ჟურნალი OK! გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში 25 წელზე მეტია წარმატებით ეწევა ბიზნესსაქმიანობას და საზოგადოებას ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 1997 წლიდან უარი თქვა სტერეოტიპებზე და მუდმივად ცდილობს, ქალებს მოტივაცია მისცეს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ და მათთვის დაუძლეველი და შეუძლებელი არაფერია. მაშ ასე, გაიცანით მაია ურუშაძე, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს თავისი საქმიანობისა და განვლილი გზის შესახებ.
გვიამბეთ თქვენს ბიზნესზე. რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე და როგორ შეინარჩუნეთ ის ხარისხი, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობთ?
უკვე მრავალი წელია მაქვს საკუთარი ბიზნესი, რაც მოიცავს „ავეჯის სახლი მაიას“ ქსელს, კერძოდ, თურქულ ხაზს და აუთლეტსივრცეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიმართულებით.
თავდაპირველად ყველაზე რთული ალბათ ის იყო, რომ წარმოუდგენელი ეგონათ, ქალს საკუთარ თავზე აეღო ბიზნესის წარმოება და წარმატებით გასძღოლოდა საქმიანობას. ჩემს შემთხვევაში ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, რაშიც ყველაზე მეტად ჩემი ლოიალური მომხმარებელი დამეხმარა.
რა არის თქვენი წარმატების მთავარი ფორმულა?
ჩემი წარმატების ფორმულა ჩემი შვილებია, ისინი ახლა დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თუმცა მათი სიყვარული დამეხმარა ვყოფილიყავი ძლიერი დედა და ძლიერი ქალი ყველა საქმესა თუ გამოწვევაში.
თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, თუმცა თავისუფალ დროსაც ვცდილობ საქმე ვაკეთო, ასევე, ძალიან მსიამოვნებს სამზარეულოში ფუსფუსი და ჩემი შვილებისთვის გემრიელი კერძების მომზადება. შეიძლება ითქვას, ჩემთვის დასვენება საქმის კეთებაა.
რა არის თქვენი შეუპოვრობის მთავარი მიზეზი?
მუდმივი ბრძოლის მიზეზი არიან შვილები და დაუცხრომელი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ. აქტიურად ვიყენებ სოციალურ არხებს სხვადასხვა სასარგებლო რჩევების გასაზიარებლად, იქნება ეს საყოფაცხოვრებო თუ ბიზნესსაქმიანობის მიმართულებით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო მიზნები უკავშირდება ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას და მეტი სიახლის დანერგვას საქართველოს ერთ-ერთ პოზიტიურ და ენერგიულ რეგიონში.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე