანამ ბრიტანული ავტოგიგანტის ყურადღება მიიქცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოფისი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ავტოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის სახელი გაჟღერდა და ქალაქი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა.
„ჯი-თი მოტორსი Land Rover-ის ოფიციალური წარმომადგენელია. გვიხარია, რომ ბათუმის სილამაზემ და Land Rover საქართველოს ოფისის წარმატებამ ახალი Range Rover-ის შემქმნელებზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა. მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულები გაიგებენ ბათუმისა და საქართველოს შესახებ, რაც ნამდვილად საამაყოა. ახალი Range Rover-ის წარდგენას ავტომოყვარულთა სამყარო რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა, ამიტომ ეს არ არის უბრალო ღონისძიება. ეს წლის მოვლენაა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. საქართველოში Range Rover-ის ახალი მოდელით უკვე დაინტერესდნენ, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქართველ მომხმარებელს ტესტ დრაივი რაც შეიძლება მალე შევთავაზოთ. Range Rover-ის განახლებული მოდელები საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე ჩამოვა.“ – აცხადებს თამუნა დიასამიძე, ჯი-თი მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია. ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის. ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, ახალი Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.
წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა.