ქართული OK!-ის სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილია. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავისი საკმაოდ მძიმე და ტკივილიანი გამოცდილების გაზიარების შემდეგ, ნინუცა საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ყურადღებისა და საჯარო განხილვის ქვეშ აღმოჩნდა. მსახიობმა ღიად ილაპარაკა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან. ჩვენთან საუბრისას, ნინუცამ ამ საჯარო აღიარების მთავარი მოტივაცია და მიზანი გაგვიმხილა − თავისი გამოცდილების იმ ქალებთან გაზიარება, რომლებიც მის მსგავსად რთულ მდგომარეობაში არიან. მისი მიზანი იყო ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის მიეწვდინა ხმა და ეთქვა, რომ არასოდეს დანებდნენ, იბრძოლონ.
ნინუცა, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდით ბოლო პერიოდში. როგორ ხართ?
გარკვეულ დონეზე მქონდა ამის მოლოდინი. როცა მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ხარ, აინტერესებს ხალხს შენი ცხოვრება. სინამდვილეში, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენი დიდი და პატარა პრობლემებით. ცოტა საწყენია, რომ ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, ხალხისთვის ამ მგრძნობიარე და მტკივნეული ინფორმაციის გაზიარება ჩემი მხრიდან PR-ისა და ფულის გამო მოხდა. სინამდვილეში, ეს, ასე, რა თქმა უნდა, არ არის. ყველაფერს ორი მხარე აქვს, ეს ვიცი და ყველას ვერ მოგვეწონება ერთმანეთის საქციელი ან ნათქვამი. მაგრამ მაინც ძალიან საწყენია, როცა ნეგატიურ, აგრესიულ გამოხმაურებებს ვეცნობი. სამწუხაროდ, ყველას ვერ ავუხსნი ჩემს სიმართლეს. რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა და თანაგრძნობაც ვიგრძენი ხალხისგან და ეს ძალიან მაძლიერებს.
თქვენი მხრიდან, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ასეთ მტკივნეულ, პირად თემაზე საჯაროდ ლაპარაკი. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ძალიან მძაფრად დგას დღეს საქართველოში და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო თქვენი გამოცდილების გაზიარება.
გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრმა ქალმა მომწერა, რომლებიც მადლობას მიხდიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ამბის გაზიარებით, მათ ძალა მივეცი იბრძოლონ, მიხვდნენ, რომ მარტო არ არიან. ეს ადამიანები რჩევებს მეკითხებიან. მიხარია, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქალების ცხოვრება შესაძლოა სასიკეთოდ შეიცვალოს და გადადგან თამამი ნაბიჯები, დაიწყონ ბრძოლა.
ახლა, როცა ასეთი ხმაურია ჩემ ირგვლივ, მეც სრულიად უცხო ადამიანები დამიდგნენ გვერდით და ძალიან მადლიერი ვარ მათი.
არის ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც მაკრიტიკებენ, რატომ ვილაპარაკე ამ თემაზე უკვე 11 წლის შემდეგ და თანაც ფულის სანაცვლოდ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ფულის გამო, ასეთი იყო გადაცემის ფორმატი და ეს ცილისწამება ძალიან გულსატკენია. აქამდე ჩემთვის არც არავის დაუსვამს ასე ღიად მსგავსი შეკითხვა, თორემ, ალბათ, ვუპასუხებდი. თანაც ეს ისეთი პრობლემაა, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მუდამ გაწუხებს, არ ქრება. უბრალოდ, შემდეგ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ 11 წლის წინ არ იყო საზოგადოების მხრიდან ასეთი მზადყოფნა, მოესმინათ მსგავსი აღიარებებისთვის. ჩვენ ხომ სულ ახლახან ვისწავლეთ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი, ამ პრობლემასთან ბრძოლის დაწყება. ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანის კანონის წინაშე პასუხისმგებლობის დაყენება არც მაშინ და არც ახლა ჩემი ინტერესი არ არის და არც ვაპირებ. მხოლოდ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალებს მივაწვდინე ხმა და ვუთხარი, რომ ბრძოლა ღირს.
ნინუცა, საზოგადოებაში ხშირად ისმება შეკითხვა: რატომ დუმს მსხვერპლი? რატომ არ იღებს ხმას? თქვენ, ალბათ, ყველაზე კარგად შეგიძლიათ ამის ახსნა ჩვენი მკითხველებისთვის.
დიახ, არის ასეთი შეკითხვები: „რატომ არ დაშორდი მანამდე?“; „რატომ იტანდი?“. ყოველთვის არსებობს მსხვერპლის ცხოვრების ის ნაწილი, სადაც საზოგადოება მზადაა მას მოედავოს, მაშინაც კი, თუ მოძალადეს გაშორდა. „რა მოხდა მერე, ოჯახი ასეთია“; „დიდი ამბავი, ერთხელ თუ დაგარტყა“ − ალბათ, მსგავსი კომენტარებიც მოუსმენია ბევრს. მაშინ ჩემი მოთმინების ზღვარი შიშში გადაიზარდა. ყველას, ვინც ეს გამოვიარეთ, ან ახლა გავდივართ, ერთი შიში გვაქვს და ვერ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ამას ემატება სირცხვილის გრძნობა. ძალიან მრცხვენოდა. ყველა მიცნობდა, რომ ვიყავი მხიარული, ლაღი ნინუცა და მრცხვენოდა ჩემი ცხოვრების ამ ნაწილზე მომეყოლა, მეღიარებინა, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი.
ამ თემაზე, ამ ტკივილზე, მუდამ მინდოდა მელაპარაკა, ეს დაგუბებული სურვილი ყოველთვის არსებობდა ჩემში, ამ წლების განმავლობაში. მინდოდა მეთქვა სხვა ქალებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ კარგად იყვნენ. მთავარია, მოახერხონ გადამწყვეტი ეტაპის გადალახვა და იბრძოლონ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ვმუშაობ, სადაც ბოლო პერიოდში ხშირად მიწევდა მსგავსი თემების გაშუქება, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან საუბარი და მიჩნდებოდა სურვილი, ხმამაღლა მეყვირა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მეც მსხვერპლი ვარ და მე მესმის მათი.
ნინუცა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს ახლობლების, ოჯახის თანადგომა, და თქვენს შემთხვევაში რა როლი ითამაშა ამ ფაქტორმა?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან რთულად, მაგრამ ოჯახის, მეგობრების, ახლობლების დიდი თანადგომით, სპეციალისტების დახმარებით გამოვედი ამ მდგომარეობიდან. ბოლომდე ამ მოცემულობისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება სხვანაირია.
ბევრი ქალი მწერს, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მე ოჯახი დამიდგა გვერდით, ისინი კი მუდამ მარტონი არიან. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ისინი არ არიან მარტოსულები. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ − მსგავსი პრობლემის ქალები, აუცილებლად დავუდგებით ერთმანეთს გვერდით. გარდა ამისა, არის ბევრი ორგანიზაცია, თავშესაფრები, ამგვარ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქალებისთვის. დღეს ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა საზოგადოებაში წინა წლებთან შედარებით და ბრძოლას მართლა აქვს აზრი.
რამ გადაგაწყვეტინათ თავის დროზე, ამდგარიყავით და წამოსულიყავით? რა იყო გარდამტეხი ეტაპი?
ჩემს შემთხვევაში, შვილი იყო წამოსვლის მთავარი მოტივატორი. ვერ დავუშვი, რომ ნოდარიკო იმ ძალადობრივ გარემოში გაზრდილიყო. 7 თვის იყო, როცა წამოვედი. მას არ უნდა ენახა ეს ძალადობა, როდესაც დედას მამა ჩაგრავს. მისი და ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უბრალოდ გადავწყვიტე − ავდექი და წამოვედი.
ნინუცა, გინდათ მიმართოთ ჩვენი საშუალებით ქალებს, რომლებიც თქვენს მდგომარეობაში არიან?
დიახ, თქვენი საშუალებით, მინდა მათ გონებამდე და გულამდე მივიდე. მინდა ვუთხრა, რომ მესმის, მე მესმის მათი. ვიცი, რატომ ვერ იღებენ ხმას, რატომ ვერ იბრძვიან. ეს რთულია.
ვიცი, რომ არსებობს ეს შიში, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება, გგონია, რომ ცხოვრებას ვერ გააგრძელებ, იმიტომ, რომ ძალადობის ვაკუუმში ცხოვრობ. შენთვის ცხოვრება სხვანაირია, სასტიკია, და ეს მიღებული გაქვს იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაგაჩნია. მაგრამ იცოდე − ვინც ასეთ მდგომარეობაში ხარ, რომ მარტო არ ხარ და ხსნის გზა ყოველთვის არსებობს. მთავარია, ხმა ამოიღო და ბრძოლა დაიწყო.
ვიცი, რომ ახლა წარმოუდგენელი ჰგონიათ, ჰქონდეთ სხვა ცხოვრება, ეშინიათ და ეგუებიან იმ რთულ რეალობას, რაშიც ცხოვრობენ. მინდა მათაც შეცვალონ ცხოვრება, გადადგან ნაბიჯი და იყვნენ ბედნიერები, თავისუფლები, მშვიდები, იცხოვრონ შფოთვის გარეშე და იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან. ახლა აღარ არის ის დრო, რომელიც თუნდაც 11 წლის წინ იყო და ბრძოლასაც მეტი ძალა და ფასი აქვს. ახლა გაცილებით სწორად რეაგირებს მსგავს თემებზე საზოგადოების დიდი ნაწილი. ამიტომ, თქვენი ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვის, შვილებისთვის გადადგით ნაბიჯი და გათავისუფლდით.
ნინუცა, ამჯერად თქვენს საქმიან ცხოვრებაზე გავაგრძელოთ საუბარი.
მეორე წელია, რაც ყოველ დილით მაქვს ბედნიერება, „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მაყურებელს ვუთხრა: „დილა მშვიდობისა, საქართველო“. ვმუშაობ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ჩემი აზრით, ეს არის საოცნებო სამსახური − ერთი დიდი ოჯახი, სადაც მაძლევენ საშუალებას ვიყო ის, ვინც ვარ. ჩემი გუნდის წევრები ახლაც, ასეთ რთულ მდგომარეობაში, გვერდით მიდგანან და ცდილობენ გამინეიტრალონ, ამარიდონ აგრესია და ნეგატიური განწყობა. ძალიან კარგი ადამიანები არიან ჩემ გარშემო. მე არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა სიამოვნებით ვიღვიძებ ადრე და ვდგები, რომ სამსახურში გავიქცე და ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გავაკეთო საყვარელი საქმე. ჩემი პროდიუსერები აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევენ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, სრულად გამოვამჟღავნო საკუთარი თვისებები და ხასიათი. ეს თავისუფლება ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
შვილზე მოგვიყევით. როგორი ბიჭია ნოდარიკო?
ბავშვთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ახლა 11 წლისაა ნოდარიკო. ძალიან თბილი ადამიანია, ყოველთვის მეფერება, მეხუტება. ჩემთან ხელჩაკიდებული იძინებს. საოცარი ბიჭია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ჩემი საქციელით ბავშვს ტრავმა მივაყენე. სინამდვილეში, მას ეს საერთოდ არ შეხებია, არც აქამდე − 11 წლის განმავლობაში, და არც დღეს. ჩემი შვილი არც ერთ სოციალურ ქსელში არ არის გაწევრიანებული და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხის შესახებ, არ ვუყვები. ძალიან ბავშვურია, ლაღია, და ვუწყობ ხელს, რომ ბოლომდე ასეთი იყოს. მამასთან ურთიერთობა თითქმის არ აქვს და ეს დამოკიდებულება მამისგან მოდის. რა თქმა უნდა, მისვამდა შეკითხვებს, რომელზეც რთულად, მაგრამ მაინც ვპასუხობდი − ისე, რომ მას ნაკლები ტრავმა ჰქონოდა მამის თემაზე. მუდმივად აქვს მამის დანაკლისი. როცა გაიზრდება და ამ საკითხში ჩაიხედავს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე დაინახავს, როგორც არის − სინამდვილეს. მე ის არასოდეს მომიტყუებია და არც მომავალში მოვატყუებ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი