სანდრო გეგეჭკორი 22 წლის წარმატებული პიანისტია, რომელსაც არაერთი საერთაშორისო კონკურსი მოუგია და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ გააგრძელებს. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ჯერ საერთო მეგობრების მოძიება დავიწყე, შემდეგ კი გადავწყვიტე, უშუალოდ მისთვის მიმეწერა. პასუხი მალევე დამიბრუნა. ეს იყო თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანის პასუხი, ახალგაზრდის, რომელიც თავისი გულწრფელობითა და საქმისადმი დამოკიდებულებით აუცილებლად შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
როდესაც გავიცანი, გულწრფელად მომინდა მადლობა მეთქვა სანდროს დედისთვის. მე, როგორც მშობელი, ბედნიერი ვიქნები, თუ სანდროსნაირი ბიჭების გაზრდას შევძლებ. როდესაც სანდროს ვკითხე, რაზე ოცნებობს, დარწმუნებული ვიყავი, პასუხს მუსიკალურ წარმატებასა და პაინისტის მწვერვალების დაპყრობაზე მივიღებდი, მაგრამ მან მომიგო, რომ ოცნებობს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს…. მადლობა, სანდრო, ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის, მადლობა, რომ შენთან ინტერვიუს შემდეგ ვცდილობ უკეთესი ადამიანი ვიყო…
დარწმუნებული ვარ, სანდრო გეგეჭკორის სახელსა და გვარს კიდევ ხშირად გავიგონებთ და სიამაყით ავივსებით, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეა.
ბავშვობა
ძალიან საინტერესო და სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა. დედისერთა ვარ და ყოველთვის ვიყავი განებივრებული ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით, ისინი მთელ თავიანთ სიყვარულსა და ენერგიას დებდნენ ჩემში. ბავშვობაში დედაჩემის ინიციატივით დავდიოდი ყველაფერზე – ჭადრაკზე, სპორტზე, ცეკვაზე, უცხო ენებზე და, რა თქმა უნდა, მუსიკაზე. მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, ამავდროულად სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი.
როდესაც იმ ასაკის გავხდი, როცა თავად შემეძლო გამომეტანა დასკვნა, რა უფრო მომწონს, მივხვდი, რომ ერთადერთი რამ, რის გარეშე ერთი დღეც არ შემეძლო გამეტარებინა, მუსიკა იყო, კლასიკური მუსიკა.
ამ გადმოსახედიდან ძალიან მადლიერი ვარ და ვაფასებ დედაჩემის მიდგომას, რომ მომცა საშუალება, გამომეცადა ყველაფერი და მერე თავად ამერჩია ჩემთვის სასურველი საქმიანობა. დედა კი ამასობაში ძალიან კარგ მსმენლად იქცა, რომელსაც დღეს შეუძლია სიღრმისეულად გაარჩიოს მუსიკალური ნაწარმოები. ბებია პროფესიით მუსიკოსია, პიანისტი, დამთავრებული აქვს ხარკოვის კონსერვატორია და 30 წლის განმავლობაში მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო. ვფიქრობ, მუსიკის ნიჭი სწორედ ბებიისგან გამომყვა.
ჭიათურაში დავიბადე, იქ დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება, თუმცა შემდეგ თბილისში გადმოვედით, ვსწავლობდი 47-ე სკოლაში და ნიჭიერთა ათწლედში პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში. ახლაც ალექსანდრე გარბერის მოსწავლე ვარ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჭიათურაში საოცარი, განსაკუთრებული პედაგოგები მყავდნენ.
მუსიკის აღმოჩენა
მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა კონკურსში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ამ გამარჯვებამ იმხელა სიხარული მომიტანა, მივხვდი, ჩემი შესრულებით რამხელა სიამოვნების მინიჭება შემეძლო ადამიანებისთვის და ამან მომცა მთავარი ბიძგი. მას შემდეგ სულ არის მუსიკა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ნაწილია, ჩემში ცხოვრობს და მანამ იარსებებს, სანამ მე ვარსებობ.
მუსიკა დაუსრულებელი აღმოჩენების პროცესია და მას შემდეგაც აგრძელებს არსებობას, როდესაც არტისტი წყვეტს ცხოვრებას. მისი აღმოჩენა ბოლომდე შეუძლებელია. მუსიკა ცხოვრებისეული სიამოვნებაა. მისი გამოკვლევითა და ძიებით უფრო მეტს და მეტს სწავლობ. ჩემს ცხოვრებაშიც ასეა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტს ვეძებ, მით უფრო მეტს ვუღრმავდები და მით უფრო მსიამოვნებს.
სცენაზე
პირველად ქუთაისის სცენაზე გამოვედი, 6 წლის ვიყავი. ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები დავუკარი და სიმართლე გითხრათ, იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო, – გავედი, შევასრულე, ტაში დამიკრეს, გამოვედი.
აი, რასაც ნამდვილად გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ბარსელონაში კატალონიის სასახლის სცენა. მეამაყება, რომ პირველი ქართველი ვარ ისტორიაში, ვინც ამ კონკურსზე გამოვიდა და მოიგო. ეს იყო უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება, შესაძლებლობა იმის, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაიტანო შენი ქვეყნის სახელი მის საზღვრებს გარეთ. ჯამში ყველაფერი ერთად, – ევროპის შუაგულში, ბარსელობაში, საოცარ სასახლეში ურთულესი კონკურსი; შენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინე და ამდენი ადამიანი რომ გილოცავს და გულწრფელად უხარია შენი წარმატება, საოცარ შეგრძნებებს იწვევს. ეს იყო გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულად დარჩება.
წარმატება და აღიარება
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. ნახტომებით, მაგრამ მაინც თანამიმდევრულად. დაიწყო შოპენის კონკურსით, მაშინ 14 წლის ვიყავი. იქ გავხდი ლაურეატი, შემდეგ იყო ვენაში გრანპრი, შემდეგ ამერიკაში ვიყავი, მერე ბარსელონაში და ბოლოს ის უამრავი კონცერტი, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავმართე.
ჩემი აზრით, პიანისტი თანამიმდევრული უნდა იყოს და ყველა ეტაპი გაიაროს. არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული ამბიციები, უნდა გამოირჩეოდეს დაბალანსებული ნიჭით, შრომისუნარიანობითა და იმ მიღწევებით, რასაც მოიხვეჭს. თუ სურს, რომ კლიბერნის კონკურსი მოიგოს 16 წლის ასაკში და ბაზაც კი არ ჰქონდეს გავლილი, სისულელე იქნება, მაგრამ თუ პიანისტს უნდა, რომ ეს კონკურსი მოიგოს და მანამდე თანამიმდევრულად იშრომებს, გაივლის უამრავ ნაწარმოებს, წაიკითხავს ბევრს, სხვა კონკურსებზე ცდის ბედს, რომლიდანაც გამოცდილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდი შანსი აქვს.
შემოქმედ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ აღიარების ხიბლში თუ გაეხვევა, აუცილებლად დაიღუპება. კლასიკურ მუსიკაში არ არსებობს უმაღლესი მწვერვალი, ყოველი დიდი მწვერვალის შემდეგ იმაზე დიდი არსებობს. რაც არ უნდა ამოწურო საკუთარი თავი, მუსიკაში მაქსიმუმს ვერ გააკეთებ, დაუსრულებელი პროცესია.
საკონკურსო ცხოვრება
კონკურსები ძალიან დიდი სტრესია, მაგრამ უდიდესი გამოცდილება და გარდატეხაა. ბარსელონამდე როგორ ვუკრავდი და ბარსელონის შემდეგ როგორ დავიწყე დაკვრა, იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ მეც მიკვირს. არა იმიტომ, რომ შრომა გავაორმაგე, არამედ იქ, სადღაც! ქვეცნობიერში რაღაც გადატრიალდა და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე – ბგერის ხარისხს, სიამოვნების მიღებისა და გაცემის დონეს, როგორ უნდა ვყოფილიყავი გულწრფელი სცენაზე.
კონკურსებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რაც კონკურსების შემდეგ მოდის, ის გზები, რომელიც გეხსნება.
ბარსელონის კონკურსის შემდეგ 15 კონცერტი მქონდა ევროპის წამყვან ქალაქებში, კონცერტები ორკესტრებთან ერთად. მალე ბარსელონაში სიდი უნდა ჩავწერო. ასევე მქონდა კონცერტები საქართველოშიც.
ჯულიარდი
ჯულიარდის სკოლაში აგვისტოში მივდივარ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ჯულიარდის მოსწავლე ხარ, უკვე სხვანაირად გიყურებენ. ნიუ-იორკშია. ყველაფერი იქვე გაქვს, დაწყებული კარნეგი ჰოლით, დამთავრებული იმპრესარიოებით, უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანაში ერთადერთი, რაც გევალება, მოქმედებაა. შენ თუ არ იმოქმედე, შენ მაგივრად სხვა არავინ არაფერს არ გააკეთებს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში დავფუძნდე, მაგრამ კონცერტებზე სხვა ქვეყნებშიც ხშირად დავდიოდე.
გული მწყდება და იმედია, დადგება ჩვენს ქვეყანაში დრო, როდესაც ეს საშინელი პოლარიზაცია დასრულდება. ხელოვანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ როდესაც სამშობლოს სჭირდება, საკუთარი პოზიციაც უნდა დააფიქსიროს. ეს აუცილებელია, თუმცა მე ვისურვებდი, ეს არ იყოს ხოლმე დაპირისპირების საფუძველი. რაც უფრო პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს, მით უფრო მალე მივალთ იქამდე, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ, – თავისუფალი და დამოუკიდებელი მომავლისთვის.
სანდრო გეგეჭკორი 10 წლის შემდეგ
ვისურვებდი მქონდეს ნამდვილი, ღირსეული საკონცერტო პიანისტის კარიერა, რომელსაც ყოველკვირეულად ექნება კონცერტები და ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანიჭებდეს სიამოვნებას.
ჩემი ოცნებაა, მომავალში იმდენად მყარად დავდგე ფეხზე, რომ უმწეო ადამიანების დახმარება შევძლო. არა აქვს მნიშვნელობა, მატერიალური დახმარება იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, ადამიანებს დავეხმარო.
როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე
სამყარო მუსიკის გარეშე ძალიან უინტერესო იქნებოდა, მე ვიტყოდი – ერთი დიდი ქაოსი. მუსიკა აერთიანებს ადამიანებს, თვითონ სამყაროს აერთიანებს მუსიკა.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე
ლოკაცია: ყავის სახლი კოსტავაზე