ქართული OK! ცესკოს ახალ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს წარმოგიდგენთ − ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პროცესების მართვას სულ ორიოდე თვეა რაც შეუდგა და უკვე დიდი გამოწვევის − თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელების წინაშე აღმოჩნდა. გაწონასწორებული, შინაგანად მშვიდი და ემპათიური ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, რომ მისთვის ახალ პოზიციაზე მუშაობა გამოწვევაა, რომელსაც მომზადებული გეგმით შეხვდა. როგორია ცესკოს ახალი ხელმძღვანელის გეგმები, როგორ გაუმკლავდა წარმატებით ახალი გამოწვევის პირველ ნაბიჯებს და ბოლოს, როგორია მისი ცხოვრება საქმის მიღმა − ამას გიორგისთან OK!-ის საინტერესო ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, როცა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეთ? რა გესახებოდათ მთავარ გამოწვევად?
დიდხანს ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამომეყენებინა იმისათვის, რომ ცესკოს სხვადასხვა თანამდებობრივ საფეხურზე მუშაობის ჩემი საკმაოდ დიდი, 13-წლიანი გამოცდილება ისევ დამებრუნებინა ადმინისტრაციისთვის, ახლა უკვე სხვა პოზიციიდან. ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ფაქტების შეფასება გაკეთებული საქმეების მიხედვით მიყვარს და თუკი შევაფასებთ ბოლო 2,5 თვეში გაწეულ საქმიანობას, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა, ეს უკვე პასუხია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იყო ჩემი ნაბიჯი. კიდევ ერთი მომენტია: ალბათ ნებისმიერი გარე პირისთვის რთული იქნებოდა სრულად ჩართვა ჩვენს საქმიანობაში, რომელიც მართლაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. გარდა მართვისა და მენეჯერული უნარებისა, აქ სპეციფიკური საარჩევნო სფეროს ძირეული ცოდნაცაა მნიშვნელოვანი. მე ვიცნობდი ამ საქმეს, მის სპეციფიკას, და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.
დასახული მიზნების მისაღწევად გქონდათ კონკრეტული გეგმა, როცა ამ პოზიციაზე მოდიოდით?
ამ პოზიციის დაკავება გამოწვევად მივიღე და ცხადია, ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებდა ჩემი მხრიდან, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლარიზებულ გარემოში გვიწევდა არჩევნების ჩატარება. მე მქონდა მკაფიო ხედვა, როგორ უნდა მომხდარიყო საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარება ტრანსფორმაციის გზით. ეს მოიცავდა სამ მნიშვნელოვან საკვანძო მიმართულებას: მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტის დადგენას და ყველა კარის მეტად გახსნას, რომელიც უზრუნველყოფდა ამ გამჭვირვალობას; მეორე მიმართულება იყო უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება ამომრჩევლებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ არა მხოლოდ კენჭისყრის დროს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც. მესამე კომპონენტი კი გახლავთ ინკლუზიურობის გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩართული ყოფილიყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის − არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური გაერთიანებები. ყოველივე ეს იმისათვის, რათა მოგვესმინა მათი მიგნებები, შეფასებები, გამოცდილება, და ამ გზით საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ჯანსაღი და სრულფასოვანი გაგვეხადა. შევეცადეთ, სამივე კომპონენტში გვქონოდა პროგრესი და ამის დადასტურებაა ის საქმიანობა, რომელიც ახალი მენეჯმენტის პირობებში განახორციელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
თქვენ როგორ შეაფასებთ ბოლო არჩევნების პროცესს?
საკუთარ უწყებაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ დავესესხები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შეხედულებებს, რომელთაც პოზიტიურ ჭრილში შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა. ვფიქრობ, უახლესი არჩევნების ისტორიაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამერიკის საელჩომ ყველა საარჩევნო მუშაკს გადაუხადა მადლობა გაწეული საქმიანობისთვის, ანალოგიური შეფასებები მივიღეთ ევროპარლამენტარებისგან, ბრიტანეთის საელჩოსგან, ეუთოსგან, ადგილობრივი ორგანიზაციებისგან. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, ასეთ შემთხვევებში ადეკვატური და ოპერატიული რეაგირება მოგვეხდინა. მომავალში კი, ამ გამოცდილებას მსგავსი ტიპის ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, მათი პრევენციისთვის გამოვიყენებთ. წინ მეორე ტურია, მნიშვნელოვანი სამზადისი გვაქვს და ვიმედოვნებ, არჩევნების მეორე ტურიც მაღალ შეფასებებს დაიმსახურებს.
დღესდღეობით, თანამედროვე საზოგადოებას ერთი დიდი გამოწვევა აქვს − დეზინფორმაცია და მასთან გამკლავება. ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია ცესკოსთვის. როგორ და რა საშუალებებით უპირისპირდებით ამ მოვლენას?
სწორად აღნიშნეთ − ეს არის 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის, ასევე კერძო ორგანიზაციებისთვის. დამახინჯებული სახით ინფორმაციის გავრცელება შეიძლება დიდი ზიანის მომტანი იყოს ორგანიზაციისთვის. არასწორი ინფორმაციის გავრცელება, დისკრედიტაცია, სიძულვილის ენის გამოყენება − ის საკითხებია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ახლაც გვქონდა არაერთი შემთხვევა. ჩვენ შევეცადეთ, ამ გამოწვევაზე გვქონოდა ადეკვატური რეაქცია, რა მიზნითაც, არჩევნებამდე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საპილოტე რეჟიმში, ჩამოვაყალიბეთ ინფორმაციის დაცულობის ცენტრი. თხუთმეტი ოპერატორი 24 სთ-იან რეჟიმში ახორციელებდა მონიტორინგს და ავლენდა არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის შემთხვევებს. მათი გაანალიზების შემდეგ ყოველკვირეულად ვაწვდიდით საზოგადოებას რეალურ, ობიექტურ ინფორმაციას. ვახდენდით ჯერ ფაქტების კონსტატაციას, თუ რომელი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ხოლო შემდეგ ვაწვდიდით სწორ, რეალურ ცნობას იმავე თემაზე. ამით ვიცავდით ჩვენს ამომრჩევლებს ცრუ ინფორმაციის მიღებისგან, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისგან და ვაზღვევდით საარჩევნო გარემოს, საარჩევნო ადმინისტრაციას და ჩვენს რეპუტაციას. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ახლაც მუშაობს, არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტია და ახლა ვფიქრობთ, ფუნქციონირების რა ფორმატში შეიძლება მოვაქციოთ საბოლოოდ, რათა საპილოტედან მუდმივმოქმედ ან პერიოდულად, საჭიროებისამებრ მოქმედ რეჟიმში გადავიყვანოთ.
გიორგი, თქვენი ახალი სამსახურებრივი პოზიცია ალბათ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახისთვისაც იქნებოდა გარკვეული გამოწვევა, ასეა? მეუღლემ რამდენად დაგიჭირათ მხარი ამ გადაწყვეტილებაში?
მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ კონკურსში მონაწილეობას ვაპირებდი, უპირველესად, ოჯახი და უახლოესი ადამიანები დამიდგნენ გვერდით. თუმცა, მართალს ბრძანებთ − ეს ახალი რეალობა ოჯახისთვისაც გამოწვევაა. დროის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული ვართ მეც და ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი, და კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ მნიშვნელოვან დროს ვაკლებთ ჩვენს ოჯახებს, მეუღლეებს, შვილებს, ვთმობთ მათთან ყოფნის საათებს, დღეებს. ოჯახის წევრებს ჩემთან კომუნიკაციის დიდი დეფიციტი აქვთ, და მეც, თავისთავად.
ჩვენს მკითხველს თქვენი ოჯახი გააცანით. მოგვიყევით მეუღლეზე და შვილებზე.
მეუღლე და ორი ვაჟი მყავს, 4 და 5 წლის − გუკა და დათა. ოჯახი ყველაზე დიდი პრიორიტეტია ჩემთვის, როგორც ალბათ ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, საარჩევნო პერიოდი ჩვენი ურთიერთობის დიდ დეფიციტს ქმნის. ეს კარგად ესმის ჩემს ოჯახს და ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი თანადგომა და გაგება. ჩემი მეუღლე − სალომე ჩიკვილაძე ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, თავდაუზოგავი და ერთგული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, მაინც ორიენტირებული ვართ ოჯახზე, ერთად ყოფნაზე, ბავშვების განვითარებაზე. ბიჭები ძალიან აქტიურები და დამოუკიდებლები არიან, უყვართ სპორტი. მეც ვცდილობ, დავაინტერესო, მაგრამ პანდემია გვიშლის ხელს, რომ უფრო მეტად იყვნენ დაკავებული სპორტით.
სპორტის რომელი სახეობით არიან გატაცებული ბავშვები? თავად თქვენ ხართ სპორტის მოყვარული და მიმდევარი?
უფროსს ძალიან მოსწონს კარატე და დადის კიდეც კარატეს წრეზე. მოსწონს კრივი − ეს ალბათ, ჩემი გავლენით. მე თავად, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, კრივით დავკავდე, რაც ჩემთვის სტრესის მოხსნისა და ენერგიის განახლების ძალიან კარგი საშუალებაა. კრივი კარგად გამომდის და მიყვარს, მაგრამ შესაძლებლობები და სურვილები სამოყვარულო დონეს არ სცდება. თუმცა, უკვე 4-5 თვეა ვერ მოვიცალე, რომ ვივარჯიშო. ბავშვებს ასევე მოსწონთ რაგბი, ქართული ცეკვა და ჩვენც ვცდილობთ, შევაყვაროთ.
სტუმრიანი ოჯახი გვაქვს. ძალიან გვიყვარს სტუმრები და ძირითადად, ჩვენთან შინ, სუფრასთან ვიკრიბებით ხოლმე ახლობლები და მეგობრები. ამ პანდემიის პირობებში ცოტა გვიჭირს, მაგრამ მაინც ვახერხებთ ამ ყველაფრის შეთავსებას.
როგორი მამა ხართ? მეგობრობთ შვილებთან?
ბავშვებს ძალიან უყვართ ჩემთან ყოფნა, ვმეგობრობთ და კარგად ვერთობით ხოლმე ერთად. დროის სიმცირის გამო, მუდამ ვცდილობ, თუ საღამოს დაძინებამდე მივუსწარი, მაქსიმალურად ვეთამაშო, ველაპარაკო, ვეურთიერთო. გვიყვარს ერთად სეირნობა, თუ ამის დრო გვაქვს. როცა შემიძლია, ვცდილობ, ბავშვები გამოვარიდო ხოლმე ჩემს მეუღლეს, რომ შეძლოს და საკუთარ თავს დრო დაუთმოს, რადგან ძირითადად, ის არის ბავშვებთან. ბიჭები ხშირად მიმყავს ეკლესიაში, მათაც ძალიან უყვართ იქ წასვლა. რამდენიმე ეკლესია გვაქვს გამორჩეული, სადაც სიამოვნებით მივდივართ ხოლმე. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ბავშვობიდანვე რწმენის აღქმა და თავისებური ფაქიზი ემოციები აქვთ რელიგიის მიმართ.
ზოგადად, ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, სპონტანურად ვიღებთ ხოლმე განტვირთვისა და დასვენების გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, დრო როგორ გამოგვიჩნდება. ისეც მომხდარა, რომ წინა საღამოს გადაგვიწყვეტია და მეორე დღეს წავსულვართ 2-3 დღით დასასვენებლად. გასულ წელს ასე, დაუგეგმავად წავედით სტამბოლში. სხვათა შორის, ამ სპონტანურობასაც თავისებური ხიბლი აქვს. საბოლოოდ, ასე გამოვიდა, რომ ოჯახიც ჩემს გრაფიკზე გადმოეწყო.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი