ჩვენი ფედერაციის მთავარი მიზანია ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა რეგიონსა თუ ქალაქში, – გვითხრა საქართველოს ცხოველთა ფედერაციის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით ჩიქვილაძემ. „OK! ბათუმთან“ მან ფედერაციის სამომავლო გეგმებზე, პრინციპებსა და ფასეულობებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შინაური ცხოველის ყოლის პასუხისმგებლობის გააზრებაზე, რომელიც აუცილებლია იმის განსასაზღვრად, ვართ თუ არა მზად ოჯახის ახალი წევრისთვის.
რა სერვისს სთავაზობს საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ულტრათანამედროვე ვეტერინარული კლინიკები საზოგადოებას, რაში არიან საქართველოში ერთადერთი და რა წვლილი შეაქვთ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაში, პასუხებს
„OK! ბათუმის“ ფურცლებიდან გაეცანით.
პირველ რიგში, მოგვიყევით საქართველოს ცხოველთა ფედერაციაზე. როგორი იყო გზის დასაწყისი, განვითარების რა ეტაპები გაიარეთ?
საქართველოს ცხოველთა ფედერაციას საფუძველი 2021 წლის ივლისიდან ქალაქ ქუთაისში ჩაეყარა, სწორედ აქ გაიხსნა ფედერაციის პირველი და ცენტრალური ფილიალი. პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში იწერებოდა, შეიქმნა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პოპულაციების სწორად მართვისთვის. გზის დასაწყისი, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, ვინაიდან ვეტერინარია, როგორც პროფესია, ჩვენი ქვეყნისთვის არის სიახლე და რთული იყო მოგვეძებნა შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების სპეციალისტები. საკითხი კიდევ უფრო პრობლემური გახლდათ რეგიონებში. ამიტომ მოგვიწია ვეტექიმების საზღვარგარეთ მოძიებამ. საბოლოოდ შეიქმნა ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული პროფესიონალური გუნდი, რომელიც ყოველდღე ათობით სიცოცხლის გადარჩენას ახერხებს. რაც შეეხება განვითარებას, ვფიქრობ, ყოველი ახალი დღე განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
გვიამბეთ „GAF ბათუმის“ შესახებ…
ზუსტად 2 წლის წინ, აგვისტოში გაიხსნა ბათუმის ფილიალი. „GAF ბათუმი“ ჩვენთვის იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ვინაიდან სწორედ ბათუმის ფილიალი გახდა ჩვენთვის პირველი 24-საათიანი ფილიალი. ამ ეტაპისთვის ჩვენი კლინიკები გახლავთ მულტიპროფილური და აერთიანებს სხვადასხვა სახის სერვისსა და მომსახურებებს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ვეტერინარული ლაბორატორია და უახლესი მოდელის რენტგენის აპარატი. ჩვენთან შექმნილია ტრადიციული ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები, შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, როგორიცაა ძვლის ფიქსაცია, სიმსივნური წანაზარდის კვეთა, თიაქრის ოპერაცია და მრავალი სხვა. ოპერაციები მიმდინარეობს სპეციალური სანარკოზე აპარატით. კლინიკაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება და მომხმარებელთა კომფორტისთვის შესაძლებელია GAF ტაქსით მომსახურება. ასევე, გვაქვს სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მანქანა, რომელიც პაციენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ემსახურება.
ასევე, მინდა სიამაყით ვისაუბრო ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის შესახებ. არსებულ დეპარტამენტში თავმოყრილია მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტაციების წარმოება, როგორიცაა წარმოშობის დოკუმენტი, საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი, დაბადების მოწმობა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩვენი ინოვაციური ID ბარათი. რაც შეეხება ID ბარათს, საქართველოში ვართ ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა, რომელმაც შეძლო და აწარმოა ცხოველთა ბაზები. ID ბარათის მეშვეობით მეპატრონეს საშუალება აქვს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულად აკონტროლოს მისი ოთხფეხა მეგობრისთვის საჭირო პროცედურები. ჩვენს ფედერაციაში მრავალი სხვა მოსახერხებელი მომსახურებაა. მაგალითისთვის, ჩვენ გვაქვს ცხოველთა სასტუმრო, გასეირნების სერვისი, კინოლოგის მომსახურება, რაც ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების სტილის გამო სათანადო დროს ვერ უთმობენ მათ ბინადარ ოთხფეხა მეგობრებს. GAF ბათუმის ფილიალში, რა თქმა უნდა, არის 24-საათიანი ზოომარკეტი და ვეტერინარული აფთაქი, სადაც შესაძლებელია შეიძინონ ყველა სახის საკვები პროდუქცია და სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო პრეპარატები. საქართველოს ცხოველთა ფედერაციას, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ვებგვერდიც. WWW.MYGAF.GE მომხმარებლებს საშუალება აქვთ, პროდუქცია შეიძინონ სახლიდან გაუსვლელად და ასევე, „GAF ბლოგში“ შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაციას ცხოველთა ჯიშებზე, თავისებურებებსა და საჭიროებებზე. არ გამოგვრჩეს, რომ ჩვენს ფილიალებში ხელმისაწვდომია „კრედო ბანკის“ განვადება და „ირაოს“ სადაზვევო პოლისით სარგებლობა.
მიუსაფარი ცხოველები…
ჩვენი ფედერაცია დაარსების დღიდან არ ივიწყებს მიუსაფარ ცხოველებს და არც იმ ადამიანებს, ვინც მათზე ზრუნავს. ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი. საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ 2022 წელს შექმნა პროექტი – „შემიფარე“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კლინიკებში მუდმივად არის 50%-იანი ფასდაკლება მიუსაფარი ცხოველებისთვის. დამატებით ყოველთვიურად ვაკეთებთ სტერილიზაცია/კასტრაციის 5 ოპერაციას ყველა ჩვენს ფილიალში. გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათები ყველა პროცედურასა და სერვისზე. ვახდენთ თანხის გადანაწილებას და ასე შემდეგ. პროექტი „შემიფარეს“ ფარგლებში GAF-მა მიუსაფარ ცხოველებს დაუდგა სახლები ქალაქში და მის მიმდებარედ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვწყვეტთ მიუსაფარი ცხოველების დახმარებას. ძალიან ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ტერიტორიას, სადაც ქუჩის ცხოველები ბინადრობენ და ვაპურებთ მათ მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ GALF თან და საერთო ძალებით არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ამ ეტაპისთვის სხვადასხვა კომპანიას ვთავაზობთ კოლაბორაციასა და ფასდაკლებებს.
საზოგადოების ნდობა…
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის სტაბილურობის გარანტი საუკეთესო ვეტერინარებისა და უახლესი აპარატურის კომბინაციაა. ეს ყველაფერი განაპირობებს მომხმარებელთა კეთილგანწყობას, ნდობასა და ერთგულებას. საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკების პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში მიიღონ სრული ვეტერინარული მომსახურება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები, ექიმები არ იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. მხოლოდ კონსილიუმის – სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით ხდება მკურნალობის დაგეგმვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკების ქსელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან ვეტერინარულ კლინიკებში. წარმატებული კლინიკური პრაქტიკის გარდა, არის სხვა კომპეტენციებიც, რომელთა დამსახურებითაც ვინარჩუნებთ ხარისხს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამები, გვყავს მოწვეული ვეტერინარები, რომლებიც ატარებენ ლექციებს და მუდმივად ხდება ჩვენი თანამშრომლების გადამზადება. ყველაფერი ეს განაპირობებს ჩვენი ქსელის უნიკალურობას, წარმატებას და ლიდერობას.
პრინციპები და ღირებულებები…
პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ღირებულება არის ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. შემდგომ კი ყოველდღიური საქმიანობა წარმოუდგენელია შემდეგი პრინციპების გარეშე: უსაფრთხოება და ხარისხი, პაციენტზე ზრუნვა, ინოვაცია და ზრდა, გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ვიცავთ შემდეგ 2 წესს: არა – არარაციონალურ და გაუმართლებელ ანტიბიოტიკოთერაპიას. არა – პაციენტის ჯანმრთელობაზე ექიმის გულგრილ დამოკიდებულებას.
ხშირია შემთხვევა, როცა აჰყავთ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი, თუმცა აღმოჩნდება, რომ არ არიან ამისთვის მზად, ვერ აქცევენ შესაბამის ყურადღებას. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ უნდა იყოლიოს ოთხფეხა მეგობარი?
მოდი, შევთანხმდეთ – ცხოველების სიყვარული მხოლოდ სოციალურ ქსელებში საყვარელი ლეკვის ან კნუტის ვიდეოს გაზიარება ან მოფერება არ არის. შინაური ცხოველი საჭიროებს ზრუნვას სახლში მოყვანისთანავე, მას სჭირდება: დრო, ყურადღება, სახლში უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა და, რა თქმა უნდა, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, ასევე, აცრებსა და სხვადასხვა სპეციფიკურ საჭიროებებთან დაკავშირებული პერიოდული ფინანსური ხარჯები.
უფრო მეტიც, შინაური ცხოველის ყოლა პასუხისმგებლობებს არა მარტო ცხოველის მიმართ გულისხმობს, არამედ საზოგადოების მიმართაც. ეს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები საკანონმდებლო დონეზეც კი არის რეგულირებული. აქედან გამომდინარე, აუცილებელია წინასწარ განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად ოჯახის ახალი წევრისთვის.
სამომავლო გეგმები…
ამ ეტაპისთვის ფედერაცია ფლობს 7 ფილიალს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და მუდმივად მივიწევთ წინ, ძალიან მალე დედაქალაქშიც ვაპირებთ მრავალპროფილური ვეტერინარული კლინიკის გახსნას.
ჩვენი ფედერაციის მთავარი მიზანია ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა რეგიონსა თუ ქალაქში. სამომავლო გეგმაც ასეთია, – რაც შეიძლება მეტი ულტრათანამედროვე ვეტერინარული კლინიკა ჩვენს ქვეყანაში.