ქართული OK! საინტერესო ადამიანსა და ნიჭიერ ხელოვანს − კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილს სასაუბროდ ძველი თბილისის კოლორიტულ უბანში, მისსავე კაფეში შეხვდა. სივრცეს, რომელსაც სულ მალე კულტურულ-საგანმანათლებლო დატვირთვა ექნება, რეჟისორმა აკირა კუროსავას ცნობილი ფილმის სახელი − „იკირუ“ დაარქვა. გიორგისთან ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი რეჟისორის შემოქმედებით ცხოვრებას პანდემიური კრიზისი; რომელია გიორგის მიმდინარე, ძალიან საინტერესო პროექტები, რატომ არის მისი აზრით, მსოფლიო კინემატოგრაფია კრიზისში და რატომ „იკირუ“…
გიორგი, მოგვიყევით, როგორ ხართ ამ უცნაურ რეალობაში? როგორ უმკლავდებით ხანგრძლივ პანდემიურ კრიზისს?
ვერ ვიტყვი, რომ მარტივია ეს ყველაფერი. ხან მგონია, რომ სიზმარია, გავიღვიძებთ, ეს ყველაფერი გაქრება ღამის კოშმარივით და კვლავ ჩვენს რეალურ სამყაროში აღმოვჩნდებით. უკვე სასოწარკვეთილების განცდა გაჩნდა ადამიანებში. თუ თავიდან ვფიქრობდით, რომ ამ პრობლემას მალე დაძლევდა დღევანდელი პროგრესისა და განვითარების დონე, აღმოჩნდა, რომ საზოგადოება, რომელიც ცდილობს მარსზე დასახლება შექმნას, სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. უხილავი მტერი შემოგვესია და თავდაყირა დაგვაყენა, კაცობრიობის ისტორია და მთელი განვითარება სასაცილო გახადა.
შემოქმედებით განწყობაზე თუ იმოქმედა ამ კრიზისმა?
შემოქმედებით განწყობაზე ძალიან იმოქმედა. თავიდან გაჩნდა განცდა, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა ახალი იდეების განსავითარებლად, წერაც დავიწყე, მაგრამ რაკი ეს რეალობა ყოფით რუტინად გადაიქცა, მოტივაციაც დამეკარგა. თუმცა ბოლომდეც ვერ დავიჩივლებ, რადგან ამ პერიოდში გაჩნდა ჩემს საქმიან ცხოვრებაში რამდენიმე პროექტი, რომლებზეც ერთმანეთის პარალელურად ვმუშაობ და თითქოს დროც აღარ მრჩება ზოგადი განსჯებისთვის, იმდენად კონცენტრირებული ვარ საქმეზე.
მიმდინარე პროექტებზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით.
გამიმართლა, და პანდემიის დაწყებამდე დავასრულე ფილმის გადაღება, რომელსაც ჰქვია „მშვენიერი ელენე“. ეს გახლავთ ორიგინალური სცენარის სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის მონტაჟი ახლახან დავასრულეთ ონლაინურთიერთობის ფორმატში. ეს პირველი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ერთი მემონტაჟე იჯდა ანკარაში, მეორე − ბარსელონაში, მე აქედან ველაპარაკებოდი მათ და ასე ვამონტაჟებდით ფილმს. ახლა ხმისა და გამოსახულების სამუშაოები დაგვრჩა და იმედი მაქვს, შემოდგომაზე სრულად მოვრჩებით მუშაობას. პირველად ფილმი ერთ-ერთ კინოფესტივალზე გავა მსოფლიო პრემიერაზე, მანამდე, სამწუხაროდ, თბილისში ვერ მოხერხდება პრემიერის გამართვა.
მეორე პროექტი გახლავთ ჩვენთვის უცნაური, რადგან პირველი საშინელებათა ჟანრის ფილმი უნდა გადავიღო. ეს არის ავსტრალიური, ამერიკული და ქართული კოპროდუქცია − სრულმეტრაჟიანი ფილმი, და ერქმევა „კუმისის მოჩვენება“. სოფელ კუმისის ცნობილ მოვლენებზე იქნება აგებული მხატვრული ისტორია, რომელსაც შემოდგომით საერთაშორისო ჯგუფთან ერთად გადავიღებთ საქართველოში. მე ვარ ფილმის მოწვეული რეჟისორი, შესაბამისად, ეს ჩემი პირადი პროექტი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ზოგადად, მუდამ ვოცნებობდი ამ ჟანრში მუშაობაზე, რადგან საშინელებათა ფილმების დაჟინებული მაყურებელი ვარ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს. ახლა კი მომეცემა საშუალება, ამ მიმართულებით საკუთარი ძალებიც გამოვცადო. ვნახოთ, რის გაკეთება შემიძლია. ფილმის სცენარი ეკუთვნის ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტს, ანდრე ფაბრიციოს, რომელიც რამდენიმე დიდი ჰოლივუდური ფილმის სცენარის ავტორია. მასთან ერთად მუშაობს ფილმზე ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი ვიქტორია ჰილი, რომელიც ჩემი მეგობარია და სწორედ ისაა ამ პროექტის მთავარი პროდიუსერი. გარდა რეჟისურისა, სცენარის კონსულტანტიც ვარ და აქაურ რეალობაზე მორგებულ დრამატურგიაზე ვმუშაობ. ფილმი ინგლისურენოვანი იქნება და ექვს მთავარ როლს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ. ფილმში იქნებიან ქართველი პერსონაჟებიც, რომელთაც ქართველი მსახიობები ითამაშებენ. ამჟამად მიმდინარეობს მსახიობებისა და ლოკაციების შერჩევის პროცესი, რაშიც მე თვითონ აქტიურად ვარ ჩართული. გვყავს ძალიან კარგი დამდგმელი ოპერატორი, ვისთან ერთად მუშაობაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ახლა გამოდის, რომ ძალიან გამიმართლებს.
გარდა ამისა, მაქვს კიდევ ერთი, ეს უკვე ჩემი, საკუთარი პროექტი, სახელწოდებით „მთვარე მამაა ჩემი“. ეს იქნება მძიმე და დრამატული ისტორია ქართველი მამა-შვილის ურთიერთობაზე. ახლა დაფინანსების სრულად მოძიების ეტაპზე ვართ. გარკვეული ინვესტიცია უკვე მიღებული აქვს პროექტს და შესაბამისად, უკვე ვიცით, რომ ესეც იქნება კოპროდუქცია − ქართული, ჩეხური, გერმანული და ებრაული მხარეების ერთობლივი პროექტი. გადაღებები 2022 წლის ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება, რადგან ისტორიის ძირითადი ნაწილი მთაში, თოვლიანობის დროს ვითარდება. კიდევ ვმუშაობ აი, ამ კაფეს ბოლომდე ასამუშავებლად, სადაც ახლა ვიმყოფებით. გვინდა ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე მოვაწყოთ.
საკმაოდ სიმპათიური და სახასიათო ადგილია. რა ერქმევა მას და რას შესთავაზებთ აქ მოსულ ადამიანებს?
ამ ადგილს დავარქვით „იკირუ“, აკირა კუროსავას ცნობილი ფილმის სათაური, რაც ქართულად ნიშნავს − „იცხოვრე“. გვინდა, ამ ადგილს კინოსთანაც ჰქონდეს კავშირი. ეს იქნება შეხვედრების ადგილი, გვექნება კარგი ღვინო, სუშის კუთხე, ქართული სამზარეულო. რთულია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, მაგრამ შევეცდებით, ძალიან მალე სრულად ავამუშაოთ. ვცდილობ, არ გავჩერდე, ყველა მიმართულებით. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანის გაჩერება შეუძლებელია.
გიორგი, კინემატოგრაფია, როგორც თქვენი საქმე, ცხოვრების წესი, რას ნიშნავს თქვენთვის?
მგონია, ადამიანი ცნობიერად თუ არაცნობიერად თავიდანვე ირჩევს თვითგამოხატვის სხვადასხვა გზას. ყველას სჭირდება ამ სოციუმში თავისი სათქმელის გარკვეული ფორმით მოტანა და დაფიქსირება. ეს მოთხოვნილება ბუნებრივად დევს ყველა ადამიანში. ჩემთვისაც ასე იყო, როცა ჯერ კიდევ 12-13 წლისას გამიჩნდა საკუთარი სათქმელი, და მომინდა ის ადამიანებამდე მომეტანა. მაშინ აღმოვაჩინე კინო დიდ ეკრანზე, სადაც ჩაბნელებულ დარბაზში გამოსახულების ენით შეგიძლია ესაუბრო ადამიანებს და მიიტანო მათთან შენი სათქმელი. იქიდან მოყოლებული, კინო გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. როცა იწყებ შენი საქმის შესრულებას, შემდეგ აღარ ხდება მიზეზების გააზრება, თუ რატომ აკეთებ ამას. აკეთებ იმიტომ, რომ არ შეგიძლია არ გააკეთო. ეს საქმე ჩემი არსებობის ფორმაა, ცხოვრებაა, პრაგმატულ კონტექსტში − იკირუ.
თანამედროვე კინემატოგრაფიას როგორ შეაფასებდით?
მე მგონია, რომ დღეს მსოფლიო კინემატოგრაფიას ძალიან უჭირს და ამაში პანდემიას არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, კრიზისშია ეს სფერო − ზოგადად, ხელოვნება, სულიერება, კინო. ეს ყველაფერი თითქოს აღარაა ადამიანური ყოფის პრიორიტეტი და დაკარგა აქტუალურობა, რაც ჰქონდა თუნდაც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, როცა ადამიანის სულიერი განვითარება, ფასეულობების ძიება იყო გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს. ახლა ისეთი ცხოვრებაა, როცა ადამიანს არ აქვს შეჩერების საშუალება. შეჩერება კი ფიქრს ნიშნავს, სიღრმეში ჩასვლას. ამიტომ ვრჩებით დინების ზედაპირზე და აქვე ვმოძრაობთ, ეს კი გამორიცხავს სიღრმეებში ჩასვლას, რაც აღარც გვაინტერესებს და ვეღარც ვახერხებთ. დღევანდელი კინო წავიდა ზედაპირულობისკენ. დიდი ფესტივალებიც კი უცნაურ სელექციებს აკეთებენ, სადაც ფასეულობებზე კი არ არის აქცენტი, არამედ გადაღების ახალი ფორმების ძიებაზე, რაც სრულიად გაუგებარია. მხოლოდ იმ მომენტში არსებობს, ეფექტისთვის, და არ რჩება, დროს ვერ უძლებს.
თანამედროვე ქართულ კინოზე რა აზრის ხართ?
ჩვენც, ქართული კინო მსოფლიო კინემატოგრაფიის შემადგენელი ნაწილი ვართ და აქაც მსგავსი კრიზისია, რაც დიდი ხანია გრძელდება. მე ვიტყოდი, რომ ეს 1980-იანი წლებიდან მოდის. ბოლო პერიოდში თითზე ჩამოსათვლელია ფილმები, რომელთაც ღირებულება აქვს, რომელიც დარჩა და დროსთან კავშირში არაა. ამას ბევრი მიზეზი აქვს: ცვლილებები, რთული პერიოდები ქვეყნის ისტორიაში, არეულობები… ეს სფეროზე ნეგატიურ ასახვას პოვებს ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, ყოველივე შეიძლებოდა გამხდარიყო კარგი საზრდო ახალი თემებისთვის, ახალი ფილმებისთვის. კიდევ არის მიზეზი, რომელიც ამ ყველაფერს აფერხებს: ჩვენ დავკარგეთ პროფესიული განათლების საშუალება და ესეც დიდ როლს თამაშობს ამ კრიზისის გაღვივებაში. კინოში თუ ხელობის კეთების საფუძველი არ გაქვს, ხუთწუთიან უწყვეტ კადრებს, რომლითაც შეიძლება ვინმეს თავი ერთჯერადად მოაწონო, არავითარი დატვირთვა არ აქვს. შეიძლება ვერაფერი გაიგოს მაყურებელმა ამ კადრით და სწორედ იმიტომ, რომ ვერ გაიგო, მიიჩნიოს, რომ „ვაუ, რა მაგარია…“ აი, ამგვარი სნობიზმიც გვახასიათებს. ჩვენი კინო ჩიხშია. პრობლემებს, რომელიც უკვე ვახსენე, ემატება მწირი დაფინანსება და ქვეყანაში პრიორიტეტების არარსებობა. ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნება, კულტურა, კინო, პრიორიტეტი არ არის, ამიტომ გაქრა მოტივაცია და საშუალებები, ინტერესი ახალგაზრდა თაობის მხრიდან. იყიდება ის, რაზეც მოთხოვნაა. დღეს ვინმე თუ შექმნის ბერგმანის „მარწყვის მდელოს“, ის არ გაიყიდება, რადგან არავის სჭირდება.
თავად როგორი კინო გიყვართ?
მიყვარს ერთი მხრივ კინო, რომლითაც შემიძლია განვიმუხტო და არ ვიფიქრო, ფანტაზია გავაღვიძო, რომელიც სხვა სამყაროში წამიყვანს და რეალობას მომაცილებს, და მეორე მხრივ, კინო, რომელიც დამაფიქრებს, გამიჩენს და დამიტოვებს შეკითხვებს, რომლებზეც თავად უნდა მოვძებნო პასუხები.
რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია…
ბევრია ასეთი კარგი რეჟისორი, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ: ჩემთვის ნომერი პირველი რეჟისორი, ვისზეც ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია, მასზე დიდი მოვლენა ოდესმე მოვიდეს კინოში, არის ჩარლი ჩაპლინი. მან შექმნა ყველაფერი კინოში, მან შექმნა კინოენა, მოიტანა ყველაზე მთავარი. მან შეძლო, ერთდროულად გაეცინებინა და აეტირებინა ადამიანი. წარმოუდგენლად დიდი ძალაა, როცა ამას ერთდროულად ახერხებ. ძალიან დიდი ავტორია ბერგმანი, კუროსავა − ასევე უზარმაზარი მოვლენა; ფელინი, ტარკოვსკი. ბევრი ასეთი რეჟისორი შემიძლია დავასახელო.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე