მინისტრის, პრემიერისა და ახლა უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში გიორგი გახარიას არაერთი ინტერვიუა ხელმისაწვდომი. თუმცა, ვერ ნახავთ ვერცერთ ინტერვიუს, სადაც ის საქმის, სახელმწიფოსა და პოლიტიკის გარდა, სხვა თემებზე საუბრობს. საზოგადოებას კი ძალიან აინტერესებს, როგორია გიორგი გახარია სამსახურს გარეთ, როგორ ატარებს დროს ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჟურნალი OK! საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გიორგი გახარიას ოჯახურ პორტრეტს გთავაზობთ. ბავშვობა, სტუდენტობა, ჰობი, ინტერესები, დილის რიტუალი და რა თქმა უნდა, მისი საფირმო ნიშანი – წითელი კალმისტარი… ეს, და არა მხოლოდ ეს საკითხები მოხვდა ჟურნალ OK!-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გახარიასთან, მის მეუღლე მარიკა ფანცულაიასთან და 12 წლის ანა გახარიასთან.
გიორგი გახარია
დილის რიტუალი
დილით ყველანი ვჩქარობთ, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი – ყავის ერთად დალევა. შავი ყავა გვიყვარს. შემდეგ მივდივართ ჩვენ-ჩვენს საქმეებზე.
წითელი კალმისტარი
წითელი კალამი, რომელიც პერანგის ჯიბიდან მუდმივად ჩანს, წითელი არ არის, ის მრავალფერიანია. სახლისა და ოფისის ყველა კუთხეში იპოვით მას. ბრენდული ნამდვილად არაა, მაგრამ რაც მთავარია, პრაქტიკული და სამუშაოდ კომფორტულია. სხვადასხვა ფერის მელნით სხვადასხვა ხარისხის საკითხს ვინიშნავ. როცა ჩახედავ, იოლად არჩევს თვალი. საერთოდ, ძალიან მიყვარს ფურცელთან ურთიერთობა, ხელით წერა. ამას სხვა მისტიკა აქვს და აზროვნებაშიც ეხმარება ადამიანს. არ მაქვს ბრენდებისადმი სიყვარული, ამოჩემებული აქსესუარიც მხოლოდ ეს მრავალფერიანი პლასტმასის კალამია. ასევე, მთავარია, ტელეფონი მქონდეს თან.
თავისუფალი დრო
როცა თავისუფალი დრო მაქვს, კითხვა მიყვარს − სხვადასხვა ლიტერატურის, მათ შორის, მხატვრულისაც. კითხვა მამშვიდებს, ახლის გაცნობა და გააზრება ყოველთვის საჭიროა.
მუდმივი განვითარება
ადამიანი მუდმივად თუ არ განვითარდა, უკან წავა. განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სიმართლისთვის ბრძოლა, იმის კეთება, რისიც გჯერა.
კრიტიკის მიღება
ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს კრიტიკის მიღება. ეს ადამიანს ეხმარება, გახდეს უკეთესი.
ჯანმრთელობა და ფიზიკური ფორმა
წონას ძალიან ვაკონტროლებ. არ გეახლებით ტკბილეულს, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს, ვერიდები ცომსაც. სარბენი ბილიკი მაქვს და შინ ვვარჯიშობ. სიარული ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის.
სურვილი მომავალ თაობას
მომავალ თაობას ვუსურვებდი, აუცილებლად ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.
ოცი წლის შემდეგ…
სად ვიქნები ოცი წლის შემდეგ? ალბათ, მექნება საკუთარი ბაღი, რომელსაც მოვუვლი. მიყვარს მცენარეები და მათთან ურთიერთობა, წელს ზეთისხილმაც მოისხა ნაყოფი. ბუნება არის ის სიმყარე, რაზეც ჩვენი არსებობა დგას, უდიდესი თერაპიაა მიწასთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, მეტად მინდა ფესვებთან დაბრუნება. ჩემი წინაპრების სოფელში 100 წლის წინანდელი ოდა აღვადგინე და ვაზი ჩავყარე. მეძახის იქაურობა.
50+
ცხოვრებას ადამიანი 50 წელს ზევით იწყებს. მანამდე მხოლოდ სწავლა და ვარჯიშია. ჰოდა, ვემზადები ცხოვრებისთვის…
მომავალი თაობა
მომავალი თაობა ძალიან განსხვავებულია. ისინი განვითარების სხვა საფეხურზე არიან. ფართო ცოდნაზე მეტად, ახალი თაობა ვიწრო ცოდნაზეა ორიენტირებული. სპეციალობები მეტად და მეტად ვიწროვდება. ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ზღვა მასალაა ხელმისაწვდომი, ძალიან ფრთხილად უნდა იარონ ბეწვის ხიდზე. რთულია, გაარჩიო, რას ენდო და რას არა.
ბავშვობა
ბავშვობას არაფერი სჯობს. მე, ჩემს დას და დედაჩემს ერთი და იგივე − 126-ე სკოლა გვაქვს დამთავრებული, ვაჟაზე ვცხოვრობდით. დედაჩემის კლასის დამრიგებელი ჩემ დროს უკვე ჩემი სკოლის დირექტორი იყო. მშვიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ პერიოდი გახლდათ რთული − დიდი არეულობა, სამოქალაქო ომი, მხედრიონი… სწორედ ამ დროს მქონდა გარდატეხის ასაკი და დედაჩემმა საკუთარი სამსახურის პარალელურად, საათები აიღო ჩვენს სკოლაში, რომ ჩემთვის მეტი ყურადღება მოექცია. დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ სწორი მიმართულება მომცა და გადავრჩი. ჩვენს თაობას ხომ „დაღუპულ თაობას“ უწოდებენ… ბევრი შეიწირა იმ პერიოდის არასტაბილურობამ.
სტუდენტობა
პოლიტოლოგია მაქვს დამთავრებული. პოლიტიკა თავიდანვე მაინტერესებდა. ამიტომაც გამოცდები პოლიტოლოგიაზე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისია
ჩვენ ახლა გვაკისრია მისია, მომავალ თაობას დავეხმაროთ გზის პოვნაში. ჩემი შვილი 12 წლისაა, გვაქვს უთანხმოებებიც, მაგრამ ვმეგობრობთ. ალბათ, უთანხმოებების გარეშე, არც არსებობს მშობლისა და შვილის ურთიერთობა, განსაკუთრებით − „თინეიჯერობის“ პერიოდში.
რას ნიშნავს კარგი ადამიანი?
ტყუილი აფუჭებს ადამიანს…
მარიკა ფანცულაია
შეყვარებულობის პერიოდი
ჩვენი მამები თანაკლასელები არიან. ბავშვობაში ერთმანეთს არ ვიცნობდით. უკვე დიდები ვიყავით, ერთმანეთს რომ შევხვდით და ერთ წელიწადში ვიქორწინეთ. მთელი ის წელი იყო ულამაზესი სიყვარულის ისტორია. გიორგი არ არის რომანტიკული ნატურა, მაგრამ მთელი წელიწადი ფეიერვერკებს მიწყობდა. მაშინ „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობდი და მთელი ჩემი სამსახური ნატრობდა გიორგის ნახვას. თანამშრომლები ყოველდღე სიურპრიზების მომსწრენი იყვნენ.
სასიყვარულო წერილები
მე თბილისში ვცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. ურთიერთობა მეტწილად ინტერნეტით გვქონდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერები დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს. გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ. სამწუხაროდ, ის ლექსი ფოტოდ მქონდა ტელეფონში შენახული და დაიკარგა, ძალიან ვნანობ.
განსაკუთრებული დღე
დღე, რომელსაც განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, არის შობა და ჩვენი ქორწინების დღე. გიორგის დედა გურულია და უგემრიელეს საშობაო ღვეზელებს აცხობს. დიდ საოჯახო დღესასწაულს ვმართავთ ხოლმე, ყველანი ერთად ვიკრიბებით. მთელი წელი რომ განსაკუთრებულად ვემზადებით, ეგ დღეა შობა. ამ დროს არ არსებობს არაფერი, დიდი ოჯახის გარდა. დამეთანხმებით, ამ აჩქარებულ ყოფაში ეს დიდი ფუფუნებაა და ყველა წუთს განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
გიორგის საყვარელი აქსესუარი
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს პირადი მოხმარების ნივთების მიმართ. დიდად არ აინტერესებს აქსესუარები. რაც ვიცნობ, ერთ ჯვარს ატარებს, რომელსაც არასოდეს იხსნის. აქვს საყვარელი სუნამო. როცა გავიცანი, მაშინაც ამ სუნამოთი სარგებლობდა და მეც დღემდე ყოველთვის ამ სუნამოს ვჩუქნი ხოლმე. მრავალფერიანი პლასტმასის კალმისტარი რომ მუდამ თან აქვს, ეს უკვე ცნობილი ამბავია…
გიორგის გარდერობი
გიორგის გარდერობი სავსეა თეთრი პერანგებით. იმდენად მიეჩვია, რომ იშვიათი დასვენების დღეებშიც ხშირად ასე ჩაცმული დადის. საერთოდ, არც ინტერესი და არც დრო აქვს იმისა, რომ ბევრი იფიქროს ჩაცმაზე. რა თქმა უნდა, გარდერობში ჩვეულებრივ ჯინსსაც იპოვით, მაგრამ თეთრი პერანგი ნამდვილად ჭარბობს.
რას ნიშნავს კარგი ადამიანი?
გულწრფელ, მართალ და გაბედულ ადამიანს. თუ არ გაბედავ, არაფერი გამოვა. არასდროს გამოვდივარ მდგომარეობიდან. ვფიქრობ, ხშირად იმპულსურობა საქმეს აფუჭებს.
ოჯახური რიტუალი
ოჯახში ყველა საქმეს ვინაწილებთ. დილის ყავა დიდი რიტუალია. ვინც უფრო ადრე იღვიძებს, ყავასაც ის ამზადებს. გიორგის ბაღის მოვლა უყვარს, მე კი – მოვლილი ეზო. ამაში სრული თანხმობა გვაქვს.
პროფესია
სამედიცინო მაქვს დამთავრებული და სპეციალობით ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.
გიორგის ძლიერი მხარე
გიორგის ყველაზე ძლიერი მხარე არის სიმშვიდე. ის არ არის მერყევი, ძალიან მყარი ადამიანია. მას შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. გიორგი კედელია, რომლის გვერდით არაფრის გეშინია, მართალი ადამიანია და ყოველთვის მშვიდად ვარ, რადგან ის მეგულება.
სოფელი
ბოლო ხანებში ძალიან გვიზიდავს ჩვენი ფესვები. ორივე ერთი სოფლიდან ვართ წარმოშობით და წლების შემდეგ აუცილებლად ვიცხოვრებთ იქ, სიმშვიდეში და ბუნებასთან ახლოს. გვექნება ჩვენი მეურნეობა, გვეყოლება ცხენები და დავტკბებით ცხოვრებით. პერიოდულად, რა თქმა უნდა, ვიმოგზაურებთ კიდეც.
ანა გახარია
ურთიერთობა მამასთან
მამა მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ხშირად ვბრაზობ ხოლმე, თუმცა რომ დავფიქრდები, ყოველთვის მართალია. იშვიათად, მაგრამ როცა შეუძლია, მაქსიმალურად ბევრ დროს ატარებს ჩემთან, ძაღლებს ერთად ვასეირნებთ და ბევრს ვსაუბრობთ.
ვინ უნდა გავხდე?
მიყვარს ფერადი მძივებით სამკაულების დამზადება. ჯერ არ გადამიწყვიტავს, მომავალში რას გავაკეთებ. ხან გამომძიებლობა მინდა, ხან ვეტერინარობა, ცხოველების ექიმობა. ბევრი სამეცადინო მაქვს, ინტენსიურად ვმეცადინეობ და ალბათ ეს დამეხმარება, გავიგო, რის კეთება მომინდება საბოლოოდ.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი