ამბობს, რომ ადამიანების სიყვარული მისი ინსპირაციის მუდმივი წყაროა, რომელიც ყოველთვის აძლევს ძალას, მთელი შემართებით აკეთოს საყვარელი საქმე და დაუღალავად იდგეს საზოგადოების სამსახურში. არასდროს უშინდება გამოწვევებს, რადგან იცის, რომ ყველა წაგება, რომელიც შეიძლება ახლდეს ამა თუ იმ საქმეს, არის გამოცდილება, რომელიც მომავალში უფრო ძლიერ ადამიანად და პროფესიონალად გაქცევს. „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან გაეცანით უძრავი ქონების რეალიზაციის მართვის კომპანია JMC-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, წარმატებული ქალი მენეჯერის, ჯეირან მოწყობილის პროფესიული განვითარების ეტაპებს, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მის არაერთ წარმატებას და სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებს ეხება.
როგორ დაიწყო თქვენი კავშირი უძრავი ქონების სფეროსთან და როგორი იყო განვითარების ეტაპები?
ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი, თუმცა, როგორც ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი კავშირი უძრავი ქონების სფეროსთან 2018 წელს დაიწყო და საბოლოოდ ისე განვითარდა, რომ 2019 წელს თანადამფუძნებლებთან ერთად შევქმენით უძრავი ქონების რეალიზაციის მართვის კომპანია – 4sales company. ჩვენმა გუნდმა შეძლო 15 ექსკლუზიური პროექტის მართვა/რეალიზაცია. დღეს კომპანია საქმიანობას JMC-ის სახელით აგრძელებს, როგორც აჭარაში, ასევე თბილისსა და რუსთავში.
ხართ კომპანია JMC-ის დამფუძნებელი და დირექტორი. უფრო დეტალურად მოგვიყევით კომპანიაზე, სერვისებზე…
ჩვენი მომსახურებით, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობა განიხილება ექსკლუზიური ხელშეკრულებით, რაც მოიცავს: პროექტის კონცეფციის დამუშავებას, რეალიზაციისა და მარკეტინგის გეგმის შემუშავებასა და მიმდინარე პროცესის მართვას, გაყიდვების გუნდის ფორმირებასა და მართვას, გარე გაყიდვების (ბროკერები, სააგენტოები, რეალტორები) მონაწილეობის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა ბაზების ფორმირებას და მომხმარებელთა (პოტენციური და დაკონტრაქტებული) პორტფელის მართვას, გაყიდვების ყოველთვიურ ანგარიშსა და მის ანალიზს.
რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას სხვებისგან, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თქვენზე?
საქართველოში, უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორს მიმართულებით რამდენიმე კომპანიაა, თუმცა ვფიქრობ, სულ რამდენიმე წელში, შედეგებიდან გამომდინარე, მაინც შევძელით ვიყოთ კომპანია, რომელსაც დეველოპერები ენდობიან და უწევენ რეკომენდაციას. ჩვენი გუნდის შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რაც 6 წლის განმავლობაში დავაგროვეთ. 2019 წლიდან დღემდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით შეძლო სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული კონცეფციისა და მასშტაბის პროექტების მართვა. მნიშვნელოვანია დეველოპერს სწორად ესმოდეს, რატომ უნდა ანდოს თავისი პროექტის მართვა გამოცდილ აუთსორს კომპანიას, რომელიც სწორად გრძნობს, რა უნდა მომხმარებელს, ადგენს სწორი გაყიდვების სტრატეგიას და აქვს ბევრად მაღალი მოტივაცია, გონივრულ ვადაში, სრული პროექტის რეალიზებისთვის.
ხართ წარმატებული პროფესიაში, გამოიყურებით არაჩვეულებრივად, რა გაძლევთ ძალას, მოტივაციას?
ბავშვობიდან მინდოდა რაღაც ღირებული შემექმნა ადამიანებისთვის. კონკრეტულად არ ვიცოდი, ეს „ჩემი“ რა უნდა ყოფილიყო, თუმცა მუდმივად ვმოძრაობდი, ვვითარდებოდი. რასაც ხელს ვკიდებდი, მასში ჩემს სრულ რესურსს ვდებდი, დაწყებული ჯერ კიდევ სტუნდენტობისას, სუპერმაკეტში კონსულტანტობიდან, 25 წლის ასაკში კომპანიის თანადამფუძნებლობით გაგრძელებული. ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ინსპირაციაა ადამიანების სიყვარული და მათთან ერთად სიცოცხლის შეგრძნება. მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. მიყვარს ჩემი არჩეული საქმე და ვფიქრობ, შემიძლია ვასწავლო ადამიანებს ის, რაც უკვე კარგად ვიცი. მინდა მათთან ერთად გავიზარდო.
რა უნდა გააკეთოს მომხმარებლის კომფორტისთვის გუნდმა, რომ მათი უპირობო ნდობა მოიპოვოს?
უპირობო ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ დეველოპერი რამდენად დაასრულებს პროექტს დათქმულ ვადებში. წარმატებულ საქმეებთან ერთად, მინდა წარუმატებელზეც ვისაუბრო. აჭარაში, 2019 წელს დავიწყეთ დეველოპერულ კომპანია Green Time-თან თანამშრომლობა, თუმცა საბოლოოდ დეველოპერმა ვერ შეძლო აღნიშნული პროექტის დასრულება. მობინადრეებთან ერთად, დაზარალებული აღმოვჩნდით ჩვენც. დღეს ეს პროექტი ისევ დაუსრულებელია და იმედი მაქვს, საბოლოოდ მობინადრეები კუთვნილ ბინებს მიიღებენ. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი პროექტის შერჩევისას გულმოდგინედ ვაკვირდებით, დეტალურად ვიკვლევთ დეველოპერულ კომპანიას და ამის შემდეგ ვიწყებთ პროექტის რეალიზაციაზე მუშაობას. ჩვენი გუნდისთვის, „გაყიდვა“ გრძელვადიანი ურთიერთობაა, რომელსაც საფუძვლად გულწრფელობა და ნდობა უდევს.
იმ განხორციელებულ თუ მომავალში დაგეგმილ პროექტებზე გვესაუბრეთ, რომელიც აჭარას უკავშირდება.
აჭარაში თითქმის 13 პროექტი ვმართეთ. მაგალითად, გონიოში ძალიან წარმატებული გამოდგა პრემიუმ კლასის საინვესტიციო კომპლექსი -NAVI-ის მართვა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში, ჯერ კიდევ პანდემიის დროს საძირკვლიდან დავიწყეთ და დათქმულ ვადებში, 2023 წლის 13 აგვისტოს გავხსენით. ამ პროექტის წარმატება კომპანიის სწორმა და პასუხისმგებლიანმა მიდგომამ განაპირობა. იმთავითვე პროექტი გულისხმობდა ისეთი ხარისხიანი მასალებითა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების მშენებლობას, როგორც საკუთარი სახლის აშენების შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენც სწორად მივყევით დეველოპერს გაყიდვების სტრატეგიით და ერთობლივი ძალისხმევით დღეს ამ პროექტს მრავალი კმაყოფილი ბენეფიციარი ჰყავს, ის გონიოს სანაპიროზე ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო კომპლექსია, რომელსაც წლის ოთხივე სეზონზე შეგიძლიათ ეწვიოთ.
ასევე, ახალი გამოცდილება იყო 2021 წელს დაწყებული პროექტი – Dream Side-ზე მუშაობა, რომელიც ჩაქვში, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. პროექტის რეალიზაციის მართვამ პანდემიის პერიოდში მოგვიწია, თუმცა დღეს წარმატებული 11-სართულიანი, სასტუმროს ტიპის პროექტია ეკოლოგიურ გარემოში, მთისა და ზღვის ხედებით გარშემორტყმული. Dream Side-დან, რამდენიმე მეტრში, „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, მიმდინარეობს მეორე, პრემიუმ კლასის Dream Residence-ის მშენებლობა, რომელიც ასეთივე გამორჩეული პროექტი იქნება ჩაქვის ზღვის სანაპიროზე, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით. ამ პროექტში კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია და ბინას თეთრი კარკასის მდგომარეობაში, 2025 წელს ჩაიბარებთ. თუმცა ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოასწროთ აპარტამენტის შეძენა, ხელსაყრელ ფასად, 16-თვიანი შიდა 0%-იანი განვადებით ან 15 წლამდე საბანკო განვადებით.
ასევე, წარმატებული გამოდგა რამდენიმე საინვესტიციო და საცხოვრებელი პროექტი ბათუმში.
დღეისათვის უფრო გაშლილია ჩვენი საქმიანობის გეოგრაფია და აჭარის გარდა პროექტებს ვმართავთ თბილისსა და რუსთავში. რუსთავის პროექტმა ახალი გამოცდილება შეგვძინა, ექსკლუზიური მართვა ახალი გამოწვევა იყო ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვეული სტრატეგიით შევისწავლეთ უძრავი ქონების ბაზარი, განვსაზღვრეთ გაყიდვების გეგმა და დღეს წარმატებით მიმდინარეობს ამ პროექტის რეალიზაცია.
როგორია თქვენი წილი ბათუმი, რა ემოციებს აღძრავს თქვენში?
ბათუმში არის ადგილები, რომელთა მონახულებისას გული მიჩერდება… ისინი სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში და თითქოს არ გტოვებს, მათთან დაბრუნებას გვაიძულებს… ბათუმი სიმწვანის, სიმყუდროვის და სიყვარულის ემოციას აღძრავს ჩემში. იგი აქტიურად ვითარდება და ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობით ჩვენც შეგვაქვს გარკვეული წვლილი მისი განვითარების პროცესში.
რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ?
ჩემი ძლიერი მხარე განვითარებისკენ მუდმივი მოძრაობის სურვილია. არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. მინდა მეტი და უკეთესი შევძლო, ახალი სირთულეები დავძლიო, ვნახო, რა შემიძლია მე, ჯეირანს, საკუთარი თავისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის.
შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…
უამრავი შთაბეჭდილებაა, რომელიც არ მავიწყდება. პირველი, რაც მახსენდება, 2020 წლის ივნისში რეალიზებული 50 ბინაა, რომელიც გამორჩეული იყო გუნდის ერთობლივი მოტივაციითა და შრომისმოყვარეობით. ყველასთვის რთული პერიოდი იყო. სამშენებლო კომპანიების უმრავლესობამ ოფისებიც კი დაკეტა. როდესაც ხალხი პანდემიის კოშმარიდან გამოდიოდა, ჩვენი გუნდი ასეთ წარმატებულ შედეგებს აღწევდა. დაუვიწყარია ბათუმის გუნდთან ერთად გამოვლილი ისტორიები, ერთად გამკლავებული გამოწვევები, გადალახული სირთულეები, გამარჯვებები და დამარცხებებიც. ერთად გვჯეროდა, ერთად მივდიოდით წინ და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ.
4Sales Company-ის გუნდი – 2023 წლის სექტემბერში, გარკვეულწილად გადავაწყვეთ. აჭარის მასშტაბით შევამცირეთ პროექტები და გუნდის მართვის ფორმა შევცვალეთ. გასული წლის ოქტომბრიდან მე გადმოვედი თბილისში და დავიწყე, პოზიციონირება ახალი სახელწოდებით JMC-ით. როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, დღეს აქტიურად ვმუშაობთ ბათუმში, თბილისსა და რუსთავში. ჩემი მიზანია, შევკრა გუნდი ადამიანებით, რომლებით იქნებიან არა მარტო უძრავი ქონების კონსულტანტები, არამედ პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები, ვისთან ურთიერთობაც მაქსიმალურად კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის. გუნდი, რომელსაც ექნება სურვილი, მოტივაცია, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ ერთად. ამასთან, მინდა ეტაპობრივად განვავითარო კომპანიის ბრენდი, უფრო ახლოს გავაცნო ჩვენი მომსახურება საზოგადოებას და მიმდინარე წლის ბოლომდე 5 ექსკლუზიური პროექტი ვმართოთ.